Facebook Twitter

საქმე №ას-197-2021 15 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სარჩო-ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ.ლ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. (შემდგომ – მოსარჩელის მეუღლე), ო. (შემდგომ – მოპასუხე) და გ.ბ–ძეების (შემდგომ – აპელანტი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე მ. და ო. ბ–ეებს შორის 2015 წლის 16 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების 1/2 ნაწილში, ო. და გ.ბ–ძეებს შორის 2017 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში; სადავო უძრავ ქონებაზე 1/2 ნაწილში მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა, მ. ბ–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩო-ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარი გადახდა მის გამოჯანრმთელებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლის 29 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად შეირთო მ. ბ–ე, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი.

3. 2008 წლის 10 ივლისს საერთო დანაზოგით – 23 200 ლარად შეიძინეს 1200 კვ.მ მიწა, რომელიც აღირიცხა მოსარჩელის მეუღლის სახელზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მათ დაიწყეს სახლის მშენებლობა, რომელიც დაასრულეს 2010 წლის ოქტომბერში. მოსარჩელე იმ პერიოდში დაავადდა მძიმე სენით, მისმა მეუღლემ უარი განაცხადა მის მოვლა-პატრონობაზე.

4. 2016 წლის 23 ივნისს მან სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება მისმა მეუღლემ აჩუქა მამას – მოპასუხე ო. ბ–ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა 2017 წლის 18 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მისი ცოლის ძმაზე – გ.ბ–ძეზე.

5. მოსარჩელის განმარტებით, ჩუქება ნამდვილი არაა. იგი ემსახურება იმ მიზანს, რომ მოსარჩელემ არ მიიღოს საკუთარი წილი საკუთრება. სადავო ქონების 1/2 ნაწილი ეკუთვნის მოსარჩელეს.

6. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ – 2010 წლის დეკემბერში, მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში, დაავადდა მძიმე სენით, თავის ტვინის სიმსივნით, რის გამოც გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი და დღემდე მძიმე ავადმყოფია, ესაჭიროება მომვლელი და მზურნველი, დაავადების შედეგად თითქმის მთლიანად წაერთვა მხედველობა. მკურნალობისათვის ესაჭიროება თანხა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მოსარჩელის მეუღლემ მიუთითა, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ აღიარების საფუძველი არ არსებობს. სადავო ქონება რეალურად არასოდეს არ ყოფილა არც მოსარჩელის და არც მოპასუხის საკუთრება, რადგან ეკუთვნოდა მამამისს. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეების არ მუშაობდნენ და რაიმე შემოსავალი არ ჰქონდათ.

8. რაც შეეხება სარჩო-ალიმენტის დაკისრებას, მოსარჩელის მეუღლემ განმარტა, რომ მუდმივი საარსებო წყარო არ გააჩნია, აგრეთვე, უვლის მათ საერთო მცირეწლოვან შვილს, რომლის სასარგებლოდაც მოსარჩელე უარს აცხადებს ალიმენტის გადახდაზე, არ ნახულობს შვილს, შესაბამისად მოსარჩელის მიერ ყოფილი მეუღლისაგან ყოველთვიურად თანხის გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

9. სარჩელს არ დაეთანხმდნენ არც დანარჩენი მოპასუხეები და მიუთითეს, რომ სადავო გარიგებების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო გარიგებები ცნობილ იქნა ბათილად ½ ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში სადავო ქონება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აპელანტი მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 7 დღით და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში განეხორციელებინა შემდეგი მოქმედებები: გადაეხადა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი 750 ლარის ოდენობით და წარმოედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედნის სახით) სააპელაციო სასამართლოში. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი აღარ მიიღება და დარჩებოდა განუხილველად.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს/მის წარმომადგენელს სასამართლო გზავნილი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ) გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 71-ე მუხლის თანახმად, ჩაბარდა წარმომადგენლის თანამშრომელს 2020 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტს არ გამოუსწორებია.

14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება 2020 წლის 9 ოქტომბრიდან, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შვიდღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2020 წლის 10 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2020 წლის 16 ოქტომბერს (პარასკევი).

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე განჩინების მიღების დროისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების, ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის მოთხოვნით მხარეს არ წარმოუდგენია.

16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არ წარადგინა მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, არც რაიმე დასაბუთებული შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსადმი არ მიუმართავს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

17. სსსკ-ის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 750 ლარი, რაც კანონის ზემოთ მითითებული ნორმისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაუბრუნდა აპელანტს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

19. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო გზავნილი ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ჩაბარების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, ვინაიდან არ დგინდება, კონკრეტულად ვინ ჩაიბარა გზავნილი. სასამართლომ მხოლოდ ის მიუთითა, რომ ჩამბარებელი პირი იყო წარმომადგენლის თანამშრომელი. 2020 წლის 7 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, 8 ოქტომბერს დაუდასტურდა კორონა ვირუსი, რის შედეგადაც გადავიდა თვითიზოლაციაში 2020 წლის 21 ოქტომბრამდე. შესაბამისად, სადავო განჩინება აპელანტის წარმომადგენელს არ ჩაბარებია.

20. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ ჩათვლა, რადგან კორონავირუსით გამოწვეული დაავადება მსოფლიო ეპიდემიაა და თვითიზოლაციის დარღვევა იწვევს არამარტო კორონა ვირუსით დაავადებულთა სიცოცხლის საფრთხეს, არამედ სხვათა მიმართაც. ამასთან, სადავო გზავნილის შესახებ ცნობილი არ იყო არც თავად მხარისათვის. იგი პენსიონერია და დამატებითი დრო ესაჭიროებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 750 ლარის გადასახდელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

23. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

24. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

25. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

26. სააპელაციო პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და მხარეს მიეცა დამატებით 10 დღე.

27. აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა 37 500 ლარით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 750 ლარით განსაზღვრა, რაც მის მიერ უკვე გადახდილ და წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოსათვის.

28. სააპელაციო პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აპელანტი მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა კიდევ 7 დღით და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადაეხადა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი – 750 ლარი და წარმოედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედნის სახით) სააპელაციო სასამართლოში. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი აღარ მიიღება და დარჩებოდა განუხილველად.

29. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება გაეგზავნა აპელანტი მოპასუხის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა თანამშრომელს, რომელმაც შეტყობინების ბარათზე დააფიქსირა საკუთარი პირადი ნომერიც (ტომი 4, ს.ფ 72).

30. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

31. დასახელებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი.

32. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

33. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

34. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მხარის მისამართის მითითებისას ამ უკანასკნელმა უნდა გაითვალისწინოს ის რისკი, თუ ვის ჩაბარდება აღნიშნულ მისამართზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები ადრესატის არყოფნის შემთხვევაში.

36. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოს განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით .

37. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

38. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად აითვალა ხარვეზის შესავსებად მხარისათვის მიცემული საპროცესო 7-დღიანი ვადა 2020 წლის 9 ოქტომბრიდან და მიიჩნია, რომ აღნიშნული ვადა ამოიწურა ამავე წლის 16 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტ მოპასუხეს სრულიად გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად (27 დღე) და საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. მიუხედავად ამისა, მხარემ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოასწორა.

40. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არსებობდა საპატიო გარემოება – აპელანტის წარმომადგენლის ავადმყოფობა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ მიმართა სააპელაციო პალატას. იმ პირობებში, როდესაც ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, ასევე დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მას არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით დაუბრკოლებლად შეეძლო ეცნობებინა უშუალოდ მხარისათვის არსებული საპროცესო ვადისა და დადგენილი ხარვეზის შესახებ. წინამდებარე კერძო საჩივრიდან არ ირკვევა, რა მიზეზით ვერ განხორციელდა აღნიშნული და რამ შეუშალა ხელი თავად მხარეს, მიემართა სააპელაციო პალატისათვის მისთვის დადგენილ 7-დღიან ვადაში და, თუნდაც კიდევ ერთხელ მოეთხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.

41. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება სააპელაციო პალატის მიერ აპელანტი მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის შემცირებასთან დაკავშირებით.

42. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

43. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

45. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

46. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

47. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

48. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).

51. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების წინაპირობების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.

52. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე