Facebook Twitter

საქმე №ას-225-2019 31 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ა–ძე, თ.ჭ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი) და ლ.ა–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე ან პირველი იპოთეკის საგნის მესაკუთრე) შორის, 2011 წლის 8 ივლისს, დაიდო საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება N552980, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 150 000 აშშ დოლარი, 10 წლის ვადით (ს.ფ 17-21).

2. ბანკსა და მსესხებელს შორის, 2011 წლის 8 ივლისს, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მოვალის საკუთრებაში არსებული 40.39 კვ.მ უძრავი ქონება (შემდეგში: პირველი იპოთეკის საგანი) მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ..., N92 (ყოფილი ....., ქ/ს 3) დაიტვირთა იპოთეკით (ს.ფ 30-33).

3. საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და თ.დ–ძეს (შემდეგში: მეორე იპოთეკის საგნის მესაკუთრე) შორის, 2011 წლის 8 ივლისს, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 30 კვ.მ უძრავი ქონება (შემდეგში: მეორე იპოთეკის საგანი) მდებარე: ქ. თბილისი, .... ქუჩა N23 იპოთეკით დაიტვირთა (ს.ფ 34-37).

4. ბანკსა და მსესხებელს შორის, 2012 წლის 4 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 39 000 ლარით, წლიური 17%-ის სარგებლის დარიცხვით. მსესხებელს, ვალდებულება უნდა შეესრულებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების 2.4 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებითა და ბანკსა და თ.ჭ–ს (შემდეგში: მოპასუხე ან თავდები) შორის 2012 წლის 4 მაისს, გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით.

4.1. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, თავდები სრულად და სოლიდარულად აგებს პასუხს ბანკის წინაშე და კისრულობს ვალდებულებას მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სრულად დაუფაროს ბანკს კრედიტის თანხა, საკრედიტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვს ამ თავდებობის ფარგლებში. მე-5 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 78 000 ლარი (ს.ფ 22-29) .

5. კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2013 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხის, თავდებისა და მეორე იპოთეკის საგნის მესაკუთრის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქმის წარმოება შეჩერდა მეორე იპოთეკის საგნის მესაკუთრის (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე ექვსი თვის ვადით. მოსარჩელეს, მესაკუთრის უფლებამონაცვლის ჩართვის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული (ს.ფ 90-92).

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. ბანკმა, 2018 წლის 9 იანვარს, სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლის და თავდების წინააღმდეგ და მოითხოვა:

6.1.1. ბანკსა და მსესხებელს შორის 2012 წლის 4 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტა;

6.1.2. ბანკის სასარგებლოდ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 33 032.47 ლარის დაკისრება;

6.1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, მსესხებლის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული, ასევე თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (ს/კოდით ..... და ......) აუქციონის წესით რეალიზაცია.

7. მოპასუხეების პოზიცია

7.1. მოპასუხეებმა ერთობლივად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-130-ე, 139-140-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 327-ე მუხლებით;

9. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

9.1. კრედიტორმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კრედიტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მსჯელობა (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი)

10.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ბანკის ს მოთხოვნა სრულად ხანდაზმულია.

10.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებაზე და აღნიშნა, რომ საქმის წარმოების შეჩერების ვადის დენა 2014 წლის 22 იანვრიდან დაიწყო და იმავე წლის 22 ივლისს ამოიწურა. სწორედ ამ დრომდე შეეძლო მეორე იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლეს საქმეში ჩართვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 22 ივლისამდე პერიოდში არ მიუმართავს სასამართლოსთვის საქმეში უფლებამონაცვლის ჩართვის მოთხოვნით. 2015 წლის 26 ოქტომბერს სარჩელი დარჩა განუხილველად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5პუნქტი).

10.5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბერს აღძრული სარჩელის მოთხოვნის ოდენობას არა იმდროისთვის ვადამოსული თანხა, არამედ 33 032.47 ლარი წარმოადგენდა. ეს სწორედ ის თანხაა, რაც ბანკს განსახილველი დავის ფარგლებში აქვს მოთხოვნილი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ეს გარემოება უდავოდ ადასტურებს, რომ ბანკმა თავისი დარღვეული უფლების შესახებ, ანუ იმ ფაქტის თაობაზე, რომ მოპასუხეებს მისთვის 33 032.47 ლარი ჰქონდათ გადასახდელი ჯერ კიდევ პირველი სარჩელის აღძვრის დროს- 2013 წლის 8 ოქტომბერს წარმოიშვა (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ს.ფ. 216)

10.6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 140-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე „სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან“ მითითებით აღნიშნა, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ 2018 წლის 9 იანვრამდე მოსარჩელეს მოპასუხეთა მიმართ სასამართლოში სარჩელი არ წარუდგენია.

10.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბანკმა, მსესხებლის მხრიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისა და მისი დარღვეული უფლების შესახებ 2013 წლის 8 ოქტომბერს შეიტყო, რამდენაც ამ დროისათვის მისთვის ცნობილი იყო და ითხოვდა არა მარტო 2013 წლის 8 ოქტომბრის, არამედ 2015 წლის 4 მაისამდე (გრაფიკის ბოლო გადახდის თარიღი) დასაკისრებელ თანხას, რაც სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულობას გამორიცხავს და მის სრულად ხანდაზმულად ცნობის საფუძველს ქმნის.

10.8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაედასტურებინა, რომ კრედიტორმა დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო არა 2013 წლის 8 ოქტომბერს, არამედ - წინამდებარე სარჩელის აღძვრისას, რაც ვერ დასძლია.

11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებები არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას. ხანდაზმულობის ვადის ათვლა გადაწყვეტილებაში დაწყებულია პირველი სარჩელის წარდგენის დღიდან, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება თითოეულ შესასრულებელ ვალდებულებაზე ცალ-ცალკე.

11.3. სსკ-ის 873-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელს ბანკისთვის კრედიტის დაბრუნება ევალებოდა არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრფიკის მიხედვით.

11.4. მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებულია 2012 წლის 4 მაისს, 36 თვის ვადით, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 4 მაისს. სასამართლოს ვადის ათვლა უნდა დაეწყო გრაფიკით გათვალისწინებულ თითოეულ თვეზე ცალ-ცალკე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბანკის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

17. კასატორის საკასაციო პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი განსხვავებული წესის მიხედვით უნდა განხორციელდეს.

18. ვინაიდან კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც სამართლებრივად შეფასდა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩელის შემაფერხებელი შესაგებლის საფუძვლიანობა.

19. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის საკანონმდებლო რეგლამენტაცია განპირობებულია უფლების დაცვის ეფექტიანობისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ხელშესაწყობად, რათა, ერთი მხრივ, უფლებამოსილმა პირმა დროულად უზრუნველყოს საკუთარი სამოქალაქო უფლებების დაცვა და ამ მიზნით დროულად განახორციელოს უფლებადამცავი საშუალებების განკარგვა, ამასთანავე, მოთხოვნის დაუსრულებლად წარდგენით არ შეილახოს სამოქალაქო სტაბილურობის პრინციპი.

20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე'' (შდრ. სუსგ№ას-934-899-2016, 14.02.17წ;იხ. სუსგ #ას-68-68-2018, 03.04.2018წ.).

21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2013 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხის, თავდებისა და მეორე იპოთეკის საგნის მესაკუთრის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქმის წარმოება შეჩერდა მეორე იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე ექვსი თვის ვადით. მოსარჩელეს, მესაკუთრის უფლებამონაცვლის ჩართვის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კრედიტორის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 9 იანვარს წარდგენილი სარჩელის მიმართ, სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (ნორმის დეფინიცია იხ. განჩინების 10.6-ე ქვეპუნქტში) ვერ გავრცელდება.

22. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. ამგვარი მითითების მიმართ კი, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ # ას-1350-1275-2012).

23. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადების არასწორად გამოანგარიშებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მას, როგორც მოთხოვნის მქონე პირს, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის გაცნობის შემდგომ წარმოეშვა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, ამ მხრივ საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარდგენილი მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას დაედო საფუძვლად, რომლის თანახმად, მოსარჩელემ, სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში.

25. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

26. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).

27. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ №ას-599-562-2010, 1.12.2010 წ, №ას-986-2019,16.10.2019წ). სსკ-ის 129.2-ე მუხლი სპეციალური მოწესრიგებაა, რომელიც პერიოდულად შესასრულებელ მოთხოვნათა ხანდაზმულობას ადგენს და თითოეული შესრულების ვადის დარღვევის მიხედვით, ცალ-ცალკე განსაზღვრავს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადას; ამ ნორმის, როგორც სპეციალური მოწესრიგების შინაარსი ასევე ვლინდება ამავე კოდექსის 142-ე მუხლიდანაც. კანონმდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას, ადგენს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როდესაც ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება (სსკ-ის 142.1-ე მუხლი), ხოლო თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად გენმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს. მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა (იხ. სუსგ N ას -262-2019, 02.12.2020წ.).

28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების საკითხთან დაკავშირებით.

29. უდავოა, რომ მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და, სსკ-ის 873-ე მუხლის შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გავიდა გამსესხებელი, რომელსაც აქვს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. საქმის მასალების მიხედვით, კასატორმა მისი დარღვეული უფლების შესახებ ჯერ კიდევ, 2013 წლის 8 ოქტომბერს, პირველი სარჩელის აღძვრის დროს შეიტყო, რომლითაც მოთხოვნილი თანხის ოდენობა და საფუძველი, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის იდენტურია. უდავოა, რომ მოსარჩელეს (კრედიტორს), 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, 2018 წლის 9 იანვრამდე სარჩელი არ აღუძრავს.

30. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბანკს განმეორებით წარმოდგენილი სარჩელის დროისათვის 9.01.2018წ, გაშვებული აქვს, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნის, ასევე სარჩელის აღძვრის 3- წლიანი ხანდაზმულობის ვადა. მიუხედავად იმისა, რომ სესხი გაცემული იყო 36 თვის ვადით, კრედიტორს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მოთხოვნის უფლება 2013 წელს წარმოეშვა, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვიტა, მოპასუხეების წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და თანხის გადახდა სესხის გადახდის გრაფიკის მთელი პერიოდისათვის სრულად მოითხოვა.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს.ბ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 651,70 ლარის (საგადახდო დავალება N1611, გადახდის თარიღი 2019 წლის 1 მარტი), 70% – 1156,19 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური