Facebook Twitter

საქმე №ა-1318-ა-3-2021 19 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.მ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ე.მ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ 80 809.60 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დაწესებულება) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 928.98 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. 2021 წლის 18 მარტს, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი მარტის განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, განმცხადებელს ხარვეზის სახით განესაზღვრა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების სასამართლოსთვის წარმოდგენა.

8. 2021 წლის 12 აპრილს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შევსების ფარგლებში განცხადებით მომართა კასატორმა შემდეგი დასაბუთებით:

8.1. განმცხადებლის მითითებით, სადავო განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველია სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. მისი მტკიცებით, საკასაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო 2021 წლის 28 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების თაობაზე საქმეში დაცულ დოკუმენტს, ვინაიდან მითითებული განჩინება განმცხადებლის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში რეგისტრირებულია 2021 წლის პირველ თებერვალს. ამ გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა განცხადებას დაურთო საინფორმაციო ბარათის ამონაწერი ორგანიზაციის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემიდან. განმცხადებელი მითითებულ გარემოებასა და წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის დაცვით წარადგინა სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების კანონისმიერი წესი, რამდენადაც 2021 წლის 28 იანვარს კასატორს სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ჩაჰბარებია სსსკ-ის 73 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული წესის დაცვით. განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოთავსებულ იქნა წერილებისა და განცხადებების განხილვის ყუთში, შესაბამისად, დოკუმენტის ჩაბარება დადასტურებული არ არის არც უწყების მიმღების ხელმოწერით და სასამართლოს გზავნილი არც ორგანიზაციის უფლებამოსილი პირს არ გადასცემია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ იკვეთება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია) განსაზღვრული წინაპირობა, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტის სიყალბე უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, განმცხადებელს კი, არათუ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის, არამედ წარმოდგენილი განცხადება საერთოდ არ შეიცავს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების თაობაზე არგუმენტირებულ სამართლებრივ მსჯელობას. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი დაწესებულების საქმის წარმოების პროგრამაში დარეგისტრირდა 2021 წლის პირველ თებერვალს, ვერ აქარწყლებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აპლანტისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია აპელანტის განკარგვის სფეროში არსებულ საფოსტო ყუთში 2021 წლის 28 იანვარს განათავსა კურიერმა. ამ გარემოების წინააღმდეგ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას, შესაბამისად, განმცხადებლის აპელირება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონტექსტში დოკუმენტის სიყალბეზე, დაუსაბუთებელია.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების აპელანტისათვის კანონის დარღვევით ჩაბარების თაობაზე განმცხადებლის მსჯელობასაც.

საქმეში დაცული საფოსტო უკუგზავნილითა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების ამსახველი ელექტრონული ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კურიერმა 2021 წლის 28 იანვარს აპელანტი დაწესებულების საფოსტო ყუთში განათავსა. გასათვალისწინებელია, რომ განმცხადებელი თავადვე განმარტავს საფოსტო ყუთის დანიშნულებას და მისდამი კუთვნილების ფაქტსაც ადასტურებს, კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, საფოსტო ყუთი განკუთვნილია წერილებისა და განცხადებების განხილვისათვის, რაც, თავის მხრივ, ცხადყოფს, დაწესებულების მიერ მის გამოყენებას სამართლებრივი მნიშვნელობის კორესპონდენციის მიღების ფუნქციით. საკასაციო პალატის განმარტებით, ამ შემთხვევაში საფოსტო ყუთი განიხილება ორგანიზაციის კანცელარიის კონტროლს დაქვემდებარებულ საშუალებად, რომლის მეშვეობითაც დაწესებულების კანცელარია იღებს კორესპონდენციას და შემდგომ არეგისტრირებს საქმის წარმოების პროგრამაში. საკასაციო პალატის განსჯით, საფოსტო ყუთში განთავსებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება საქმის წარმოების პროგრამაში რეგისტრაციის გზით ან/და ამგვარი რეაგირების დაყოვნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები დაწესებულების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. განსახილველ შემთხვევაშიც, 2021 წლის 28 იანვარს დაწესებულების საფოსტო ყუთში განთავსებული სასამართლო გზავნილის 28 იანვრიდან პირველ თებერვლამდე დაყოვნების სამართლებრივ შედეგებზე სწორედ დაწესებულებაა პასუხისმგებელი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საფოსტო ყუთში განთავსებულ სააპელაციო სასამართლოს გზავნილის საფუძველზე შეიტანა კასატორმა საკასაციო საჩივარი სასამართლოში, ისე რომ მას სადავოდ არ გაუხდია სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტი, რაც ასევე მოწმობს კასატორის მიერ საფოსტო ყუთის, მათ შორის - სასამართლო გზავნილის მისაღებად გამოყენებას. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ორგანიზაციის საფოსტო ყუთში სასამართლო გზავნილის მოთავსება სამართლებრივი მნიშვნელობით უტოლდება კორესპონდენციის დაწესებულების კანცელარიისთვის ჩაბარების აქტს და ამდენად, აპელანტისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დროს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ცვლის არსებულ სამართლებრივ სურათს და შესაბამისი მტკიცებულება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეც რომ წარმოედგინა მხარეს, დავის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამ გარემოებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მხოლოდ დოკუმენტის სიყალბეზე საკანონმდებლო ნორმის მითითებით შემოიფარგლა, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივი საფუძვლები ფორმალური თვალსაზრისითაც არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, რაც განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 423-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადება დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: გ. მიქაუტაძე