საქმე №ა-4825-შ-116-2020
15 აპრილი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ.ს.დ.ბ–ო
მოწინააღმდეგე მხარე – ე.დ–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს- ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება (N2-5022/2016)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობოთი ნაწილი:
ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით (N2-5022/2016) ა.გ–ს ბელარუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს სასარგებლოდ დაეკისრა 191,88 ბელარუსული რუბლის, ხოლო ე.დ–ვს კი - 1 726,91 ბელარუსული რუბლის გადახდა (დენომინაციის ჩათვლით). აღნიშული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 16 იანვარს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 და 70-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. ასევე ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა ხდება ყველა იმ საპროცესო პრინციპის დაცვით, რაც ეროვნული საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა; ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და აღსასრულებლად მიექცა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე.დ–ვს ბ.ს.დ.ბ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 726,91 ბელარუსული რუბლის გადახდა (იხ. საქმე Nა-4937-შ-119-2020).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით (იხ. საქმე Nა-4937-შ-119-2020) ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის ავტორს არ შეუძლია ხელახლა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობაზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობაზე ე.დ–ვის მიმართ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტოროაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
2. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე