საქმე №ას-492-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - დ., რ. და ბ. ს–ეები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ა–ძე, ლ.ლ–ძე, ო.ლ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ა–ძის, ლ.ლ–ძისა და ო.ლ–ძის (შემდგომში „მოპასუხეები“) საკუთრებაშია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე .... სახლი N6, ბინა 41 (საკადასტრო კოდი ......) (შემდგომში „სადავო ბინა“, „სადავო ქონება“ ან „სადავო უძრავი ქონება“.
2. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის N197 დადგენილებისა და შუახევის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ნოემბრის N298 გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო ქონებას 1989 წლიდან ფლობენ დ., რ. და ბ. ს–ეები (შემდგომში „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“). მათ, როგორც ხულოს რაიონში სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, ნება დაერთო ხულოს რაიონიდან საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ....... ...... კუთვნილ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში.
3. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით გარდაბნის რაიონის სოფელ ....... ტერიტორიაზე თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწიდან გამოიყო 20 ჰა მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა. ამავე ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 20 ოქტომბრის N508 დადგენილება გარდაბნის რაიონის კრწანისის სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობიდან აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული მოსახლეობისათვის 20 ჰა მიწის გამოყოფის შესახებ და ეს მიწის ფართობი დაუბრუნდა კრწანისის სასწავლო მეურნეობას და გაიცა იჯარით გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ.
4. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ს–ის სარჩელი გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ ო.ლ–ძის სახელზე 1996 წლის 19 დეკემბერს გაცემული N93 ბინის ორდერის ბათილად ცნობისა და ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ. დაკმაყოფილდა ..... შეგებებული სარჩელი სადავო უძრავი ქონებიდან რ. ს–ის და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლებისა და მათთვის დროებით სარგებლობაში ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში ფართის მიცემის შესახებ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 10 აპრილის განჩინებით შეიცვალა გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დადგინდა სადავო ბინიდან რ. ს–ის ოჯახის გამოსახლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა მათთვის საცხოვრებელი სახლის აშენებას.
6. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით რ. ს.ის, ზ. ს–ისა და სხვათა N3ბ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის 1979 განკარგულების „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიემართა 800 000 ლარი სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით.
7. 2017 წლის აგვისტოში მოსარჩელეთა ოჯახმა კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან მიიღო 50 000 ლარი.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება. გადაწყვტილება შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
9. სადავო ბინაში ცხოვრებისას მოსარჩელეებმა ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, რომელთა შედეგად ბინის საყოფაცხოვრებო დანიშნულება გაუმჯობესდა და საბაზრო ღირებულება გაიზარდა.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... მდებარე 4000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკ.კოდი: .....) რეგისტრირებულია მოსარჩელეთა თანასაკუთრებად.
11. 2000 წლის 20 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოსარჩელე რ.ს–ეს, როგორც ეკომიგრანტს, სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთის გადასცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკ. კოდი: .....).
12. მოსარჩელეთა მოთხოვნა
12.1. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვეს სადავო უძრავ ქონებაზე გაწეული ბინის გაუმჯობესების ხარჯის, 23 779 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება.
12.2. მოსარჩელეთა განცხადებით, აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მათი ოჯახი ჩამოასახლეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ......., მოპასუხეთა კუთვნილ უძრავ ქონებაში. შესახლებისას ბინა იყო სარემონტო, რისი გაუმჯობესების ხარჯიც მოსარჩელეებმა გაწიეს - მათ გამოცვალეს ელექტროობა, კარ-ფანჯარა, დააგეს იატაკი, გაასწორეს კედლები და ჭერი, მოაწესრიგეს სველი წერტილები, გააკეთეს აივნები, კედლებში ჩააშენეს ხის კარადები და სათავსები. ამ სამუშაოების შედგებად გაუმჯობესდა ბინის საყოფაცხოვრებო დანიშნულება და გაიზარდა მისი საბაზრო ღირებულება, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებათ მოპასუხეებს.
13. მოპასუხეთა პოზიცია
13.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ბინა მოსარჩელეთა შესახლების დროისთვისაც საცხოვრებლად ვარგისი იყო. სარემონტო სამუშაოები მოსარჩელეებმა ჩაატარეს საკუთარი ინიციატივით და მისი ჩატარების რაიმე აუცილებლობა არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელეები თითქმის 30 წელი ცხოვრობდნენ სადავო ბინაში და სწორედ ამ ხნის მანძილზე ბინის უსასყიდლოდ სარგებლობითაა კომპენსირებული ქონების გაუმჯობესებისთვის მათ მიერ გაწეული ხარჯი. ამასთან, მოსარჩელეებმა სახელმწიფოსგან მიიღეს გარკვეული სარგებელი - კოპენსაცია 50 000 ლარი, ასევე სოფ. ....... 4000 კვ.მ და სოფ. ....... 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთები.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეები სადავო ქონების კეთილსინდისიერი არაუფლებამოსილი მფლობელები იყვნენ, საცხოვრებელი ბინით სარგებლობის პერიოდში ბინის გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯების საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო.
16.3. სააპელაციო პალატამ მოიშველია უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინება საქმეზე #ას-1042-962-2017 და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს სსკ 163.2-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ძირითადი მოსარჩელე, როგორც ნივთის არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი, რა დროიდან ფლობს ნივთს და როდიდან წარმოეშვა მას ნივთის მესაკუთრისათვის დაბრუნების ვალდებულება; ბ) კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს გაწია თუ არა მან ხარჯები ნივთზე, დადებით შემთხვევაში - რას შეადგენდა ამ ხარჯების ოდენობა; გ) მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯი ხომ არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და ამ სარგებლობისგან მიღებული ნაყოფით. ძირითადი მოსარჩელის სანივთო მოთხოვნა ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას და, შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლი უფრო მეტად იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესებს სსკ-ის 987-ე მუხლთან შედარებით, რადგანაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კრედიტორს მხოლოდ იმ დანახარჯების მოთხოვნა შეუძლია, რითაც გამდიდრდა ნივთის მესაკუთრე. ამდენად, იგი უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 163-ე მუხლის სპეციალური ბუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებით უდავოა, ვინაიდან იგი კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელის სამართლებრივ სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს ამომწურავად აწესრიგებს. სსკ-ის 163-ე მუხლის გამოყენების სფეროს ავიწროებს ამ ნორმის საგამონაკლისო წინაპირობა - არაუფლებამოსილი მფლობელის კეთილსინდისიერების ფაქტი. სწორედ ამ წინაპირობის გათვალისწინებით, უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სსკ-ის 163-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა უსაფუძვლო გამდიდრების გამოყენების სფეროს გამორიცხავს. ამ შემთხვევაში იკვეთება განმდევნი თუ გამომრიცხველი კონკურენცია, რომლის შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლით უნდა გამოირიცხოს კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ სსკ-ის 976-ე და შემდგომი მუხლების გამოყენება.
16.4. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სადავო ქონების გაუმჯობესების მიზნით მოსარჩელეთა მხრიდან გარკვეული ხარჯის გაწევის ფაქტი და აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ბინაში სამუშაოებს ატარებდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად. შესაბამისად, ისინი სარგებლობდნენ იმ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობებით, რაც გამოიწვია შესრულებულმა სამუშაოებმა. ამავე დროს, ბინის დაკავების დღიდანვე მათთვის ცნობილი იყო, რომ მფლობელობა იყო ვადიანი და მათ უნდა დაეტოვებინათ ეს ქონება, ამიტომ, ყოველი გაუმჯობესება ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.
16.5. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ 1989 წლიდან თითქმის 29 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მოპასუხეებს არ უსარგებლიათ თავიანთი ქონებით და არც რაიმე სარგებელი მიუღიათ მისგან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბინაში გაწეული გაუმჯობესების ხარჯები კომპენსირებულია მოსარჩელეთა მიერ ამ ბინით სარგებლობით, რაც წარდგენილი სარჩელის უარყოფის საფუძველს ქმნიდა.
17. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
17.2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ბინაში რემონტი მოსარჩელეებმა ჩაატარეს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღებამდე, 2017 წლამდე, ანუ რემონტის ჩატარებისას ისინი იყვნენ ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბინის ღირებულება კაპიტალურ რემონტამდე შეადგენდა 26 457 ლარს, ხოლო რემონტის შემდეგ 50 236 ლარს, ანუ ქონების ღირებულება გაიზარდა 23 779 ლარით. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ.
17.3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება მოცემული კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან. არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებულია მსგავსი სარჩელები.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებმა დაკარგეს სადავო ქონების ფლობის უფლება (ნივთზე მფლობელობის შეწყვეტის შემდეგ), ისინი მიჩნეულ იქნენ არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელებად (სსკ 163.1 მუხლი: კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს). კასატორების ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ მათ ბინის სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს 2017 წლამდე, ანუ მანამ, სანამ დაკარგავდნენ სადავო ქონების ფლობის უფლებას. შესაბამისად, რემონტის ჩატარებისას მოსარჩელეები უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობდნენ, რაც იძლეოდა ქონების გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. კასატორები გასაჩივრებულ განჩინებას ასევე, სადავოდ ხდიან დადგენილ პრაქტიკასთან წინააღმდეგობის საფუძვლითაც და აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის სარჩელებს სასამართლოები აკმაყოფილებენ.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებულ პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საქმეებზე უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში მითითებულია შემდეგი: მესაკუთრის კუთვნილი ბინის მართლზომიერი მფლობელობის დროს გაწეული დანახარჯების მოთხოვნის დასაბუთებულობა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის (არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა) (1.კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. 2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა. 3. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება) წინაპირობების შემოწმებას მოითხოვს, რაც გულისხმობს იმას, რომ კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს სხვისი უძრავი ნივთით სარგებლობით თუკი კომპენსირებულია მფლობელის მიერ ნივთზე გაწეული გაუმჯობესება და დანახარჯები, მაშინ კეთილსინდისიერ მფლობელის მოთხოვნას უფლებამოსილი პირისადმი საფუძველი ეცლება. სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მესამე წინადადება იგივე წესს ავრცელებს ისეთ გაუმჯობესებაზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანს განეკუთვნება დაამტკიცოს, რომ სხვისი უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დროს მის მიერ გაწეულია გაუმჯობესება და დანახარჯები, ასევე, რა ოდენობისაა ისინი; ამის შემდეგ, მოთხოვნის უფლების მფლობელის დასამტკიცებელია, რომ მის მიერ გაწეული გაუმჯობესება და დანახარჯები არ არის კომპენსირებული სხვისი უძრავი ნივთით სარგებლობით, რაც ამ ნივთის მესაკუთრისადმი (უფლებამოსილი პირისადმი) მოთხოვნის წაყენების სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა (იხ. სუსგ საქმე №ას-63-63-2018, 4 მაისი, 2018 წელი).
23. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯების მესაკუთრის მხრიდან ანაზღაურების კანონიერება და რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „ძირითადი მოსარჩელის მხრიდან სადავო უძრავ ქონებაზე გარკვეული გაუმჯობესებებისა და ხარჯების გაწევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს კვლევის საგანი უნდა გახდეს ის სარგებელი (ნაყოფი), რაც ძირითადმა მოსარჩელემ მიიღო ნივთის ფლობის შედეგად, მესაკუთრის მიერ ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის წარდგენის შემდეგ. აღნიშნულის დადგენის შემდგომ კი, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ძირითადი მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები, ხომ არ გამოიქვითება (კომპენსირდება) ნივთის სარგებლობიდან მიღებული ნაყოფით. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ გაწეული ხარჯები აღემატება უძრავი ქონებით სარგებლობიდან მიღებულ ნაყოფს, მაშინ ეს უკანასკნელი უნდა გამოაკლდეს გაწეულ ხარჯებს და მიღებული სხვაობის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მესაკუთრეს. ამასთან, პალატამ უნდა გაითვალისწინოს სსკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ძირითადი მოსარჩელის კანონისმიერი უფლება - გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე უარი განაცხადოს ნივთის მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ ნივთით სარგებლობის ნაყოფი ტოლია ან აღემატება ძირითადი მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს, მესაკუთრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა - უარყოფილ იქნეს“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1042-962-2017, 26 მარტი, 2018 წელი).
24. ზემოაღნიშნული განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა (სსკ 163-ე მუხლი) ითვალისწინებს ქონებაზე გაწეული დანახარჯებისა და ამ ქონების სარგებლობით მიღებული სამართლებრივი სიკეთის დაბალანსების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ კეთილსინდისიერ მფლობელს ნივთის უპირობოდ დაბრუნება არ ევალება. მას უფლება აქვს მოითხოვოს ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯები და ამ ხარჯების ანაზღაურებამდე მესაკუთრეს არ დაუბრუნოს ნივთი. ამასთან, არც კეთილსინდისიერი მფლობელის ეს უფლებაა უპირობო, რადგან მას აუნაზღაურდება ის ხარჯები, რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობით ან მისგან მიღებული ნაყოფით.
25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეები, როგორც სტიქიით დაზარალებულები, ეკომიგრანტები, სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობდნენ 1989 წლიდან დაახლოებით 30 წლის მანძილზე უწყვეტად და ამ ხნის განმავლობაში, ბინის მესაკუთრეებს (მოპასუხეებს) თავიანთი ქონებით არასდროს უსარგებლიათ. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელეები ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ პერიოდულად, რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაბამისად, ისინი სარგებლობდნენ იმ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობებით, რაც გამოიწვია შესრულებულმა სამუშაოებმა (თავად მოსარჩელეები ადასტურებენ წარდგენილ საჩივრებში, რომ ბინაში შესახლებისას, ბინა იყო სარემონტო, არ ჰქონდა კარ-ფანჯარა, სანტექნიკა და ელექტროობა. მათ გამოცვალეს კარ-ფანჯარა, დააგეს იატაკი, გაასწორეს კედლები და ჭერი, მოაწესრიგეს სველი წერტილები, გააკეთეს აივნები, კედლებში ჩააშენეს ხის კარადები და სათავსები, რითაც გაიზარდა ბინის საყოფაცხოვრებო დანიშნულება). საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან, მოსარჩელეთათვის, როგორც სადავო უძრავ ქონებაში დროებით შესახლებული პირებისთვის, ბინის დაკავების დღიდანვე ცნობილი იყო მათი მფლობელობის დროებითობის თაობაზე, მათ ბინის ყოველი გაუმჯობესება უნდა განეხორციელებინათ სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით.
26. ამრიგად, გამომდინარე იქიდან, რომ სსკ 163.2-ე მუხლის საფუძველზე, როგორც ხარჯების ანაზღაურების უფლება, ისე მისი მოცულობა პირდაპირ კავშირშია მფლობელის მიერ ნივთით სარგებლობისა და მისგან მიღებული ნაყოფის სიდიდეზე, ანაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რაც ამ უკანასკნელით არაა კომპენსირებული. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეები 30 წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობდნენ მოპასუხეთა უძრავი ქონებით (და ამ ხნის მანძილზე მესაკუთრეებს ერთხელაც არ უსარგებლიათ თავიანთი საკუთრებით), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ბინაში ჩატარებული გაუმჯობესების სამუშაოების ღირებულება სრულად კომპენსირებულია ბინის ხანგრძლივი დროით უსასყიდლოდ სარგებლობით. საწინააღმდეგოს დამტკიცების მოვალეობა კი მოსარჩელეებს ეკისრებოდათ, რაც მათ სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს. კასატორების მითითება, რომ მათ ბინის გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურების უფლება წარმოეშობოდათ იმის გამო, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია მათ მიერ ქონების მართლზომიერი ფლობის პერიოდში, ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად და და იგი არ გამომდინარეობს სსკ 163-ე მუხლის მოთხოვნებიდან. აღნიშნული მითითება ასევე ვერ აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ გაწეული გაუმჯობესება და დანახარჯები კომპენსირებულია სადავო უძრავი ნივთით სარგებლობით.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 200 ლარის, 70% – 840 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. ს.ის, რ. ს–ისა და ბ. ს.ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. დ. ს.ეს, რ. ს.ესა და ბ. ს.ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, რ. ს–ის (......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 200 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2020 წლის 24 ივლისი), 70% – 840 ლარი
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე