საქმე №ას-347-2021 16 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“
მოპასუხეები - ა.თ–ძე, გ.კ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით სს „მ.ე.კ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. გ.გ–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული ავტომობილის გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ.გ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად. ამავე განჩინებით დადგინდა საჩივრის საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაგზავნა.
2021 წლის 1 მარტს სს „მ.ე.კ–მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მხარემ სრულად შეასრულა ვალდებულება და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სს „მ.ე.კ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ.გ–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული ავტომობილის გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში გ.გ–მა საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც სს „მ.ე.კ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. გ.გ–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული ავტომობილის გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სს „მ.ე.კ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგა, რომელსაც საჩივრის ავტორი ითხოვდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ გ.გ–ის საჩივრის განხილვის საფუძველი აღარ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.გ–ის საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური