Facebook Twitter

17 მარტი, 2021 წელი,

საქმე №ას-519 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - გ., ნ., ა., ნ. დ–ები, რ.ს–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ხ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა;

ა რ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ხ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა გ., ნ., ა., ნ. დ–ებისა და რ..ს–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......., მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით #..... და #......, (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-7 პუნქტში გასწორდა უსწორობა სასამართლოს ინიციატივით და ნაცვლად „დაუზუსტებელი ფართისა“ ყველგან მიეთითა „დაზუსტებული ფართი“. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 260-ე მუხლით.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით და მიუთითეს, რომ, უსწორობის გასწორების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მხცეთაში, სოფელ ....... მდებარე 100 კვ.მ ფართი და არა 156 კვ.მ დაზუსტებული ფართი, სასამართლომ კი, ფაქტობრივი გარემოებების კვლევის გარეშე მიიღო უსწორობის გასწორების თაობაზე განჩინება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

9. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს ინიციატივით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობა იმ საფუძვლით, რომ არსებოდა სსსკ-ის 260-ე მუხლით განსაზღვრული ის წინაპირობები, რომელიც უსწორობის გასწორებას განაპირობებდა, კერძოდ:

10. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

11. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს სასამართლოს, გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები მათი აღმოჩენისთანავე. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებაზე:

11.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად სადავო უძრავი ქონების მონაცემები ფიქსირდება შემდეგი სახით: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი - 156 კვ.მ (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან I ტომი ს.ფ. 37), შესაბამისად, ვლინდებოდა სწორედ ტექნიკური ხარვეზი, რომელიც უსწორობის გასწორებით აღმოიფხვრა.

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ., ნ., ა., ნ. დ–ებისა და რ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე