Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-93-63-კს-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: განჩინების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 29 დეკემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს/ს “ვ-მ” ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება ძირითადი თანხით 16602 ლარი, საურავი 6973 ლარი, მთლიანად 23575 ლარის ოდენობით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო იმით, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 4 სექტემბრის ¹888 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დროებითი დებულების 66-ე, 68-ე მუხლების თანახმად არასახელმწიფო ფორმირებაზე დამყარებული საწარმოების ბალანსებზე სახელმწიფო საწარმოების სასარგებლოდ რიცხული ხანდაზმული (ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის) კრედიტორული დავალიანების თანხები ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ აქტის საფუძველზე მოხდა არასახელმწიფო ორგანიზაციის (სახელმწიფო კონცერნი სს “ვ.”) სასარგებლოდ რიცხული 16602 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოწერა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ვ-მ” და მოითხოვა რა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი მიუთითებდა, რომ სს “თ-ში” ჩატარებული შემოწმების მომენტისათვის – 1996წ. 13 ნოემბრისათვის “ვ.” წარმოადგენდა სს (რეგისტრირებული იქნა 1996წ. 26 ივლისს) და მასზე ზემოთ მითითებული დროებითი დებულების მოქმედება აღარ ვრცელდებოდა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაერიცხა აღნიშნული თანხა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყვიტა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 16602 ლარი ჩამოწერილი იქნა სს “თ-ის”, მაშინდელი შპს “თ-ის” ანგარიშიდან. ამ თანხის მესაკუთრე “თ-ი” იყო, მისი ჩამოწერით ზიანი სს-ს მიადგა და შესაბამისად, მოცემულ დავაში ფინანსთა სამინისტროს მიმართ სათანადო მოსარჩელეს სწორედ სს “თ-ი” და არა სს “ვ.” წარმოადგენდა. ის გარემოება, რომ ეს თანხა სს “ვ-ს” დავალიანების გასასტუმრებლად იყო განკუთვნილი არ ცვლიდა სს “თ-ის”, როგორც საქართევლოს ფინანსთა სამინისტროსგან ზარალის მოთხოვნისათვის უფლებამოსილი პირის სტატუსს და სსკ-ს 84-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატიმ სს “ვ-ს”, როგორც არასათანადო მოსარჩელეს შესთავაზა შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით სს “თ-ით”.

თავდაპირველი მოსარჩელის ამგვარი თანხმობის მიუხედავად, სს “თ-მა” უარი განაცხადა საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმაზე, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ საქმის წარმოება შეწყვიტა.

სს “ვ-მ” კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში, საქმის წარმოების განახლება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: განჩინებაში მოყვანილი გარემოება სს “ვ-ს” არასათანადო მოსარჩელედ ცნობის შესახებ არ იყო მართებული, რადგანაც მართალია სადავო თანხა ირიცხებოდა სს “თ-ის” ანგარიშზე, მაგრამ იგი ეკუთვნოდა სს “ვ-ს” და სს “თ-ი” არ იყო მისი მესაკუთრე, როგორც ეს მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ. გარდა ამისა, თანხის ჩამოწერით ზიანი მიადგა სს “ვ-ს”, რადგანაც ჩამოწერილი თანხა განკუთვნილი იყო მისი დავალიანების გასასტუმრებლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 15 მაისის განჩინებით სს “ვ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართევლოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის მოტივების, შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ვ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სს “ვ.” კერძო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინების საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ მოტივით რომ სასამართლომ იგი არასწორად მიიჩნია არასათანადო მოსარჩელედ, რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან სს “ვ.” არასათანადო მოსარჩელედ ცნობილი იქნა 2002წ. 20 სექტემბრის საოქმო განჩინებით და იგი საქმეში ჩართული იქნა მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილის შესაბამისად და სასამართლომ შესთავაზა სს “ვ-ს” შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით _ სს “თ-ით”, რაზეც თავდაპირველმა მოსარჩელემ თანხმობა გამოთქვა. სასამართლომ სს “თ-ს” შესთავაზა საქმეში მოსარჩელედ ჩაბმა. სს “თ-ის” დირექტორმა საკითხის გადასაწყვეტად მოითხოვა დრო რათა პოზიცია შეეთანხმებინა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან, რის გამოც საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადაიდო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სს “ვ.” წინააღმდეგი იყო სათანადო მოსარჩელით (სს “თ-ის) შეცვლაზე, ან მან აღნიშნული გამო შენიშვნები გააკეთა სხდომის ოქმზე. აქედან გამომდინარე უსაფუძვლოა სს “ვ-ის” მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გაუქმების შესახებ, სასამართლოს მიერ მისი არასათანადო მოსარჩელედ არასწორად მიჩნევის მოტივით, ვინაიდან იგი სასამართლოს არასათანადო მოსარჩელედ 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებაზე არ მიუჩნევია.

სს “ვ.” 2002წ. 20 სექტემბერს სხდომაზე დაეთანხმა რა სასამართლოს შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით, მან ფაქტობრივად უარი განაცხადა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე.

2002წ. 27 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სათანადო მოსარჩელემ, სს “თ-მა” უარი განაცხადა რა ჩანაცვლებოდა არასათანადო მოსარჩელეს სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა საქართევლოს სსკ-ს 84-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქმის წარმოება შეწყვიტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 84-ე და 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ვ-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება;

3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.