საქმე №ას-112-2020 25 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ.ჯ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „გამსესხებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მსესხებელი“) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების - 48 460 ლარის და 1750 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილით.
2.2. თანხის დაბრუნების კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ იყო. მსესხებელს სარგებლის სახით უნდა გადაეხადა ყოველდღიურად ძირი თანხის 1%, ანუ ყოველთვიურად - 30%.
2.3. მოპასუხემ მოსარჩელისაგან 2012 წლის 14 თებერვალს ისესხა 600 ლარი, 2012 წლის 29 თებერვალს - 200 ლარი, 07 მარტს -100 ლარი, 26 მარტს - 200 აშშ დოლარი და 600 ლარი. ამ დროისათვის სულ ნასესხები ჰქონდა 1500 ლარი და 200 აშშ დოლარი. 2012 წლის 19 აპრილს დააბრუნა 1600 ლარი და დარჩა 613 ლარი. 2012 წლის 24 აპრილს დააბრუნა 200 აშშ დოლარი თავისი სარგებლით - 260 აშშ დოლარი. მოპასუხემ 2012 წლის 26 აპრილს კიდევ ისესხა 200 ლარი, 27 აპრილს - 100 ლარი, 2012 წლის 14 მაისს - 800 ლარი და 100 აშშ დოლარი, სულ: 1100 ლარი და 100 აშშ დოლარი. 2012 წლის 28 ივლისის ჩათვლით მოპასუხეს ჰქონდა ვალი 3 729 ლარის ოდენობით. აქედან დაფარა 1000 ლარი და დარჩა 2 729 ლარი.
2.4. მოსარჩელემ სესხის ძირი თანხიდან მოითხოვა 2000 ლარი და მასზე დარიცხული ყოველთვიური სარგებლის სახით 31 800 ლარი (2012 წლის 28 ივლისიდან 53 თვეზე თვეში 600 ლარის ოდენობით), ანუ ჯამში მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 33 800 ლარი.
2.5. 2012 წელს აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 1.66 ლარი, ხოლო 2017 წლისათვის - 2.38 ლარი. მოპასუხეს კურსის სხვაობიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 389-ე მუხლი) უნდა დაეკისროს 48 460 ლარის გადახდა.
2.6. 100 აშშ დოლარის ყოველთვიური სარგებელი შეადგენს 30 აშშ დოლარს, ანუ 30%-ს. 2012 წლის 01 ივნისიდან გავიდა 55 თვე. ამ ვადის განმავლობაში ძირი თანხის სარგებელი შეადგენს 1650 დოლარს. შესაბამისად, დავალიანება უცხოურ ვალუტაში შეადგენს 1750 აშშ დოლარს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანება დაფარული აქვს.
3.2. სარჩელი ხანდაზმულია (ტ.1, ს.ფ.34).
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დადებული იყო სესხის მარტივი წერილობითი ხელშეკრულება, ხელწერილის ფორმით. ხელშეკრულება დაიდო უვადოდ, რადგან სესხის დაფარვის კონკრეტული ვადა მხარეთა მიერ შეთანხმებული არ იყო. მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი.
4.2. მოპასუხემ მოსარჩელისაგან 2012 წლის 14 თებერვალს ისესხა 600 ლარი, 2012 წლის 29 თებერვალს - 200 ლარი, 2012 წლის 7 მარტს - 100 ლარი, 26 მარტს - 200 აშშ დოლარი და 600 ლარი. ამ დროისათვის მოპასუხეს სულ ნასესხები ჰქონდა 1500 ლარი და 200 აშშ დოლარი. 2012 წლის 19 აპრილს დააბრუნა 1600 ლარი. 2012 წლის 24 აპრილს დააბრუნა 200 აშშ დოლარი თავისი სარგებლით, სულ 260 აშშ დოლარი. 2012 წლის 26 აპრილს მოპასუხემ ისესხა 200 ლარი, 27 აპრილს - 100 ლარი, 2012 წლის 14 მაისს - 800 ლარი და 100 აშშ დოლარი, სულ: 1100 ლარი და 100 აშშ დოლარი. მოპასუხემ სესხად მიღებული ძირი თანხა არასრულად დააბრუნა, სადავო პერიოდზე სარგებელი არ გადაუხდია.
4.3. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 129-ე, 130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვალდებულების დარღვევის დღიდან გასულია 55 თვე. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოთხოვნა ხანდაზმულია და იძულებით აღსრულებას აღარ ექვემდებარება.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2019წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.
6. საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. მხარეთა შორის დადებული იყო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება უვადოდ. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ არის სარჩელი ხანდაზმული.
6.2. კასატორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. იმ შემთხვევაშიც, თუ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, მოსარჩელესთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია სსკ-ის 134-ე მუხლის თანახმად. სსკ-ის 135-ე მუხლით, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი).
11. სარჩელს მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც გაიზიარა სასამართლომ და ამ საფუძლით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
12. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019 , 04.12.2019წ. ).
13. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ Nას-986-2019, 16.10.2019წ. ).
14. მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. შესაბამისად, სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება (სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია).
15. სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა (სუსგ Nას-855-855-2018, 28.02.2019წ.). სსკ-ის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. ამდენად, თუ სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ მისი გადახდის ვადა დამოკიდებულია გამსესხებლის ან მსესხებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ნებაზე. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადად აღიარებულია სამი თვე. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგაა მოვალე ვალდებული დააბრუნოს სესხი. კანონმდებელი, ფაქტობრივად, მოვალეს იცავს ხელშეკრულების უეცრად შეწყვეტის ნეგატიური ეფექტისაგან და მას გონივრულ დროს აძლევს სასესხო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესასრულებლად. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კრედიტორის ნების გამოვლენისას, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებები კიდევ 3 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ძალას და სესხის ხელშეკრულების დარღვევით/ვალდებულების შეუსრულებლობით განპირობებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიც სწორედ ზემოაღნიშნული სამთვიანი პერიოდის უშედეგოდ ამოწურვას უკავშირდება (სუსგ Nას-855-855-2018, 28.02.2019წ.).
16. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გაცემული სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. 2012 წლის 14 მაისის მდგომარეობით მოპასუხის მიერ ნასესხები თანხა შეადგენდა 1100 ლარს და 100 აშშ დოლარს (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.09.2017წ. გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.70). თავად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხზე სახელშეკრულებო ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ 2012 წლის 28 ივლისიდან არ შესრულებულა, 100 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულ სესხზე კი - 2012 წლის 01 ივნისიდან (სარჩელი, ტ.1, ს.ფ.5; ხელწერილი, ტ.1, ს.ფ.29; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.09.2017წ. გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.69), მიუხედავალ იმისა, რომ გამსესხებელი ამ დროს და შემდგომაც ითხოვდა დავალიანების დაფარვას, მსესხებელს აკითხავდა სახლში და სამსახურში (იხ.: 16.08.2017წ. სხდომის ოქმი, 14:45:14-14:47:37). მოსარჩელე თანხის დაბრუნების მიზნით 1000-ჯერ მაინც იქნება მსესხებლის სახლში ნამყოფი და მას კარგად იცნობენ მოპასუხის ოჯახის წევრები და მეზობლები (16.08.2017წ. სხდომის ოქმი, 14:42:57). ამდენად, მოსარჩელემ მითითებულ დროს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის წარდგენით გამოავლინა ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, საიდანაც სამი თვის უშედეგოდ ამოწურვიდან გასულია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სარჩელი წარდგენილია მხოლოდ 04.05.2017წ.. მითითებულ გარემოებათა ერთობლიობა ადასტურებს სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტს, რასაც ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია.
17. უსაფუძვლოა კასატორის მსჯელობა კრედიტორის შეზღუდულქმედუნარიანობის გამო სსკ-ის 134-ე მუხლის (თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება) შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა (შდრ. სუსგ. Nას-408-408-2018, 27.04.2018წ.).
18. რაც შეეხება კასატორის მითითებას სსკ-ის 137-ე მუხლთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული ნორმა შეეხება იმგვარ შემთხვევას, როდესაც ვალდებული პირი ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არც ავანსი გადაუხდია, არც - პროცენტი, არც გარანტია მიუცია მოსარჩელისათვის და არც სხვაგარად უღიარებია მოთხოვნის არსებობა. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა გამსესხებლის მოთხოვნაზე არ შეწყვეტილა (შდრ. სუსგ. Nას-1190-2019წ., 07.02.2020წ.).
19. სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოთხოვნა ხანდაზმულია სესხის პროცენტზე (სარგებელი), გამომდინარე იქიდან, რომ სსკ-ის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა (შდრ. სუსგ. Nას-1190-2019წ., 07.02.2020წ.).
20. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო მართებულად არ დაკმაყოფილდა.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე