Facebook Twitter

2 აპრილი, 2021 წელი,

საქმე №ას-1542 -2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.ტ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ჩ - ჩ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ტ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი ან კრედიტორი) ნაწილობრივ ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნა გ.ა–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) და რ.ჩ-ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ნოტარიუსი) მიმართ 48000 ლარისა და აღსრულების ხარჯის 962.98 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ მოპასუხეს 48000 ლარისა და აღსრულების ხარჯის - 962.98 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, მეორე მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, სანოტარო მოქმედება შესრულდა დადგენილი წესებისა თუ წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფით.

2.1. კასატორის მოსაზრებით, ის, რომ პირველი მოპასუხის მიერ ორ სხვადასხვა სანოტარო ბიუროში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, ვერცერთმა ამ ნოტარიუსთაგან მის პიროვნებაში ეჭვი არ შეიტანა, მეორე მოპასუხის ანუ ნოტარიუსის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს, რადგან, პიროვნების იდენტიფიცირება სანოტარო მოქმედებისას უმნიშვნელოვანესია.

2.2. გარდა ამისა, კასატორი ასაჩივრებდა მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებასაც და უთითებდა, რომ მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა, რადგან ექსპერტიზისათვის აუცილებელი იყო პირველი მოპასუხისა და მისი ძმის ელექტრონული ფოტოსურათები, რომელთა მოპოვებაც 2018 წლის აპრილის ბოლოსთვის გახდა შესაძლებელი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 2015 წლის ივნისში პირველმა მოპასუხემ ძმის, ნ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხის ძმა) სახელითა და პირადობის მოწმობის გამოყენებით, თ.ო–თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, პირველ მოპასუხეს სესხის სახით საკუთრებაში გადაეცა იპოთეკით უზრუნველყოფილი თანხა - 5 000 აშშ დოლარი 5 თვით, ყოველთვიური 2.5%-იანი სარგებლით, ხელშეკრულება სანოტარო წესით ნოტარიუსმა რ.ნ–მა დაამოწმა.

5.4. 2015 წლის 22 ივლისს ძმის პირადობის მოწმობის გამოყენებით გ.ბ–თან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, პირველ მოპასუხეს სესხად გადაეცა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც სანოტარო წესით მეორე მოპასუხემ დაამოწმა, ხოლო იმავე წლის 25 აგვისტოს ნოტარიუს ე.შ–ის სანოტარო ბიუროში პირველმა მოპასუხემ ძმის პირადობის მოწმობით გამოყენებით გააუქმა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და მანანა მონადირიშვილსა და გ.ბ–თან დადო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, სესხის სახით საკუთრებაში გადაეცა - 15 000 აშშ დოლარი, უძრავი ქონება კვლავ იპოთეკით დაიტვირთა.

5.5. 2015 წლის 3 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ხელშეკრულება) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 20 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 3 თვე, სარგებლის გარეშე, რომელიც სანოტარო წესით მეორე მოპასუხემ დაამოწმა. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ძმის საკუთრებაში არსებული თბილისში, ........ მდებარე ბინა #52, საკადასტრო კოდით #...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი).

5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და 363.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

6. მოსარჩელის/კასატორის მოთხოვნაა იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მას მიადგა ნოტარიუსის ანუ მეორე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 (ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის) და 22-ე (ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ) მუხლების, ასევე, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან.

7. კანონით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი).

7.1. „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, გულისხმიერების სტანდარტის დარღვევისა და სავალდებულო ქცევის წესიდან გადახვევის საფუძველზე ქმედება შესაძლოა, მართლსაწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. შედეგის მართლწინააღმდეგობისაგან განსხვავებით, როდესაც მართლწინააღმდეგობას განაპირობებს აბსოლუტური უფლების უშუალო დარღვევა, თავად ქმედების მართლწინააღმდეგობისათვის განმსაზღვრელია ზიანის მიმყენებლის ვალდებულების ფარგლები - სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებების გათვალისწინებით, შეესრულებინა ან თავი შეეკავებინა გარკვეული მოქმედებისაგან, რათა თავიდან აეცილებინა ზიანი.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში ნოტარიუსის ქმედების მართლწინააღმდეგობა არ იკვეთება, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს.

9. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 8.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა (სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ) და 19.3 (თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან ეჭვს იწვევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, ანდა ეჭვს იწვევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების შესაბამისობა იმ პირთან, რომლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურებაც უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ, ანდა არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რომელიც ნოტარიუსს ხელს უშლის პირის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე) მუხლის მიხედვით, ნოტარიუსის მოვალეობაა სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის ვინაობის დადგენა, კერძოდ, თუ ნოტარიუსს ეჭვი შეეპარება, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მის წარმდგენს არ ეკუთვნის, მან უარი უნდა თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუმცა ამ მოქმედების განხორციელებისას, ნოტარიუსის ქმედების მართლწინააღდეგობა და ბრალეულობა უნდა დადგინდეს მხარეთა განმარტებებისა და მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეფასების შედეგად.

10. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსმა არასწორად დაადგინა სანოტარო მოქმედების შესასრულებლად მასთან გამოცხადებული პირის ვინაობა და მსესხებლის იდენტიფიცირება მოხდა ძმის პირადობის მოწმობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ პირველი მოპასუხე, რომელიც წინასწარ განზრახულად და გამიზნულად მოქმედებდა ძმის სახელით, სამ სხვადასხვა ნოტარიუსთან, გამსესხებელთა თანდასწრებით ვერ წარადგენდა ძმის პირადობის მოწმობას, თუკი ძმებს შორის არსებითი გარეგნული მსგავსება არ იარსებებდა. ზემოხსენებულ პირთა გარეგნული მსგავსების ფაქტი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაც დადგენილია, კერძოდ, აღნიშნულია, რომ სადავო ხელშეკრულების დამოწმებამდე, მეორე მოპასუხემ ძმის პირადობის მოწმობის გამოყენებით ორ სხვადასხვა სანოტარო ბიუროში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა/გააუქმა და ამ ნოტარიუსთაგან არცერთს მის პიროვნებაში ეჭვი არ შეჰპარვია, შესაბამისად, ის სხვაობა, რომელზეც კასატორი უთითებს, გონიერი და ობიექტური დამკვირვებლისათვისაც ვერ იქნებოდა შესამჩნევი. საყურადღებოა, რომ ამ განაჩენით ნოტარიუსის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ნოტარიუსის შეცდომა სწორედ მასთან გამოცხადებული პირისა და პირადობის მოწმობაში გამოსახული პირის გარეგნულმა მსგავსებამ განაპირობა, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია უსაფუძვლოა.

11. კასატორი მტკიცებულების სახით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 13 ივლისის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) დართვაზე უარის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებასაც ასაჩივრებდა და უთითებდა, რომ მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა, რადგან ექსპერტიზისათვის აუცილებელი იყო პირველი მოპასუხისა და მისი ძმის ელექტრონული ფოტოსურათები, რაც 2018 წლის აპრილის ბოლოსთვის გახდა შესაძლებელი.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. სსკ-ის 380.2 მუხლი), თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შდრ. სუსგ. საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; Nას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).

12.1. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახალი ფაქტების/მტკიცებულებების საქმეზე დაშვება შეფასების გონივრულ სტანდარტზეა დამოკიდებული და სასამართლო ამ საკითხს წყვეტს იმ გარემოების გამორიცხვით, რომ მხარეს მათი ქვემდგომ სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივი შესაძლებლობა ჰქონდა. თავის მხრივ, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა ის კრიტერიუმები, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საპროცესო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის საპატიო მიზეზად. ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

12.2. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად დამატებითი ვადის გამოყოფის თაობაზე მოთხოვნა მტკიცებით შუამდგომლობაში მოსარჩელეს არ აღუძრია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 380-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განიკარგა მართლზომიერად.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

14. საკასაციო საჩივარს ერთვის ექსპერტიზის დასკვნა, რომელის საფუძველზეც კასატორს სურს პირველ მოპასუხესა და მის ძმას შორის არსებული თვალშისაცემი განსხვავებების ფაქტის მტკიცება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში მტკიცებულებათა წარმოდგენა ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას. შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები, საკასაციო წარმოებისას შემოიფარგლება ქვემდგომ სასამართლოებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სისწორითა და გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში გადმოცემული მოსაზრებებით. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორს უარი უნდა ეთქვას დასკვნის მიღებაზე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. კასატორი სსსკ-ის 46.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300 ლარი (საგადახდო დავალება #8200283342, გადახდის თარიღი 18.07.2019წ), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ტ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300 ლარი (საგადახდო დავალება #8200283342, გადახდის თარიღი 18.07.2019წ), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. ი.ტ–ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება - სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 13 ივლისის #004844618 დასკვნის ასლი „25“ ფურცლად (ს.ფ. 152-176. ტ. 2).

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე