17 მარტი, 2021 წელი,
საქმე №ას-519 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები/კასატორები - გ., ნ., ა., ნ. დ–ები, რ.ს–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ხ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებები სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თ.ხ–ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა; საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ., ნ., ა., ნ. დ–ები და რ.ს–ი (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან კერძო საჩივრის ავტორები) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებას მცხეთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, თ.ხ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) მოთხოვნა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორები მიიჩნევდნენ, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, მათი მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, უსაფუძვლოდ დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნა. მათ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არა მოსარჩელის, არამედ სახელმწიფოს კუთვნილ ფართში ცხოვრობენ. საკასაციო საჩივარში დამატებით ჩამოყალიბებულია მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა თ.ხ–ას განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე.
1.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოსარჩელემ დღემდე ვერ შეძლო კუთვნილი 100 კვ.მ ფართის იდენტიფიცირება. ქვემდგომ ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საკადასტრო კოდი, რომლითაც მოსარჩელემ საკუთრება დაირეგისტრირა, კერძოდ, უკანონოა ორი სხვადასხვა #..... და #...... კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვა, რადგან მოსარჩელემ მხოლოდ ერთი ქონება შეიძინა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად. რაც შეეხება კერძო საჩივარს ასევე სახეზეა მისი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვების საფუძვლები.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება), მცხეთაში, სოფელ ....... მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით #...... (იხ.იმავე სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება) გ. დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
4.4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
4.5. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......., მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #..... და #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2014 წლის 5 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით, ვალის სანაცვლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის #140098440 ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
4.6. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას, ამის გამო, ილახება მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებები, იგი ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. მოპასუხეები არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.
4.7. მოპასუხეები სადავო ქონებით სარგებლობის ქირას არ იხდიან.
4.8. შპს „ა.კ–ის“ 2018 წლის 18 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, სადავო ქონების საორიენტაციო ყოველთვიური ქირის ღირებულება - 100 ლარია.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172.1 და 982-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
6. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
7. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, რომელთა მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას ფლობენ. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მათ ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
9. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
10. გარდა ამისა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების მხრიდან სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი ჩარევის შედეგად მიღებული სარგებლის ანაზღაურებასაც, მოსარჩელის ეს მოთხოვნა სსკ-ის 164.1-ე (არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი) და 982-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
11. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ სადავო ნივთს, არ იხდიან ქირას, ამდენად, აშკარაა მოპასუხეების გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე და ისინი ვალდებული არიან, ამ უკანასკნელს აუნაზღაურონ სადავო ქონების ფლობით მიღებული სარგებელი, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთავისუფლებამდე უსაფუძვლოდ მდიდრდებიან, შესაბამისად, როგორც ხელმყოფებმა უნდა აუნაზღაურონ (გაუთანაბრონ) უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ. სუსგ, #ას-472-448-2013, 05.12.2013წ.) .
12. კასატორების პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელემ დღემდე ვერ შეძლო 100 კვ.მ ფართის იდენტიფიცირება, ისინი არა მოსარჩელის, არამედ სახელმწიფოს კუთვნილ ფართში ცხოვრობენ.
13. კასატორების ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ უძრავი ქონება #..... და #...... (დაზუსტებული ფართობი 156 კვ.მ) მოსარჩელის საკუთრებაა, რაც გამორიცხავს მითითებული ქონების იდენტიფიცირების შეუძლებლობის თაობაზე მოპასუხეების პრეტენზიას. ასევე მართებულად დადგინდა, რომ უძრავ ქონებას (ს/კ-ით #......), რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოსარჩელემ აღრიცხა საკუთრებაში, მოპასუხე დღემდე ფლობს. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყვეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ, მათი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, ემტკიცებინათ, რომ მიუხედავად იმავე მისამართზე ცხოვრებისა, სხვა ფართში ცხოვრობენ. კასატორებმა კი, ვერ შეძლეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოების უტყუარობის გაქარწყლება და მათი მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება.
14. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კვალიფიციური შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
14.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, § 201).
14.2 შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის, როგორც შესაგებლის სტრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი არ არსებობს შესაგებლის ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა, მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი გამოხატავს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც საკმარისია გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძენენ სადავო ხასიათს.
14.3. ზემომოხმობილი მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორტა პრეტენზია არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით ვინაიდან მხარეს სათანადო ეტაპზე კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენია. მათ შორის სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეების (არასრულწლოვანი პირის) მხრიდან მოსარჩელის ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტი, რის შედეგადაც კასატორმა დაკარგა საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე დასახელებული გარემოების შედავების შესაძლებლობა.
14.4. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ, შესაბამისად არასრულწლოვნებზე კასატორის მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
18.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
18.2 განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ.ხ–ას კერძო საჩივარი. გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 30 მარტს მიღებული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო. (შდრ. სუსგ: № ას-129-2021, 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება)
18.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. აღნიშნულის გამო, განუხილველი უნდა დარჩეს საქმეზე აღსრულების შეჩერების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობაც, რომელიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. დ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 170 ლარისა (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 01.10.2020წ) და 210 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 02.11.2020წ), ჯამურად - 380 ლარის 70% - 266 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ., ნ., ა., ნ. დ–ებისა და რ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ., ნ., ა., ნ. დ–ებისა და რ.ს–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებაზე, ასევე შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
3. გ. (პ/ნ ......), ნ. (3.....), ა. (.....), ნ. (......) დ–ებსა და რ.ს–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ გ. დ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 170 ლარისა (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 01.10.2020წ) და 210 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 02.11.2020წ), ჯამურად - 380 ლარის 70% - 266 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე