Facebook Twitter

საქმე №ას-471-2020

8 აპრილი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ა.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე ლ.ჭ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი:

ა.კ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ჭ–ძის მიმართ ნოტარიუსის გაცემულ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ–ის სარჩელი მოპასუხე ლ.ჭ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, რომლითაც მხარე ითხოვდა ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სარეგისტრაციო ნომრით N 181525252) ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში გაუქმებას - არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.კ–ძემ.

ლ.ჭ–ძე სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა აპელანტის სააპელაციო მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემულ N181525252 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულებების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში შემცირდა 1435,00 ლარით და განისაზრვრა 33 565.00 ლარით.

თბილისის სააოელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა.კ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2020 წლის 21 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 429 ლარის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით ა.კ–ძის კასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2021 წლის 29 მარტს კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც განმარტა რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ა.კ–ძის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

განსახილველ შემთხვევაში კასატორმა წერილობით განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებას. კასატორმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, საკასაციო საჩივარზე უარის თქმით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ა.კ–ძის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასაციაზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 429 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ა.კ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ა.კ–ძის საკასაციო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

4. ა.კ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ლ–ძის (პ/ნ: .....) მიერ 2020 წლის 21 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 429 ლარი (საგადახდო დავალება N0; რეფერენსის N3548907413, სს ,,თიბისი ბანკი’’).

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე