Facebook Twitter

საქმე №ას-1711-2019 11 თებერვალი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ც–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ.ც–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 22 535 ლარისა და 2017 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ თანხის წლიური 9.8%-ის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2016 წლის 14 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მხარდაჭერა გაეწია მოსარჩელისათვის მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში (გ.ც–ძისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე). შეთანხმების საჭიროება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მოსარჩელე გადიოდა მოყვარული პილოტის კურსებს. მოპასუხესა და საქართველოში მოქმედ სხვა საავიაციო სკოლებს ჩამოერთვათ უფლება, მოემზადებინათ მოყვარული პილოტები. მას შემდეგ, რაც ს.ს.უ–ს აღუდგა ასეთი სწავლების უფლება, შეთანხმების მიხედვით, კომპანიას უნდა უზრუნველეყო მოსარჩელისათვის მოყვარული პილოტის მოწმობის აღებაში მხარდაჭერა. მოყვარული პილოტის მოწმობის მოპოვების მიზნით მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს სოლიდური თანხა. მიუხედავად მისი არაერთგზის მცდელობისა და მიცემული დამატებით საკმაოდ დიდი ვადისა, მხარეთა შორის წარმოშობილი გაუგებრობა მოგვარებულიყო (მოპასუხეს შეესრულებინა მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება), უშედეგო აღმოჩნდა. მოსარჩელემ თავად მიმართა ს.ს.უ–ს (დღეის მდგომარეობით საქართველოში ერთადერთ სწავლების უფლების მქონე დაწესებულებას) და გამოითხოვა სწავლების პირობები. უნივერსიტეტიდან მოწერილი ფასების მიხედვით, სწავლება ღირს 18 950 ლარი, ამასთან, სწავლის წინ საჭიროა სამედიცინო კომისიის გავლა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 750 ლარს და დამატებით მოითხოვს რამოდენიმე ანალიზის წარდგენას, რომელთა ღირებულება შეადგენს 255 ლარს. მოპასუხე კომპანიაში კურსის გავლის პერიოდში მოსარჩელეს დასჭირდა ე.წ „ჯეპესენის“ კურსის გავლა, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 780 ლარი, რომელსაც გაუვიდა ვადა. ამასთან, საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა მდებარეობს თელავში და შესაბამისად ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს 1 800 ლარს (თითო გზა 20 ლარი). შესაბამისად ჯამში ეს ხარჯები შეადგენს 22 535 ლარს. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან მოპასუხე ფაქტობრივად წარმოადგენს ვალდებულების დამრღვევ მხარეს, მას მოთხოვნილ თანხასთან ერთად დამატებით უნდა დაეკისროს მისი წლიური 9,8%-ის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მას მოყვარული პილოტის კურსებზე მოსარჩელის სწავლების დაწყება სადავოდ არ გაუხდია, თუმცა, მისი განმარტებით, სწავლების გავლა უპირობოდ არ ნიშნავდა მოყვარული პილოტის მოწმობის აღებას, ვინაიდან კომპანიაში სწავლების ერთადერთი მიზანი იყო, მოსარჩელეს მოეპოვებინა გამოცდის ჩაბარების უფლება. 2016 წლის 14 იანვარს მხარეთა შორის მართლაც გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის თანახმად კომპანია იღებდა ვალდებულებას, შეთანხმების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით, მოსარჩელისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე, განეხორციელებინა მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში მოხდებოდა შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება კომპანიის ან სხვა ორგანიზაციის მიერ, თუმცა, მოსარჩელის მიერ არასწორად იქნა შეფასებული სადავო მორიგების აქტის პირობები. მას თავად უნდა გამოეხატა ნება, თუ კონკრეტულად რომელ სასწავლებელში სურდა სწავლა. მოპასუხე ვერ შეურჩევდა მას სასწავლებელს, ვინაიდან აღნიშნულზე მხარეთა შორის შეთანხმება არ მიღწეულა. ამ კუთხით მოსარჩელეს რაიმე ინიციატივა არ გამოუჩენია, სწორედ მას უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი, მიემართა მოპასუხისათვის, დაეფიქსირებინა ნება და მზადყოფნა სწავლის შესახებ. მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ მხარეებს ერთმანეთი არც უნახავთ. მოსარჩელემ საავიაციო უნივესიტეტიდან სწავლის საფასურის შესახებ პასუხი მიიღო 2017 წლის 22 ნოემბერს, თუმცა, მოპასუხისთვის არც ამჯერად მიუმართავს წერილობითი განცხადებით და ამ უკანასკნელმა აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2018 წლის 23 თებერვალს, სარჩელის ჩაბარების შემდეგ. მოპასუხეს მორიგების პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან მოსარჩელეს მორიგების აქტის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში არ მიუმართავს მოპასუხისთვის, შესაბამისად დაუსაბუთებელია ფინანსური ზარალის შესახებ მისი განცხადება. ვინაიდან მოსარჩელემ გაუშვა ერთწლიანი, მორიგების პირობებით გათვალისწინებული ვადა, ამ ეტაპზე კომპანიას არ აქვს ვალდებულება, დააფინანსოს მისი სწავლა. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ გ.ც–ძეს, მორიგების აქტის შესაბამისად, ჰქონდა მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არა კომპენსაცია, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, არამედ _ სამომავლო სავარაუდო სწავლების ხარჯის ანაზღაურებაა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 18 950 ლარის დაკისრებაზე უარის თქმისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 1 000 ლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტები) გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 950 ლარის გადახდა, განაწილდა მხარეთა შორის პროცესის ხარჯები, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2013 წლის 1 ნოემბრიდან - 2014 წლის მარტის ჩათვლით მოსარჩელემ კომპანიის სასწავლო-საფრენოსნო ცენტრში გაიარა მოყვარული პილოტის მომზადების კურსი;

1.2.2. 2014 წლის ივნისში მოპასუხემ მიმართა სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საგენტოს მოსარჩელისათვის მოყვარული მფრინავის (Private Pilot) მოწმობის გასაცემად, რაზეც 2014 წლის 3 ივნისს საგენტომ უარი განაცხადა. მოწმობის გაცემაზე უარი განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ კომპანიის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მიერ სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი პილოტ-კურსანტების, მათ შორის, გ.ც–ძის, სასწავლო პროცესში ჩართულობისა (თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული მომზადების ჩანაწერები) და ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთები. სწორედ ხსენებული საბუთების წარუდგენლობა დაედო საფუძვლად სააგენტოს მხრიდან აღნიშნული სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრამდე;

1.2.3. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკატო კომისიის სხდომაზე განხილული იქნა მოპასუხე კომპანიის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების საკითხი (2014 წლის 18 ივნისი), აგრეთვე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. შპს „ს–ს“ და სხვა ანალოგიურ დაწესებულებებს ჩამოერთვათ მოყვარული პილოტის მომზადების ლიცენზია. 2016 წლის 14 იანვრის მდგომარეობით ასეთი ლიცენზია საქართველოში მოქმედ არც ერთ სუბიექტს აღარ გააჩნდა;

1.2.4. 2015 წლის 25 დეკემბერს გ.ც–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ის“ მიმართ სწავლის საფასურად გადახდილი 7 000 ევროს, გაწეული ხარჯებისა და მიუღებელი შემოსავლის, ჯამში 43 970.16 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით გ.ც–ძის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად. სარჩელის გამოხმობის საფუძველი გახდა 2016 წლის 14 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი. მორიგების აქტის თანახმად:

- შპს „ს–ი“ იღებს ვალდებულებას, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს „ს–ის“ ხარჯით, გ.ც–ძისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე, განახორციელოს გ.ც–ძის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის (Private Pilot) მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში საქართველოში მოხდა შესაბამისი სასწავლო ლიცენზიის მიღება შპს „ს–ის“ ან სხვა ორგანიზაციის მიერ;

- მხარდაჭერა გამოხატული იქნება გ.ც–ძის გადამზადებაში თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში, შპს „ს–ის“ ხარჯით, გ.ც–ძისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე;

- ამასთან ერთად, ეს შეთანხმება და შპს „ს–ის“ მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ გ.ც–ძე აუცილებლად აიღებს მოყვარული პილოტის (Private Pilot) ლიცენზიას. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ გ.ც–ძის მიერ სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გამოცდების ჩაბარების შემდეგ;

- იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვადა გაივლის ისე, რომ საქართველოში ვერც შპს „ს–ი“ და ვერც სხვა ორგანიზაცია ვერ მიიღებს მოყვარული პილოტის (Private Pilot) მომზადების ლიცენზიას, შპს „ს–ი“ და გ.ც–ძე შეთანხმდებიან, შპს „ს–ის“ მიერ გ.ც–ძისათვის გადასახდელ კომპენსაციაზე;

1.2.5. შპს „ს.ს.უ–მა“ 2016 წლის სექტემბერში მიიღო მოყვარული პილოტების მომზადების ლიცენზია. ხსენებულ უნივერსიტეტში მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის საფასური შეადგენს 18 950.00 ლარს;

1.2.6. გ.ც–ძის მოთხოვნაა მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 14 იანვრის მორიგების აქტით ნაკისრი იმ ვალდებულების შესრულება, რომლის მიხედვით, შპს „ს–მა“ იკისრა ვალდებულება ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით, გ.ც–ძისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე, განახორციელოს მისი მხარდაჭერა მოყვარული პილოტის (Private Pilot) მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში საქართველოში მოხდა შესაბამისი სასწავლო ლიცენზიის მიღება შპს „ს–ის“ ან სხვა ორგანიზაციის მიერ. მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტით გათვალისწინებული ეს პირობა დადგა შეთანხმებითვე განსაზღვრულ ვადაში, თუმცა, მოპასუხეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება - შპს „ს.ს.უ–ში“ მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის საფასურის - 18 950.00 ლარის გადახდის (ფინანსური მხარდაჭერის) თაობაზე;

1.2.7. სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი ხარჯების (სწავლის საფასური, მგზავრობის ხარჯები, სამედიცინო სერთიფიკატისა და მოყვარული პილოტის ლიცენზიის აღების ხარჯები) ანაზღაურების დაკისრება, ასევე, იმ ხარჯების, რაც შესაძლოა მომავალში გაწიოს გ.ც–ძემ, მორიგების აქტით არ ყოფილა გათვალისწინებული.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება მოპასუხისათვის თანხის დაკისრების კანონიერება, რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, ამ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა (სსსკ-ის 264-ე მუხლის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში). უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი სარჩელი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესებიდანაა ნაწარმოები, რის გამოც, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408.1, 409-ე, 412-ე მუხლებია (სკ-ის 411-ე მუხლის წინაპირობებზე, როგორც ზემოთ ითქვა, საკასაციო პალატა არ იმსჯელებს). ხსენებული ნორმების ფარგლებში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო პირობითი გარიგება (სკ-ის 90-ე მუხლი) და ამ გარიგებით განსაზღვრულ ვადაში დადგა პირობა (სკ-ის 93.1 მუხლი), რის გამოც, მოპასუხეს წარმოეშვა შესრულების ვალდებულება. უდავოა, რომ მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა განხორციელებადია. რაც შეეხება თანხას, ვინაიდან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, მოვალის მიერ გასაწევი ხარჯების მისთვის ზიანის ანგარიშში დაკისრება გამართლებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 24.02.2020წ. #891116 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 947,50 ლარის 70% _ 663,25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ს–ს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 24.02.2020წ. #891116 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 947,50 ლარის 70% _ 663,25 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი