საქმე №ა-1731-ბ-4-2021 16 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - გ.ქ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ.თ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი გ.ქ–ის (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი, განმცხადებელი) მიმართ (მესამე პირი - მ.ქ–ი) დაკმაყოფილდა; მოპასუხე ცნობილ იქნა გარდაცვლილ ლ.კ–ას უფლებამონაცვლედ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 3/4 წილზე; მოპასუხეს, როგორც იპოთეკის საგნის გარდაცვლილი მესაკუთრის მემკვიდრეს, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 3/4 წილზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება დაევალა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე ხარვეზი დადგენილი ვადის დაცვით არ შეუსვია.
6. 2021 წლის 6 აპრილს, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 423-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება.
7. განმცხადებლის მითითებით, 2020 წლის 10 მაისს, ჯანმრთელობის გამო, სოფელში წავიდა, თუმცა საცხოვრებელი ბინის კარზე დატოვა წარწერა, სადაც საკონტაქტო მისამართი და ახალი ტელეფონის ნომერი მიუთითა, ვინაიდან ძველი ნომერი დაუზიანდა. სახლში 2020 წლის აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა, საფოსტო გზავნილი ან ფოსტის სტიკერი გზავნილის ჩაბარებაის თაობაზე არ დახვედრია. საბოლოოდ, სასამართლოში გამოცხადდა, სადაც 2021 წლის 1 აპრილის განჩინება ჩაჰბარდა.
8. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გზავნილის ჩაბარების ყველა საშულება არ ამოწურა, ამასთან, სასამართლოში მისულს განუმარტეს, რომ ზაფხულში სასამართლო არ მუშაობს, შესაბამისად, რაიმე პრობლემა საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ შეექმნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
10. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
12. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს (ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე) და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტს (მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას), ხოლო, ფაქტობრივ საფუძვლად წინამდებარე განჩინების მე-7-მე-8 პუნქტებში მითითებულ გარემოებებს მიიჩნევს.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელის ფორმალურად მიუთითებს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებზე, თუმცა, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპის დარღვევის თავიდან არიდების მიზნით პალატა განცხადების დასაშვებობის ეტაპზე განმარტავს, რომ არ ვლინდება ზემოხსენებული ნორმებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......, ბინა №3; აღნიშნული მისამართი მოპასუხემ ასევე შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მიუთითა და მთელი საქმისწარმოების განმავლობაში გზავნილები სწორედ ამ მისამართზე ჰბარდებოდა) ორჯერ გაეგზავნა, თუმცა იმ მიზეზით ვერ ჩაჰბარდა, რომ ადრესატი ვერ მოიძებნა. შეუძლებელი აღმოჩნდა მასთან სატელეფონო კომუნიკაციაც, ვინაიდან საქმეში მითითებული ნომერი გათიშულია.
15. საკასაციო სასამართლომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გზავნილის ჩაბარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაავალა, რომელმაც მისამართზე რამდენჯერმე გამოცხადების მიუხედავად, კასატორი ვერ მოძებნა. ტელეფონის ნომერზე ამ უკანასკნელთან დაკავშირება კი ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ გათიშული იყო. პოლიცია დაუკავშირდა საქმეში მესამე პირად ჩაბმულ კასატორის ოჯახის წევრსაც, რომელმაც განაცხადა, რომ მითვის უცნობი იყო, თუ სად იმყოფებოდა კასატორი.
16. ზემოაღნიშნულის შემდგომ, კასატორს სსსკ-ის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საჯარო შეტყობინებით ეცნობა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) 2020 წლის 3 აგვისტოს განთავსდა და ადრესატისათვის ჩაბარებულად იმავე წლის 10 აგვისტოს ჩაითვალა.
17. კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით საკასაციო საჩივარზე ხარვეზი არ შეუვსია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
18. ამასთან, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები ვერც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას დაედება საფუძვლად.
19. პალატის მითითებით, ის ფაქტი, რომ ადრესატმა კარზე წარწერა დატოვა დროებით სოფელში წასვლის შესახებ, ვერ იქნება მიჩნეული საქმის წარმოების განახლების ფორმალურ წინაპირობად. მართალია, საცხოვრებელი ადგილის დროებითი შეცვლა კასატორის უფლებაა, თუმცა, უფლების მქონე პირი არათუ უფლებამოსილი, არამედ - ვალდებულია სასამართლოს წინასწარ აცნობოს აღნიშნულის შესახებ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სსსკ-ის 76-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმადაც მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მექანიზმს და ის არ შეიძლება ე.წ შენიღბულ აპელაციად იქცეს, სასამართლოს აქტს, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საზოგადოების ნდობა გააჩნია და მისი გაუქმების შესაძლებლობა არღვევს მუდმივობის პრინციპს. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების განახლების მექანიზმი ევროკონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია, თუმცა საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის განცხადება არ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ქ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე