საქმე №ას-981-2019 24 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ბ.წ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ფ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება (ძირითად სარჩელში), მოსარგებლის სტატუსის მქონე პირის მიერ პირვანდელი მოთხოვნის ჩათვლა, საცხოვრებლით დაკმაყოფილება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ ხაშურში, ........... ქუჩა №11-ში, პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე 66.70 კვ.მ პირველი ბინა (ს/კ: .....) და ქ. ხაშურში, ........... ქუჩა №4-ში, მე-3 სართულზე მდებარე 59.23 კვ.მ უძრავი ნივთი (ს/კ: ........) (შემდგომში ერთად - „სადავო უძრავი ქონება“) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „პ.ფ–ის" (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სახელზე.
2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ბ.წ–ი (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში ყოფნის ფაქტს სადავოდ ხდიდა, ისევე როგორც 2017 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის ლეგიტიმურობას, საკადასტრო კოდებთან შეუსაბამობის გამო.
5. მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის დავა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაიწყო, თუმცა მოვალე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ძმა იყო, რომელიც გარდაიცვალა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გარდაცვლილის ძმას (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს) ისე დააკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს არ ჰქონდა მიღებული სამკვიდრო, არ გამოუხატავს მისი მიღების სურვილი და არც ნოტარიუსს გაუცია სამკვიდრო მოწმობა. ზემოაღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარე, უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თავს ბინით მოსარგებლედ მიიჩნევს და ამ სტატუსიდან გამომდინარე, ფულის გადახდის სანაცვლოდ პირვანდელი მოთხოვნის (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების) ჩათვლა ან სხვა დასახლებულ პუნქტში შესატყვისი საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოითხოვა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მსგავსი სამოქალაქო დავები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით წესრიგდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.
6. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი მოცემულ დავას არ უკავშირდება, რამდენადაც ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1995 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებს. წინამდებარე დავა ეხება ვინდიკაციურ სარჩელს, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს კი არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი მხრიდან უძრავი ქონების კანონიერად ფლობას.
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით და მიუთითა იმ წინაპირობებზე, რომელიც აუცილებელია სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისათვის: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ)მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის უფლების დამდგენი დოკუმენტების - აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 დეკემბრისა და 2018 წლის 10 იანვრის განკარგულებების კანონიერება.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარში მითითებულია გარემოება, რომ მოსარჩელემ საკრედიტო დავალიანების გაზრდილი ოდენობის დაფარვა მოითხოვა და მის მიზანს სადავო უძრავი ქონების ხელში ჩაგდება წამოადგენდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოება სხვა დავის ფარგლებში სამტკიცებელი გარემოებაა და აღნიშნული არც საქმის მასალებით დასტურდებოდა.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც ქონება საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს და თუ მოსარჩელემ რომელიმე უფლება ბოროტად გამოიყენა, ეს შესაბამისი მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს, მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტი საქმის მასალებით ვერ დადგინდა.
15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლით და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა შეიცავს კეთილსინდისიერი მფლობელის ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ნორმა შეიცავს ორ ალტერნატივას და იგი კეთილსინდისიერების განმსაზღვრელ გარემოებად პირის მიერ მართლზომიერ მფლობელობას ან საჭირო გულმოდგინების შემოწმებას განსაზღვრავს. ნორმის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად, რამდენადაც იგი სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში ვლინდება, ხოლო კეთილსინდისიერება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით შეიცავს სუბიექტურ ელემენტს - პირის დამოკიდებულებას ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მოპასუხეს მსგავსი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
17. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: თავდაპირველად მოსარჩელემ სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე აღძრა, თუმცა აღნიშნული პერიოდისათვის მოპასუხე მოვალეს არ წარმოადგენდა, არამედ მოვალე კასატორის აწ გარდაცვლილი ძმა - დ.წ–ი იყო; ამასთან, სესხის ხელშეკრულება ხანდაზმული იყო და მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა თანხის მოთხოვნის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინდიკაციური მოთხოვნაც უსაფუძვლოა. აღნიშნულ ფაქტზე იუსტიციის საბჭოში შეტანილია საჩივარი, რომელზეც კასატორს პასუხი ჯერ არ მიუღია.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
25. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
26. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 138-139; 163-164), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
30. საკასაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ თავდაპირველად მოსარჩელემ სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე აღძრა, თუმცა აღნიშნული პერიოდისათვის მოპასუხე მოვალეს არ წარმოადგენდა, არამედ მოვალე კასატორის აწ გარდაცვლილი ძმა - დ.წ–ი იყო; სესხის ხელშეკრულება ხანდაზმული იყო და მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა თანხის მოთხოვნის უფლება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორს მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მისი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდა, თუმცა მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულებას, მართალია, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეს საკუთრებაში მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გადაეცა (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი), თუმცა აღნიშნული არ არის წინამდებარე დავის საგანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმე ეხება ვინდიკაციურ სარჩელს, სესხის ხელშეკრულების ხანდაზმულობა და შესაბამისად მოსარჩელის საკუთრების უფლების საფუძველი შეგებებული სარჩელით შედავებული არ ყოფილა. მოპასუხე შეგებებულ სარჩელში უთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულება მოსარჩელესა და მის ძმას შორის დაიდო და სასამართლოს კასატორისათვის არ უნდა დეკისრებინა ფინანსური პასუხისმგებლობა, რაც ვერ გახდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ბ.წ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე