საქმე №ას-462-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება.
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 7 მაისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა (შემდგომში „შემსყიდველი“ მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრისა ვტორი“) და შპს „მ–ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“ ან „მოსარჩელე“) შორის დაიდო ქ. ამბროლაურში ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ N75 და N76 ხელშეკრულებები.
2. N75 ხელშეკრულებით ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 297 599.66 ლარით, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა - 70 კალენდარული დღით, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
3. N76 ხელშეკრულებით ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 394 222.04 ლარით, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა - 100 კალენდარული დღით, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.
4. 2018 წლის 13 ივლისს N75 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება N1 და სამუშაოს მიწოდების ვადა 2018 წლის 15 ივლისის ნაცვლად განისაზღვრა 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო, 2018 წლის 6 დეკემბერს განხორციელებული N2 ცვლილებით ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 18,46 ლარით და განისაზღვრა 297 581,20 ლარით.
5. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა საჯარიმო სანქციები - სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისას პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.15%.
6. 2018 წლის 2 აგვისტოს მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ სამუშაოთა განხორციელების პროცესში გამოიკვეთა რიგი წინააღმდეგობები და უზუსტობები, როგორც პროექტების თანდართული ხარჯთაღრიცხვების მოცულობით, ასევე მის ტექნიკურ ნაწილში, რაც ხელს უშლიდა სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებას. მიმწოდებელმა პროექტებში არსებულ კონკრეტულ ხარვეზებზე მითითებით, მოითხოვა საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება.
7. შემსყიდველმა სრულად გაიზიარა მიმწოდებლის მოთხოვნები და კორექტირებული დოკუმენტების მიხედვით სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობა გასცა 2018 წლის 4 დეკემბერს.
8. 2018 წლის 3 ოქტომბერს N76 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება N2, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 20,17 ლარით და განისაზღვრა 394 201.87 ლარით. 2018 წლის 6 დეკემბერს განხორციელებული N3 ცვლილებით კი, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 11 054,38 ლარით და განისაზღვრა 383 147,49 ლარით.
9. 2018 წლის 20 აგვისტოს N5878 წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ ვინაიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დასრულებულა, მიმწოდებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 591,33 ლარი.
10. 2019 წლის 25 თებერვლის N1226 წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ ვინაიდან, სამუშაოები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ დასრულდა, შეწყდა N75 ხელშეკრულება, ხოლო საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 62 644.01 ლარით. აღნიშნული თანხა შემსყიდველმა მიმწოდებელს გამოუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხიდან.
11. 2019 წლის 25 თებერვლის N1225 წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ ვინაიდან სამუშაოები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ დასრულდა, შეწყდა N76 ხელშეკრულება და საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 81 761,44 ლარით. აღნიშნული თანხა შემსყიდველმა ასევე გამოუქვითა მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების თანხიდან.
12. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 144 405.45 ლარს.
13. მოსარჩელის მოთხოვნა
13.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირება.
13.2. მოსარჩელის განცხადებით, მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, რის თაობაზეც პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას შემსყიდველს. შემსყიდველი სიტყვიერად გამოთქვამდა თანადგომას და ჰპირდებოდა მიმწოდებელს მიწოდების ვადის გაზრდას, რაც მიმწოდებლისთვის შემსყიდველის მიმართ სანდოობის საფუძველს ქმნიდა.
14. მოპასუხის პოზიცია
14. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ, რის გამოც მას ეკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი კი არ არსებობს, ვინაიდან, მისი ოდენობა ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდანვე იყო მხარეთა შორის შეთანხმებული და მოსარჩელემ იცოდა, რომ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეკისრებოდა იგი.
15. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
15. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 2018 წლის 7 მაისის N75 და N76 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, 144 405.45 ლარი შემცირდა 2-ჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 72 202,73 ლარით.
16. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
16.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
17.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; 2018 წლის 7 მაისის N75 და N76 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, 144 405.45 ლარი შემცირდა და მისი ოდენობა განისაზღვრა 14 440.54 ლარით.
17.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
17.3. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა ორჯერ (და განისაზღვრა 72 2020.72 ლარით), რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
17.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ 2018 წლის 2 აგვისტოს წერილზე, რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ სამუშაოთა განხორციელების პროცესში გამოიკვეთა რიგი წინააღმდეგობები და უზუსტობები, როგორც პროექტების თანდართული ხარჯთაღრიცხვების მოცულობით, ასევე მის ტექნიკურ ნაწილში, რაც ხელს უშლიდა სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებას. მიმწოდებელმა პროექტებში არსებულ კონკრეტულ ხარვეზებზე მითითებით, მოითხოვა საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება.
17.5. შემსყიდველმა სრულად გაიზიარა მიმწოდებლის მოთხოვნები, და კორექტირებული დოკუმენტების მიხედვით სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობა გასცა 2018 წლის 4 დეკემბერს.
17.6. 2018 წლის 4 დეკემბერს მიმწოდებელს, შპს „ე., მ., დ–სა“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს შორის შედგა შეთანხმების აქტები, რომელთა მიხედვით, მოსახლეობის მოთხოვნისა და მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების საფუძველზე, საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა ..... ჩიხის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და მოცულობაში (#75 ხელშეკრულება). ასევე, .......... პირველ შესახვევში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებსა და .......... ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებში (#76 ხელშეკრულება).
17.7. მითითებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სამუშაოთა განხორციელების პერიოდში გამოვლენილი სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა იმ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების კორექტირება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელი ვალდებული იყო შეესრულებინა #75 და #76 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.
17.8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები – ამბროლაურის გარკვეული უბნების (ჩიხებისა და ქუჩების) სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარით მოწყობა და ამავე ქუჩებში საკანალიზაციო ქსელის მოწყობითი სამუშაოები საჭიროებდა სამუშაოთა მიმდევრობით შესრულებას და შეუძლებელი იყო სამუშაოთა წარმოება იმ უბნების გამორიცხით, სადაც პროექტები საჭიროებდა კორექტირებას. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
17.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ, ვინაიდან მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ეწარმოებინა შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ შემსყიდველს მიმწოდებელმა ინფორმაცია მიაწოდა 2018 წლის 2 აგვისტოს (ანუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე), ხოლო კორექტირებული პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით სამუშაოთა წარმოების შესახებ ნებართვა მან მიიღო 2018 წლის 4 დეკემბერს, 2018 წლის 15 აგვისტოდან ამავე წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილება გამოწვეული არ იყო მიმწოდებლის ბრალით. ნებართვის მიღებიდან 12 დღის ვადაში (ანუ 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით) კი მიმწოდებელი ვალდებული იყო დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო ვინაიდან მან ამ ვადაში ვერ უზრუნველყო სამუშაოთა შესრულება თავისივე ბრალით და სამუშაოები დაასრულდა 2018 წლის 31 დეკემბერს, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა 2018 წლის 17 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ვადაგადაცილებულ დღეთა (15 დღის) გათვალისწინებით.
17.10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 629.1-ე, 417-ე-418-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის არსებობს მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის დაკისრება, არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც, რაც სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დარიცხვის მომენტში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების ფარგლებში.
17.11. სასამართლომ დაადგინა, რომ N75 ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით შესრულებული იყო მხოლოდ 59 593.57 ლარის სამუშაო. შესაბამისად, შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 237 987.63 ლარს, საიდანაც უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო 15 დღის ვადაგადაცილების გათვალისწინებით, რომელიც 5354.72 ლარს შეადგენს. N76 ხელშეკრულების ფარგლებში კი, 2018 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 146 360.55 ლარს, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.15 %–ის მიხედვით დაანგარიშების შემთხვევაში, 15 დღის ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო შეადგენს 3 293.11 ლარს.
17.12. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ N75 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს 2 დღით დაგვიანებით დაწყების გამო, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 595.20 ლარი. ამასთან, მიმწოდებელი სარჩელით ითხოვს პირგასამტეხლოს განსაზღვრას 14 440.54 ლარით.
17.13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთმითითებული პრინციპის მიხედვით დაანგარიშებით პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა შეადგენს 9 243.03 ლარს, თუმცა ვინაიდან, სასამართლო სსსკ 248-ე მუხლის მიხედვით შეზღუდულია მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის ფარგლებით, პირგასამტეხლო სწორედ აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში უნდა განისაზღვროს (საიდანაც 595.54 ლარია N75 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს 2 დღის დაგვიანებით დაწყებისთვის განსაზღვრული პირგასამტეხლო, 8 573.01 ლარი - პროპორციული განაწილების საფუძველზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო, ხოლო 5 272.33 ლარი - N76 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისთვის განსაზღვრული პირგასამტეხლო.
18. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
18.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
18.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად. მოცემული ნორმის მიხედვით, სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მითითებულ საკითხზე და არ შეუმოწმებია იგი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დარწმუნდებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობაში, რაც წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.
18.3. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან, ცალკეულ სამუშაოთა წარმოებისას პროექტები საჭიროებდა კორექტირებას, სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილება გამოწვეული არ ყოფილა მიმწოდებლის ბრალით. სასამართლომ აღნიშნული დასკვნის მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პროექტის კორექტირებისას მცირდებოდა შესასრულებელი სამუშაოები და ხელშეკრულების ღირებულება. ამასთან, თავად მიმწოდებელს არ მოუთხოვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის ცვლილება იმ მოტივით, რომ დოკუმენტაციის კორექტირების გამო ვერ ახერხებდა სამუშაოების გაგრძელებას. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 აგვისტოდან 16 დეკემბრამდე პერიოდში მოსარჩელეს ჰქონდა სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა და ამ დროის განმავლობაში იგი იღებდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას. ამასთან, დადგენილია, რომ სამუშაოთა შესრულების ვადა დაირღვა მოსარჩელის მიერ სამუშაოთა არასათანადო ტემპით წარმოებისა და არაჯეროვანი შესრულების გამო, რასაც ადასტურებს 15 აგვისტოს შემდგომ შესრულებული სამუშაოები და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შედეგად დარჩენილ სამუშაოთა ღირებულება, ასევე ის, რომ მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო და უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით და სამუშაოთა წარმოების არასათანადო ტემპმა განაპირობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, რაც საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში, წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობებს ქმნიდა (ვინაიდან არ არსებობდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის მიმართ). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო და უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით და სამუშაოთა წარმოების არასათანადო ტემპმა განაპირობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
23. კასატორის პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მოსარჩელეს არ აქვს ასეთი სარჩელის აღძვრის ინტერესი. ამიტომ, სსსკ-ის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს მიუთითოს მის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში ასეთ იურიდიულ ინტერესზე. თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული ინტერესი არის არა სარჩელის შინაარსის საკითხი, არამედ, ამ სარჩელის აღძვრის, მისი განსახილველად მიღების წინაპირობა.
24. გარდა იმისა, რომ აღიარებითი სარჩელის მიღებისათვის საჭიროა ყველა ის დადებითი თუ უარყოფითი წინაპირობები, რომლებიც მითითებულია 178-ე მუხლში (სარჩელის შინაარსი), აღიარებით სარჩელს წაეყენება კიდევ ერთი დამატებითი წინაპირობა - იურიდიული ინტერესი. აქედან გამომდინარე, თუ არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა, რომლებიც გათვალისწინებულია 178-ე მუხლით, მაგრამ არ არსებობს იურიდიული ინტერესი, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღიარებითი სარჩელის მიღებაზე და განხილვაზე. განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისა, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაცა ედავება მას ამ უფლებაში.
25. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, საჭიროა, რომ: ა) მოსარჩელეს ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა; დ) აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: N1089-1009-2017, 05.12.2017წ; Nას-437-409-17 29.09.17, Nას 916—857-17 12.09.17, Nას-302-285-17, 16.06.17, Nას-244-232-17 19.05,17 Nას-937-887-2015, 10.11.2015წ.; Nას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; Nას-869-819-2015, 11.12.2015წ.; Nას- 773-730-2015, 08.09.205წ.; Nას-181-174-2016, 06.05.2016წ.; Nას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; Nას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.6.2016წ; Nას-375-359-2016, 17.06.2016წ; საქმე Nას-595-554-2017, 15.12. 2017წ.).
26. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და წინამდებარე საქმეზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის - დარიცხული პირგასამტეხლოს შესაბამისი ოდენობით (შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის) დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). მოსარჩელის იურიდიული ინტერესი კი პირგასამტეხლოს სახით მისთვის დაქვითული თანხის შემცირებაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებს პირგასამტეხლოს ოდენობის არსებით შეუსაბამობას ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების დამტკიცება მოსარჩელემ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, რის გამოც სასამართლომ მართებულად განსაზღვრა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
27. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
28. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
29. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).
30. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).
31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ დაადგინა მოსარჩელის ბრალით სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილება (რაც სამუშაოთა წარმოების არასათანადო ტემპმა განაპირობა), რის გამოც არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
33. განსახილველ დავაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2018 წლის 14 აგვისტოს. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ეწარმოებინა შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. დადგენილია ასევე და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სამუშაოთა განხორციელების პროცესში გამოკვეთილი რიგი წინააღმდეგობებისა და უზუსტობების გამო (რაც ხელს უშლიდა სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებას) სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე, 2018 წლის 2 აგვისტოს მიმწოდებელმა წერილით მიმართა შემსყიდველს საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით, თუმცა, კორექტირებული დოკუმენტების მიხედვით სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობა შემსყიდველმა გასცა მოგვიანებით, 2018 წლის 4 დეკემბერს, ხოლო მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა იმავე წლის 31 დეკემბერს.
34. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა წარმოება მიმწოდებელს შეეძლო მხოლოდ შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, ხოლო, კორექტირებული (განახლებული) პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცა 2018 წლის 4 დეკემბრიდან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ კორექტირებული პროექტით სამუშაოთა წარმოების შესახებ ნებართვის მიღებიდან - 12 დღის ვადაში, 2018 წლის 5 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, მიმწოდებელი ვალდებული იყო დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო ვინაიდან მითითებულ ვადაში მიმწოდებელმა ვერ შეძლო სამუშაოთა დასრულება, საპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ბრალით სამუშაოთა ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა მართებულად აითვალა 2018 წლის 17 დეკემბრიდან და შესაბამისად, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა მითითებულ დღეთა (15 დღის) გაანგარიშებით. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხის (კასატორის) მითითება, რომ ვინაიდან, 2018 წლის 15 აგვისტოდან 16 დეკემბრამდე პერიოდში მიმწოდებელი იღებდა შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურებას, ამ პერიოდის სამუშაოთა არაჯეროვნად შესრულების გამო მას უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ და დასაშვებ საკასაციო შედავებად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება, რომ წარდგენილი მოთხოვნის (პირგასამტეხლოს შემცირება) საფუძვლიანობის კვლევისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა პროექტის კორექტირებისას შესასრულებელ სამუშაოთა და ხელშეკრულების ღირებულების შემცირების ფაქტი. გამომდინარე იქიდან, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის ზემოთ მითითებული გარემოებების კვლევა არსებითად ცდება წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელ გარემოებებს და არ გამომდინარეობს მისგან.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლები, მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული თანხა ადეკვატურია, როგორც დარღვევის ვადისა, ისე - უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას და არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას (იხ. საქმე №ას-318-301-2017, 5 მაისი, 2017 წელი).
37. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე