Facebook Twitter

საქმე №ას-1435-2019 20 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი "ც–ს" გამგეობის მოქმედი წევრები ნ.ე–ძე, ვ.ბ–ძე, გ.ს–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ.ა–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე ან სააგენტო) წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანებების ბათილად ცნობისა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და რ.ა–ძე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინება გაუქმდა და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და აპელანტის სარჩელი სააგენტოს წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა დავის საბოლოოდ დასრულებამდე „ც–ს“ (ს/კ .....) სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი რეგისტრაციის განხორციელება, განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით სააგენტოსა და მესამე პირების საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მარტის გაადწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის „ც–ს“ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

12. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის „ც–ს“ გამგეობის მოქმედმა წევრებმა ნ.ე–ძემ, ვ.ბ–ძემ და გ.ს–მა, 2019 წლის 13 ივნისს, შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა ითხოვა. „ც–ს“ გამგეობის მოქმედი წევრების განმარტებით სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინების (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი) საფუძველზე საჯარო რეესტრის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა საჯარო-სამართლებრივი და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში აკრძალვა, დავის საბოლოო დასრულებამდე „ც–ს“ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი რეგისტრაციის განხორციელების შესახებ. აქედან გამომდინარე, „ც–ს“ დღემდე არა აქვს საშუალება სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით განახორციელოს რაიმე სახის ცვლილება. განმცხადებლებმა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა ითხოვეს სხვა სახის ისეთი უზრუნველყოფით, რაც ხელს არ შეუშლის მარეგისტრირებელ ორგანოს „ც–ს“ გარდაცვლილი გამგეობის თავმჯდომარის, რ.ა–ძის ადგილზე „ც–ს“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ცვლილების განხორციელებას.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 196.2-ე მუხლებსა და სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით „ც–ს“ უარი ეთქვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე ორი საფუძვლით: 1) საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში რეგისტრირებულია აკრძალვა, რასაც საფუძვლად უდევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინება, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა დავის საბოლოო დასრულებამდე „ც–ს“ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი რეგისტრაციის განხორციელება; 2) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, კერძოდ: საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი „ც–ს“ XXIV მოწვევის საბჭოს 2019 წლის 21 მაისის რიგგარეშე მე-2 კრების ოქმის შინაარსით დგინდება, რომ არ იქნა დაცული კრების მოწვევის და ჩატარების წესდებით გათვალისწინებული პროცედურა: საბჭოს კრება მოწვეულ იქნა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების გზით, თუმცა ც–ს წესდება და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კოოპერატივის საბჭოს კრების აღნიშნული პროცედურებით მოწვევის შესაძლებლობას, ასევე, ოქმის მიხედვით კრება გაიმართა 2019 წლის 21 მაისს, ნაცვლად საჯაროდ გამოცხადებული 15:00 საათისა, 17:15 საათზე; სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება ი.ს–ის გამგეობის თავმჯდომარედ და წევრად, ხოლო ვ.ვ–ძის გამგეობის წევრად დანიშვნის თაობაზე; კრებას არ ესწრებოდა ნოტარიუსი, ხოლო საბჭოს კრება საჭიროებდა ნოტარიუსის დასწრებას; კრების ოქმით განსაზღვრული დღის წესრიგი და მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ერთმანეთს; მოწვეული კრების ოქმის თანახმად, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წევრების არჩევის თაობაზე, თუმცა ც–ს წესდების 21 (გ) პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრების არჩევაზე უფლებამოსილი ორგანოა ყრილობა; წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება საბჭოს წევრებად არჩეული პირების ნება დანიშვნასთან დაკავშირებით.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არსებითი ხასიათის დარღვევების არსებობის გამო, არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ 2019 წლის 13 ივნისის შუამდგომლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, წარდგენილი იმ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პირობებს.

16. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს „ც–ს“ გამგეობის წევრებმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს.

17. განმცხადებელთა განმარტებით, თუ ც–ს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ დარეგისტრირდება, კავშირს იძულებითი ლიკვიდაცია ემუქრება.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

19. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 198.1-ე, 198.3-ე, 191.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია როგორც სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ვარაუდი, ასევე, ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების საფრთხის ვარაუდს უნდა ქმნიდეს მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

20. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალული აქვს დავის საბოლოო დასრულებამდე „ც–ს“ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი რეგისტრაციის განხორციელება, ხოლო მხარე ისეთი არგუმენტების საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას, რაც შინაარსობრივად უკავშირდება განსახილველ დავას და, ფაქტობრივად, არსებითი განხილვის საგანია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლამ იმ სახით, როგორც ამას განმცხადებლები მოითხოვენ, შესაძლოა შეცვალს იმ ორგანოთა ფუნქციონირება და გადაწყვეტილებათა მიღების წესი, რაც განსახილველი საქმის შედეგს უკავშირდება და მასზე გავლენას იქონიებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული აკრძალვის თანახმად შეზღუდული არის, დავის საბოლოო დასრულებამდე, განახორციელოს „ც–ს“ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი რეგისტრაცია.

21. საჩივრის ავტორებმა 2019 წლის 13 ივნისს იშუამდგომლეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა სხვა სახის ისეთი უზრუნველყოფით, რაც, მათი მტკიცებით, ხელს არ შეუშლის მარეგისტრირებელ ორგანოს „ც–ს“ გარდაცვლილი გამგეობის თავმჯდომარის, რ.ა–ძის, ადგილზე „ც–ს“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ცვლილების განხორციელებას, რასაც რეალური შედეგის სახით მოჰყვებოდა ის, რომ რ.ა–ძის ადგილი უნდა დაეკავებინა არა მ.ა–ძეს, რომლის სარჩელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, არამედ სხვა პირის რეგისტრაცია რეესტრში.

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილ საქმეზე დავა არ არის დასრულებული. საჩივრის ავტორები 2019 წლის 13 ივნისის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსაგან ფაქტობრივად ითხოვდნენ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ „ც–ს“ გამგეობის მოქმედი წევრების საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

23. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შუამდგომლობაზე უარის თქმის კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ, საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

24.1. განსახილველი დავის საგანია ფინანსთა სამინისტროს ბრძანების, მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და რ.ა–ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ბათილად ცნობა; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანებების, „ც–ს“ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და ამ ბრძანებების საფუძველზე „ც–თან“ დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ სამეწარმეო რეესტრში, ბათილად ცნობა; სამეწარმეო რეესტრში „ც–თან“ არსებული სარეგისტრაციო მონაცემების, 2008 წლის 8 თებერვლამდე მდგომარეობით, აღდგენა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის რეგისტრაციაში ც–ს გამგეობის გატარების დავალება, მ.ა–ძის ხელმძღვანელობით;

24.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;

24.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და კანონიერ ძალაში არ არის შესული. საქმეზე განხილვა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის;

24.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა დავის საბოლოოდ დასრულებამდე „ც–ს“ (ს/კ .....) სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი რეგისტრაციის განხორციელება, განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

24.5. „ც–ს“ გამგეობის მოქმედი წევრები ამ განჩინების 24.4 ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ იმგვარად, რომ „ც–ს“ ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დარეგისტრირდეს სხვა პირი და არა - მ.ა–ძე.

25. საკასაციო სასამართლო საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაუსაბუთებლად მიიჩნევს საჩივრის ავტორთა პრეტენზიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საჩივრის ავტორები 2019 წლის 13 ივნისის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსაგან ფაქტობრივად ითხოვდნენ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის ფარგლებში.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი, რომელიც მოწესრიგებულია სსსკ-ის 191-ე მუხლით, წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმ პრევენციული ღონისძიების სახეს, რომელიც ორიენტირებულია მართლმსაჯულების აქტის _ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობასა და მხარის დარღვეული უფლების რეალურად აღდგენაზე. თავად ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ დაკმაყოფილდება სარჩელი, თუმცა, მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება არ აღმოჩნდეს დარღვეული უფლების აღდგენის საუკეთესო საშუალება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ, იგი ფორმალურ გარემოებებზე დაყრდნობით შექმნილი მოსამართლის შინაგანი რწმენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც სსსკ-ის მე-5 მუხლით დამკვიდრებულ კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპის განუხრელ დაცვას მოითხოვს. სწორედ ამ პრინციპის დაცვას ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების მარეგულირებელი ნორმების ის დათქმები, სადაც საუბარია მოპასუხის უფლებაზე, გაასაჩივროს ან მოითხოვოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიებით შეცვლა.

27. სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.

28. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შეუძლებელი და უსაფუძვლოა ც–ს გამგეობის მოქმედი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან ისინი ითხოვენ იმ საკითხის მოწესრიგებას, რაც სარჩელით სადავოდაა გამხდარი და რაც სააპელაციო სასამართლოს სამართალწარმოების ეტაპზეა საჩივრის განხილვის დროისათვის. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება არ შეფერხდეს, საჩივრის ავტორები კი იმას ითხოვენ, რისი უფლებაც არ ექნებათ, თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

29. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინების დასკვნას საჩივრის დაუსაბუთებლობის თაობაზე, რადგანაც რეალურად საჩვარი არ შეიცავს პრეტენზიას - მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ იყო დასაშვები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი "ც–ს" გამგეობის მოქმედი წევრების ნ.ე–ძის, ვ.ბ–ძის და გ.ს–ის საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური