Facebook Twitter

საქმე №ას-20-2021 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „გ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ე . მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ე. მ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ.ჰ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ 12 390 ლარისა და ზიანის სახით აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისთვის გადახდილი სააპლიკაციო საფასურის – 100 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულება იკისრა, 2019 წლის 2 მაისიდან მოპასუხისთვის მიეწოდებინა მედიკამენტები და/ან სამედიცინო სახარჯი მასალა. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 15 085 ლარის ღირებულების საქონელი. მოპასუხემ გადაიხადა 2 695 ლარი, ხოლო დარჩენილი 12 390 ლარი ერიცხება დავალიანებად.

3. 2019 წლის 20 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი მეწარმე სუბიექტებს შორის შესადარებელ პერიოდში ნაწარმოები ოპერაცია-ანგარიშსწორებისა და შესადარებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთების შესახებ, რომლითაც მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არსებობას 12 390 ლარის ოდენობით.

4. მოსარჩელემ საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წამოიწყო გამარტივებული საქმის წარმოება მოპასუხისათვის დავალიანების გადახდევინების თაობაზე, თუმცა მხარემ გამოიყენა გაპროტესტების უფლება და აღნიშნული წარმოება შეწყდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის საფუძველზე წარმოშობილ ფულად მოთხოვნას ემატება საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გადახდილი საფასური – 100 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მხარეთა შორის რაიმე სახის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მოპასუხეს არც ვალდებულება უღიარებია, არ არსებობს ვალდებულების საგადასახადო დადასტურება და ა.შ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს – კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს – მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

9. წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს 12 390 ლარის ღირებულების საქონელი და მიღებულია თუ არა აღნიშნული მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ.

10. მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმაზე, რომ მოპასუხეს ზეპირი ხელშეკრულებით მიაწოდა საქონელი, გადაცემული საქონლის დასტურად სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო ზედნადებები, ხოლო დარჩენილი დავალიანების არსებობის დასადასტურებლად მხარეთა შორის არსებული შედარების აქტი.

11. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში დადგენილია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები, კერძოდ: „სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა (12.06.2012. N6446). ამავე კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შედეგი, კერძოდ, პირველი ნაწილით: „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ (28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან). მითითებული საჯარო-სამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელი ნორმების მიზანია ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების ხაზგასმა.

12. ხაზგასასმელია, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება მყიდველის მიერ საქონლის მიღების თარიღი და დრო, რაც ადასტურებს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

13. მხარეებმა შესაძლოა ხელშეკრულებით არ განსაზღვრონ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის წესი და საშუალება, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს მყიდველისა და გამყიდველის ქმედებების თანხვედრა, გამყიდველმა გადასცეს, ხოლო მყიდველმა მიიღოს ნივთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს დათქმა „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებას, გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა იგი განმარტებულ უნდა იქნეს სსკ-ის 429-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან, ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადახდილ იქნა ნასყიდობის საფასური, მის განმარტებას, რომ შედარების აქტი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, უპირისპირდება სასამართლო სხდომებზე კომპანიის წარმომადგენელის განმარტება, სადაც დადასტურდა, რომ ხელმომწერი წარმოადგენდა კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას არაუფლებამოსილ პირად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ზეპირი ფორმით მიმდინარეობდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

17. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები – სადავო დავალიანების ოდენობა, ვალის აღიარების ნამდვილობა.

18. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეებს შორის 2019 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც ისინი შეთანხმდნენ, რომ მოპასუხის დავალიანება 12 390 ლარით განისაზღვრა, ამასთან, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან აქტზე ხელმომწერს წარმოადგენდა ფინანსურ საკითხებში ხელმძღვანელი პირი. იმის გამო, რომ ხელმომწერი პირის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს ხსენებული წერილობითი მტკიცებულება, ამასთან, ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირების მიერ, მოპასუხემ აღნიშნული ფაქტის დადგენა არასწორად შეაფასა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო პალატა აღინიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

24. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.

25. საკასაციო პალატას საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ წარმოშობილია მოსარჩელის (გამყიდველი) მოთხოვნის უფლება მყიდველის (მოპასუხე) მიმართ.

26. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური, ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა, მხარეებმა საკუთარი უფლება-მოვალეობები განახორციელონ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით – ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. სუსგ 3.02.2021წ. საქმე №ას-1211-2020).

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

28. 2019 წლის 20 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შედარების აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, 2019 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, შეადგენდა 12 390 ლარს. შედარების აქტის ხელმომწერ პირებს წარმოადგენენ მოსარჩელის მხრიდან – ფინანსური მენეჯერი, ხოლო მოპასუხის მხრიდან ფინანსური საკითხებში ხელმძღვანელი პირი.

29. შედარების აქტში მითითებული 12 390 ლარი მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.

30. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე მოპასუხე მხარის მიერ პროტესტის წარდგენის მიზეზით.

31. მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხა სააპლიკაციო მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.

32. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოება და არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო დავალიანების აღიარების აქტს უფლებამოსილი პირი არ აწერდა.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

36. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

37. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

38. სასამართლო შემეცნების ფორმების თვალსაზრისით საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები შეიძლება ორჯგუფად დავყოთ: ა) გარემოებები, რომლებიც განაგრძობენ არსებობას სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს (ე.წ. აწმყოს ფაქტები) და ამიტომ შესაძლებელია მათი გრძნობადი აღქმის გზით დადგენა და ბ) გარემოებანი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში და ამიტომ მათი დადგენა უშუალო შემეცნების გზით შეუძლებელია. ასეთი ფაქტები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გაშუალებული გზით, მტკიცებულების გამოყენებით.

39. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102–ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივივ გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორდა რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს სასამართლოსა და მხარეთა საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. სასამართლო მტკიცების სუბიექტებად სამოქალაქო პროცესში გვევლინებიან მხარეები - მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, თანამონაწილეები. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

41. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

42. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემდეგ ვალდებულება აღარ არსებობს. მის მონაწილეებს ერთმანეთთან აღარ აკავშირებთ უფლებები და მოვალეობები. ვალდებულების შეწყვეტას იწვევს განსაზღვრული გარემოებები, რომლებსაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს უწოდებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი. შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრძელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ემუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

44. სსკ-ის 427-ე მუხლის მიზნებისათვის ვალდებულების შეწყვეტის ქვეშ იგულისხმება, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა ვიწრო ან/და ფართო გაგებით დასრულებულია, შეწყვეტილია და აღარ არსებობს (იხ.დამატებით: გიორგი სვანაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 427, ველი 5, www.gccc.ge).

45. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით შეწყდეს, სახეზე უნდა იყოს შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) კეთილსინდისიერად, გ) დათქმულ დროსა და ადგილას, დ) უფლებამოსილი პირის მიმართ. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულატიურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ასეთი შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს არა აქვს უფლება, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ №ას-736-704-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი).

46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციური შინაარსი, რომლის მიხედვით, „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“. მითითებული დანაწესის ნორმატიული ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის – დასტურის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა – მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მათი შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება (იხ., სუსგ-ები: №ას-860-860-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი, №ას-425-408-2016, 06 ივლისი, 2016 წელი პ-53).

47. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება.

48. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ მოპასუხე კომპანიის მხრიდან მხარეთა შეთანხმებას მოსარჩელის მიმართ დავალიანების ოდენობის განსაზღვრის შესახებ, ხელი მოაწერა არაუფლებამოსილმა პირმა. კასატორმა რაიმე საპირწონე მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომებზე კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელმომწერი წარმოადგენდა საზოგადოების ფინანსური სამსახურის უფროსს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადახდილ იქნა ნასყიდობის საფასური, მის განმარტებას, რომ შედარების აქტი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, უპირისპირდება სასამართლო სხდომებზე კომპანიის წარმომადგენელის განმარტება, სადაც დადასტურდა, რომ ხელმომწერი წარმოადგენდა კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას არაუფლებამოსილ პირად.

49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

54. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 8 თებერვალს №958 საგადახდო დავალებით გადახდილი 619,5 ლარის 70% – 433,65 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „გ.ჰ–ს“ (საიდენტიფიკაციო კადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 8 თებერვალს №958 საგადახდო დავალებით გადახდილი 619,5 ლარის 70% – 433,65 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი