Facebook Twitter

საქმე №ას-823-2020 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) და ლ.გ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან დასაქმებული) შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება №1403 განუსაზღვრელი ვადით, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში (მოამბე) პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობა და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში დარიცხულ 1 625 ლარს (ტ.1,ს.ფ. 19-21).

2. მოსარჩელეს, 2018 წლის აგვისტოში, ადმინისტრაციამ აცნობა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, საათობრივი სამუშაო რეჟიმის განსაზღვრისა და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით ერთი გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრა 80 ლარით. იმავე შეთავაზების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე და უარის თქმის შემთხვევაში მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გაიცემოდა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 22, 28-29) (შენიშვნა: იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი).

3. დასახელებულ შეთავაზებაზე, შრომის ანაზღაურების შემცირების მოტივით, დასაქმებულმა უარი განაცხადა.

4. დამსაქმებელმა, 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე მიეცა კომპენსაცია (ტ.1,ს.ფ. 23).

5. დასაქმებულმა, 2018 წლის 21 სექტემბერს, განცხადებით მიმართა დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორს და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლების დასაბუთება (ტ.1,ს.ფ. 24).

6. დამსაქმებლის 2018 წლის 28 სექტემბრის მიმართვით, მოსარჩელეს განემარტა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას კი წარმოადგენდა საათობრივი დასაქმების თაობაზე სამუშაო რეჟიმის წინადადების მის მიერ მიუღებლობა.

7. დამსაქმებლის გენერალური დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, დასაქმებულის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის იდენტური მხოლოდ ერთი პოზიციაა, რომელიც ვაკანტური არ არის.

8. სასარჩელო მოთხოვნა

8.1. დასაქმებულმა, 2018 წლის 6 ნოემბერს, სარჩელით მიმართა სასამართლოს დამსაქმებლის წინააღმდეგ, მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დამსაქმებელი ორგანიზაციის პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 625 ლარი.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 16 250 ლარი.

11. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გათავისუფლებამდე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა, ხოლო, დამსაქმებელმა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

12.2. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა;

12.3. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ - პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობაზე, და მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი ხელფასი 2018 წლის 18 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე;

12.4. სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველზე გაამახვილა ყურადღება, გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები გასაჩივრებული ბრძანების მართლზომიერებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ დამსაქმებლის შეთავაზება, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არსებითად აუარესებდა განსახილველ შემთხვევაში, რაზეც უარი განაცხადა მოსარჩელემ, ვერ ჩაითვლებოდა ობიექტურ გარემოებად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის.

12.5. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ დამსაქმებლის პოზიცია, რომ ე.წ „ტურნიკეტის“ ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა სამუშაო დატვირთვის არათანაბარი განაწილება, რაც სამუშაო რეჟიმზე აისახებოდა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაო პოზიციის გათვალისწინებით, ვინაიდან ამ უკანასკნელს, გარე გადაღებების წარმოება ევალებოდა, რის გამოც, ბუნებრივია სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა იმ დატვირთვით, რაც ადმინისტრაციის ადგილზე მომუშავე თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ. აღნიშნულთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა, დასაქმებულის კომპეტენციის ან დარღვევის საფუძვლით არ მომხდარა.

12.6. სააპელაციო სასამართლო განმარტებით, დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის მტკიცება სამუშაო ძალის შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, 4 ტექნიკოსი აიყვანა სამუშაოზე, უვადოდ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში.

12.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, დასაქმებულის, გათავისუფლებამდე თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შესახებ, და დამსაქმებლის მტკიცების ტვირთზე მიუთითა, რომლის ფარგლებშიც, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო აღდგენის შეუძლებლობის შესახებ ფაქტის დამტკიცება, ამასთან, დამსაქმებლის განმარტება ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის შესახებ არ შეიძლებოდა დასაქმებულის უფლებების საუარესოდ განმარტებულიყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელს, კონკრეტული მტკიცებულება, ორგანიზაციაში, დასაქმებულის მსგავს თანამდებობაზე, სხვა დასაქმებულების შესახებ არ წარუდგენია და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

12.8. ზემოაღნიშნულის მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენა, რომელზეც გათავისუფლებამდე მუშაობდა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, დამსაქმებლისთვის დაკისრება.

13. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. დასაქმებულს ეკისრება ტოლფასი და ვაკანტური თანამდებობის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში არ განუხორციელებია, რაც დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით. დადგენილია, აგრეთვე, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული უვადო შრომის ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებული იკავებდა პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობას.

17. ამავე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ადმინისტრაციამ დასაქმებულს აცნობა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, საათობრივი სამუშაო რეჟიმის განსაზღვრისა და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით ერთი გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრა 80 ლარით. იმავე შეთავაზების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე და უარის თქმის შემთხვევაში მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გაიცემოდა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 22, 28-29) (შენიშვნა: იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი).

18. დადგენილია, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე, ხოლო, დამსაქმებელმა შეწყვიტა მასთან შრომით ხელშეკრულება დასახელებული ნორმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“.

19. საკასაციო სასამართლო უპირველესად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაზე იმსჯელებს და მიუთითებს შრომითი დავების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სამართალშეფარდების პროცესში, მტკიცების ტვირთის ზოგადი წესისგან განსხვავებულ გადანაწილებაზე, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც, ბრძანებაში, ასეთი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ნორმის დისპოზიციის, დასაქმებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან სწორ შეფარდებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნული შეფარდების პროცესში აუცილებელია ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპის გათვალისწინება, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.

20. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

21. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი ორგანიზაციის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ემტკიცებინა, რამდენად იყო მის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე, თანამდებობის ცვლილების თაობაზე, დასაქმებულის უარი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ამასთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ნორმა, რამდენად იქნებოდა ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტა მართლზომიერად შეწყვეტილად ჩაითვლებოდა.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თავად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ ნორმაზე (იხ. სშკ-ის 37.1(ო)-47.1(ო) მუხლი), და განმარტავს, რომ დასახელებულ მუხლში ჩამოთვლილია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, რომელთაგანაც, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება, სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით.

23. დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების სპეციალური წესის გათვალისწინებით დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურება, რაც სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დასძლია კასატორმა.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის ნაწილში, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს, და ამავე ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიებს.

25. განსხვავებით ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობას, დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და განმარტავს, დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენამდე საჭიროა დამატებითი კვლევა, დამსაქმებელ ორგანიზციაში არსებობს თუ არა იგივე თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული გათავისუფლებამდე მუშაობდა, აღნიშნულის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია თუ არა დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია სხვა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენით, ხოლო, ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანმიმდევრობით, უნდა შეფასდეს, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის ნაცვლად, ასეთი შეუძლებლობით გამოწვეული კომპენსაციის მიცემის საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

26. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივ დავებში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციფიკურობის მიუხედავად, დასაქმებულსაც გააჩნია ვალდებულება, დაამტკიცოს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ან ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მოსარჩელემ, ხოლო, მოპასუხემ წარადგინა წერილობითი ინფორმაცია, რომ "ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში ამჟამად გათვალისწინებულია პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის 1 პოზიცია. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ არის და მასზე დასაქმებულია თანამშრომელი, რომელიც ამ თანამდებობაზე გადაყვანილია 2019 წლის 3 იანვრიდან" (ტ.1,ს.ფ.186-187) რაც დამატებით კვლევასა და შესაბამის შეფასებას საჭიროებს.

27. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ლ.გ–ის პირვანდელ სამუშაო თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და საქმე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე