საქმე №ას-108-2021 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ი.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ლ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „,ი.მ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების სახით მოპასუხისათვის 4640 ლარის დაკისრება.
2. სარჩელი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა: მხარეთა შორის, 2018 წლის 10 აპრილს, ზეპირი, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში სპარსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო საათში 20 ლარის ოდენობით. მოპასუხე არაჯეროვნად ახორციელებდა სახელფასო ანაზღაურების გადახდას, რაც გახდა საფუძველი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა, 2018 წლის ნოემბრის თვიდან. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს 232 საათის სახელფასო დავალიანება, რაც შეადგენს 4640 ლარს. (საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელემ განმარტა, რომ 20 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, წარმოადგენდა ერთი საათის განმავლობაში ზეპირი თარგმნის ანაზღაურებას).
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და შედავება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელეს სრულად აქვს ანაზღაურებული ხელფასი, რაც დასტურდება სარჩელზე დართული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება საათში 20 ლარის ოდენობით განისაზღვრებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია მთარგმნელობით მომსახურებას უწევდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო საათში 13 ლარის ანაზღაურება განისაზღვრებოდა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტისათვის ასეთი მომსახურების გაწევის შემთხვევაში. მოპასუხის მითითებით, ტარიფის ოდენობა დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით, კერძოდ, პირველ შემთხვევაში, სპარსულ ენაზე ზეპირი თარგმნის ღირებულება შეადგენდა საათში 20 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 26.75 ლარს. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც კომპანია დღგ-ს გადამხდელია, შეუძლებელია მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ყველა შემთხვევაში, ყოფილიყო 20 ლარი საათში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით, დაეკისრა 4640 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. მხარეთა შორის, 2018 წლის 10 აპრილს, ზეპირი ფორმით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სპარსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით.
9. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს ევალებოდა ზეპირი თარგმანის განხორციელება და მისი ანაზღაურება განისაზღვრებოდა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, შეთანხმებული საათობრივი განაკვეთით, საათში - 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
10. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს, მოსარჩელის ინიციატივით, მოპასუხის მიერ შრომის ანაზღაურების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.
11. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აქვს ანაზღაურებული 232 საათის მოცულობის სამუშაოს შესრულებისათვის სახელფასო ანაზღაურება, რაც შეთანხმებული სატარიფო განაკვეთის შესაბამისად შეადგენს 4640 ლარს (20 ლარი X 232 საათზე).
12. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სშკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 6.1 მუხლი) თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 31-ე მუხლი) შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
13. სშკ-ის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი) თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 34-ე მუხლი) კი, დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 10 აპრილს, ზეპირი ფორმით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სპარსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელეს ევალებოდა ზეპირი თარგმანის განხორციელება და მისი ანაზღაურება განისაზღვრებოდა საათობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
15. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს 232 საათის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რაც მოსარჩელის მტკიცებით შეადგენს 4640 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
16. მოსარჩელის მითითებით, ზეპირი ხელშეკრულებით მისი სახელფასო ანაზღაურება განსაზღვრული იყო საათში 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რასაც სადავოდ ხდის მოპასუხე და მიუთითებს, რომ მოსარჩელის ანაზღაურება იყო ცვალებადი იმის მიხედვით, თუ რომელი სახელმწიფო სტრუქტურის სანაცვლოდ განახორციელებდა სათარჯიმნო მომსახურებას. აღნიშნული ცვალებადობა განპირობებული იყო თავად მოპასუხესა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება საათში 20 ლარის ოდენობით განისაზღვრებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია მთარგმნელობით მომსახურებას უწევდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო საათში 13 ლარის ანაზღაურება განისაზღვრებოდა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტისათვის ასეთი მომსახურების გაწევის შემთხვევაში. აპელანტის მითითებით, ტარიფის ოდენობა დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, სპარსულ ენაზე ზეპირი თარგმნის ღირებულება შეადგენდა საათში 50 ლარს (ს/ფ 40), ხოლო მეორე შემთხვევაში - 26.75 ლარს (ს/ფ 25). შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც კომპანია დღგ-ს გადამხდელია, შეუძლებელია მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ყველა შემთხვევაში ყოფილიყო 20 ლარი საათში.
17. აპელანტმა, ასევე, სადავო გახადა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოითხოვს 4640 ლარის ანაზღაურებას საშემოსავლო გადასახადის გარეშე და პროცესუალურ დარღვევად მიიჩნევს სასამართლო მთავარ სხდომაზე მოთხოვნის ამგვარ დაზუსტება-გაზრდას, მოპასუხის თანხმობის გარეშე. აპელანტის მტკიცებით, კომპანიას სრულად აქვს ანაზღაურებული მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება, რაც დასტურდება წარმოდგენილი ამონაწერებით საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ, ასევე, აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოითხოვს გაზრდილი ტარიფით შრომის ანაზღაურებას, რაც არ გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებიდან.
18. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული სახელფასო განაკვეთის ოდენობა და შესაბამისად, მოთხოვნილი სახელფასო ანაზღაურება, მოპასუხის შედავება მიმართული იყო მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებაში (მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი).
19. მოპასუხეს შესაგებლით არც ხელფასის დაბეგვარსთან მიმართებით წარმოუდგენია პოზიცია. მოპასუხემ სარჩელი უარყო ვალდებულების შესრულების საფუძვლით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია, თანახმად სსკ-ს 429-ე მუხლისა.
20. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ შედავებული არ არის შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მისი ანაზღაურების ოდენობა, მისი ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალე სუბიექტს, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს, რისი დადასტურებაც მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ უზრუნველყო.
21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, საქალაქო სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვისას პროცესუალური წესების, კერძოდ კი შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევასთან მიმართებით. სახელდობრ, აპელანტის შეფასებით, მოსარჩელემ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ხელფასის სახით 4640 ლარის ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადის გარეშე, მაშინ როდესაც სარჩელით მოთხოვნილი იყო და მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა სახელფასო ანაზღაურებას საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით - 4640 ლარს ანუ, 3712 ლარს და სასამართლო სხდომაზე პოზიციის დაზუსტებამ თითქოს გამოიწვია სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა მოპასუხის თანხმობის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის გაცნობის შედეგად ნათელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 4640 ლარის ოდენობით, მხარე არსად არ უთითებდა, რომ იგი თანხას მოითხოვდა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, შესაბამისად საქმის მთავარ სხდომაზე აღნიშნული გარემოების დაზუსტება სსკ-ის 83-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად, რასაც თავის მხრივ შესაძლოა გამოეწვია მოპასუხის თანხმობის საჭიროება (სსსკ-ს 83-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილი).
22. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პოზიციის გაზიარებისათვის ვარგის მტკიცებულებად არც აუდიტორული დასკვნა მიიჩნია, რომელშიც სასაამართლოს მითითებით, მოცემულია ზოგადი ინფორმაცია. კონკრეტულად მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოს მოცულობისა და მოპასუხის მიერ გადახდილ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ შეიცავს, მასზე დაყრდნობით, დადასტურებულად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება გარკვეულ შემთხვევებში 20 ლარის ნაცვლად შეადგენდა 13 ლარს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით, ერთ შემთხვევაში, სპარსულ ენაზე ზეპირი თარგმნის ღირებულება შეადგენდა საათში 50 ლარს (ს/ფ 40), ხოლო მეორე შემთხვევაში - 26.75 ლარს (ს/ფ 25). შესაბამისად, კომპანიის დაბეგვრის პირობებშიც, მითითებული ტარიფები აღემატება 20 ლარს და მოპასუხის მტკიცება, რომ თითქოს 20 ლარის ოდენობის ტარიფის შეთანხმება მოსარჩელესთან წაგების მომტანი იქნებოდა მისთვის, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება ვერც აღნიშნული საფუძვლით აპელანტის პოზიცია გაზიარებული სადავო სატარიფო განაკვეთის ოდენობის განსაზღვრისათვის. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით, რომელიც მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელ სამართალურთიერთობას წარმოადგენს, ვერ დადასტურდება მოდავე მხარეთა შორის არსებული სატარიფო განაკვეთის ოდენობა.
23. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ხელფასის სრულად ანაზღაურება დასტურდება საბანკო ამონაწერით. მართალია წარმოდგენილი ამონაწერებით დასტურდება გარკვეული რაოდენობით ხელფასის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, თუმცა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების/მომსახურების აქტების შესაბამისად, ნამუშევარი დროისა და შეთანხმებული სატარიფო განაკვეთის თანახმად, მოსარჩელისათვის შრომის ანაზღაურების (ხელფასის გადახდის) დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება დამსაქმებელს არ წარმოუდგენია, რისი მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზეა. ამდენად, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა 4640 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ანაზღაურების თაობაზე.
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი საფუძვლებით:
25. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია ორი საფუძვლით: პირველი, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს თანხა ანაზღაურებული და მეორე, მოსარჩელემ საპროცესო ნორმების დარღვევით გაზარდა მოთხოვნა (სსსკ-ის 83 მუხლი).
26. კასატორი აღნიშნავს, იმ მოცემულობაში, როცა მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელისთვის ანაზღაურებული აქვს 10568.33 ლარი, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო მის მიერ შესრულებული სამუშაო იმაზე მეტი მოცულობის იყო, ვიდრე, ეს მას აუნაზღაურდა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელეს შესრულებული აქვს სულ 232 სთ. აღნიშნულ სამუშაოსთვის კი, მოსარჩელეს ანაზღაურება მიღებული აქვს. მოცემულ დავაში საუბარია რა სახელფასო დავალიანების არსებობაზე, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს არ ეკისრება.
27. კასატორი აღნიშნავს იმასაც, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას დაემატა საშემოსავლო გადასახადიც, რაც ორმაგად არღვევს კასატორის უფლებებს. მოსარჩელე დასაწყისშივე ითხოვდა 4640 ლარს. სასამართლომ მოსარჩელეს უფლება მისცა გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა საქმის არსებით განხილვაზე და მოთხოვნილ თანხას დაემატა 1160 ლარი.
28. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურების ოდენობას, კასატორი მიუთითებს, რომ მისი მხრიდან სასამართლოშ წარდგენილი იყო აუდიტორული დასკვნა, საიდანაც დგინდებოდა, რომ ჩარიცხული ხელფასის ოდენობა უნდა ყოფილიყო 13 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
32. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების თანხის დაკისრება (ხელფასის ანაზღაურება) გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი და კასატორს სადავოდ არ გაუხდია წარმოშობილია მხარეთა შორის, 2018 წლის 10 აპრილს, ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სპარსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს ევალებოდა ზეპირი თარგმანის განხორციელება.
33. კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელი დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით, 4640 ლარის გადახდის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ჯერ ერთი, მოპასუხეს სრულად აქვს თანხა ანაზღაურებული და მეორეც, მოსარჩელემ საპროცესო ნორმების დარღვევით გაზარდა მოთხოვნა (სსსკ-ის 83 მუხლი), კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა 4640 ლარს. სასამართლომ მოსარჩელეს უფლება მისცა გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა საქმის არსებით განხილვაზე და მოთხოვნილ თანხას დაემატა 1160 ლარი, კერძოდ, მოსარჩელემ თანხის გადახდა საშემოსავლო გადასახადის დამატებით მოითხოვა.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს წარმოდგენილი აქვს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული პოზიციის იდენტური პრეტენზია, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.
35. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ საპროცესო ნორმების დარღვევით სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაზარდა მოთხოვნა.
36. სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დრისათვის. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა ხელფასის სახით 4640 ლარის ანაზღაურება (იხ., ს.ფ. 5 - სარჩელის მოთხოვნა), გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, სარჩელით მოთხოვნილი იყო და მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა სახელფასო ანაზღაურებას საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით - 4640 ლარს ანუ, 3712 ლარს და სასამართლო სხდომაზე პოზიციის დაზუსტებამ გამოიწვია სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა მოპასუხის თანხმობის გარეშე.
38. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმაზე, რომ სარჩელის გაცნობის შედეგად ნათელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 4640 ლარის ოდენობით, მოსარჩელე არსად არ უთითებდა, რომ იგი თანხას მოითხოვდა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად, საქმის მთავარ სხდომაზე აღნიშნული გარემოების დაზუსტება სსკ-ის 83-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად, რასაც თავის მხრივ შესაძლოა გამოეწვია მოპასუხის თანხმობის საჭიროება (სსსკ-ს 83-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილი). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაირღვა დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპი. როგორც აღინიშნა მოსარჩელე თავიდანვე მოითხოვდა 4640 ლარის მისთვის ანაზღაურებას, რაც მოსარჩელეს ასევე აქვს განმარტებული სარჩელში დავის არსის მიმოხილვაში (იხ., ტ.1. ს.ფ. 3), სადაც აღნიშნულია, რომ მისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაა 4640 ლარი. აღნიშნული კი, ვერ იქნება განმარტებული იმგვარად, რომ მოსარჩელე მოითხოვდა აღნიშნული თანხის მისთვის მიკუთვნებას საშემოსავლო გადასახადების გარეშე.
39. რაც შეეხება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას და სახელფასო დავალიანების თანხის ოდენობის დადგენის მტკიცებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
40. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას _ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
41. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
42. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. შესაგებელი, ისევე როგორც სარჩელი, ყველა შემთხვევაში წერილობითი ფორმით (როგორც წესი ნაბეჭდი სახით) უნდა იყოს შედგენილი.
43. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებიდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა.
44. ამგვარი მიდგომა სრულადაა შესაბამისობაში სამართლებრივი სიცხადის პრინციპთან. ამიტომაცაა კანონმდებელი ასეთი მკაცრი მოპასუხის მხრიდან თავისი საპროცესო მოვალეობის დარღვევის მიმართ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგს უკავშირებს არა სამართალწარმოების გაგრძელებას, არამედ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ თვალსაზრისით სასამართლო პრაქტიკასა თუ დოქტრინაში შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას უთანაბრდება (ივარაუდება, რომ მხარემ დაკარგა იურიდიული ინტერესი დავის მიმართ), ანუ სამართლებრივი შედეგი იგივეა, რაც მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას - მოსამართლე სარჩელში მითითებულ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს შეუდავებლად (დამტკიცებულად) მიიჩნევს, ამასთან, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, ხოლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხე ვერ განახორციელებს ფაქტობრივ შედავებას, მათ შორის მტკიცებულებათა წარდგენას (სსსკ-ის 2321 მუხლი), შესაბამისად, მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შედავების უფლება რჩება. ვინაიდან საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები _ დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია, თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
46. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
47. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
48. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების წარდგენის დროს მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება _ „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა.
49. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი _ ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი).
50. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
51. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
52. სსსკ-ის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოხმობილი ნორმები განსაზღვრავენ მხარეთა ტვირთს ფაქტების მითითების თაობაზე. განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.
53. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
54. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, 2020 წელი, გვ.168, 169, 214-215, 221, 231).
55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენე (იხ. სუსგ-ები Nას- 15-29-1443-2012, Nას-973-1208-04; Nას 664-635-2016).
56. სშკ-ის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი) თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 34-ე მუხლი) კი, დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სპარსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელეს ევალებოდა ზეპირი თარგმანის განხორციელება და მისი ანაზღაურება განისაზღვრებოდა საათობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. მოსარჩელე მოითხოვს 232 საათის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რაც მოსარჩელის მტკიცებით შეადგენს 4640 ლარს. მოსარჩელის მითითებით, ზეპირი ხელშეკრულებით მისი სახელფასო ანაზღაურება განსაზღვრული იყო საათში 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რასაც სადავოდ ხდის მოპასუხე და მიუთითებს, რომ მოსარჩელის ანაზღაურება იყო ცვალებადი იმის მიხედვით, თუ რომელი სახელმწიფო სტრუქტურის სანაცვლოდ განახორციელებდა სათარჯიმნო მომსახურებას. აღნიშნული ცვალებადობა განპირობებული იყო თავად მოპასუხესა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება საათში 20 ლარის ოდენობით განისაზღვრებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია მთარგმნელობით მომსახურებას უწევდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო საათში 13 ლარის ანაზღაურება განისაზღვრებოდა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტისათვის ასეთი მომსახურების გაწევის შემთხვევაში. დამსაქმებლის მითითებით, ტარიფის ოდენობა დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, სპარსულ ენაზე ზეპირი თარგმნის ღირებულება შეადგენდა საათში 50 ლარს (ს/ფ 40), ხოლო მეორე შემთხვევაში - 26.75 ლარს (ს/ფ 25). შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც კომპანია დღგ-ს გადამხდელია, შეუძლებელია მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ყველა შემთხვევაში ყოფილიყო 20 ლარი საათში.
57. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელფასო ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის ნაწილში, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის სახელფასო ანაზღაურების ნაკლებ ტარიფზე შეთანხმების არსებობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის შესახებ, სადაც მოცემულია ზოგადი ინფორმაცია, ხოლო კონკრეტულად მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოს მოცულობისა და მოპასუხის მიერ გადახდილ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი და მასზე დაყრდნობით დადასტურებულად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება გარკვეულ შემთხვევებში 20 ლარის ნაცვლად შეადგენდა 13 ლარს. რაც შეეხება საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებს, ამ შემთხვევაშიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხელშეკრულებები, ვერ გამოდგება უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ანაზღაურების შეთანხმებად. არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთერთობისაგან დამოუკიდებელ სამართალურთიერთობას.
58. რაც შეეხება დამსაქმებლის მხრიდან სახელფასო ანაზღაურების განხორციელებას, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის შედავებას, რომელიც მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებაში მდგომარეობს და წარმოადგენს მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებელს, თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კასატორს (დამსაქმებელი) მტკიცებულება არ წარმოუდგენია, იგი მხოლოდ უთითებს, რომ ასეთი მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს არ ეკისრება (იხ., საკასაციო შედავება). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მტკიცების ტვირთის ამ ნაწილში, დასაქმებულზე დაკისრების შესახებ და მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. შდრ: დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ სუსგ-ები საქმე №ას-1132-2019 , 30 სექტემბერი, 2019 წელი; Nას-483-457-2015, 07.10.2015, №ას-110-2019, 5 ივლისი, 2019 წელი, პ-25. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელს დასაქმებულისათვის სრულად აქვს ანაზღაურებული თანხა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელაფასო დავალიანების საკითხის დადგენის მიზნით (შეადრ: სუსგ-ები: №ას-1332-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
60. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
62. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ი.მ–ს“ (ს.კ:....) უკან დაუბრუნდეს თ.დ–ის მიერ 28.01.2021-ში საგადახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი