საქმე №ა-4723-შ-112-2020 15 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ო.მ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ო.მ–ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ გადასახადებისაგან თავის არიდებაში მოგებისა და შემოსავლის შემცირების გზით რამაც გამოიწვია ზარალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ამავე განაჩენით ო.მ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი გადასახადებისა და მოსაკრებელის გადახდა 23 627 640 რუბლის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის – 1 181 380 რუბლის ოდენობით.
ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება გადაუხდელი გადასახადებისა და მოსაკრებელის – 2362 რუბლისა და 76 კაპიკის (დენომინაციის გათვალისწინებით) და სახელმწიფო ბაჟის – 118 რუბლისა და 14 კაპიკის (დენომინაციის გათვალისწინებით) დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 13 ივნისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაუხდელი გადასახადების, მოსაკრებელისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ო.მ–ძეს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაუხდელი გადასახადების, მოსაკრებელისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ო.მ–ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ გადასახადებისაგან თავის არიდებაში მოგებისა და შემოსავლის შემცირების გზით რამაც გამოიწვია ზარალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ამავე განაჩენით ო.მ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი გადასახადებისა და მოსაკრებელის გადახდა 23 627 640 რუბლის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის – 1 181 380 რუბლის ოდენობით.
ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება გადაუხდელი გადასახადებისა და მოსაკრებელის – 2362 რუბლისა და 76 კაპიკის (დენომინაციის გათვალისწინებით) და სახელმწიფო ბაჟის – 118 რუბლისა და 14 კაპიკის (დენომინაციის გათვალისწინებით) დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 13 ივნისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენი გადაუხდელი გადასახადების, მოსაკრებელისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაუხდელი გადასახადების, მოსაკრებელისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც ო.მ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი გადასახადებისა და მოსაკრებელის გადახდა 2362 რუბლისა და 76 კაპიკის (დენომინაციის გათვალისწინებით) და სახელმწიფო ბაჟის – 118 რუბლისა და 14 კაპიკის (დენომინაციის გათვალისწინებით) ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი