საქმე №ას-912-2020 11 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ქალაქ რუსთავის N10 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "რ.ჯ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ნარდობის საფასურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „რ.ჯ “-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელისათვის 3 810.42 ლარის გადახდა, საიდანაც სსიპ ქ. რუსთავის მე-10 საჯარო სკოლას (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) დაეკისრა 1 372.13 ლარის, ხოლო ა(ა)იპ კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) - 2 438.29 ლარის გადახდა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობა გასწორდა და მიეთითა: მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელისათვის 3 864.68 ლარის გადახდა, საიდანაც პირველ მოპასუხეს დაეკისრა - 1 542.2 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხეს - 2 322.48 ლარის გადახდა.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და თითოეულმა მათ წინააღმდეგ დაკმაყოფილებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით მეორე მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა, შემდეგ კი, იმავე სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებით, ხარვეზის გამოსწორების შედეგად სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373.1-ე, 374.2-ე მუხლებზე მითითებითა და 365-ე მუხლის მოწესრიგებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს 1542.2 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხეს - 2322.48 ლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ. პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულება 1 542.2 ლარს შეადგენს, რაც არ აკმაყოფილებს ქონებრივ-სამართლებრივ დავაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობას (2 000 ლარზე ნაკლებია) და შესაბამისად, წარმოშობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
8. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა, რის გამოც პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 3 864.68 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ პირველი აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
13. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ.; №ას-1305-2019, 21.11.2019წ., №ას-1582-2019, 28.02.2020წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ.,).
15. სსსკ-ი ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1542.2 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარში ნათლად და არაორაზროვნად ჩამოყალიბებულია სააპელაციო მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმების შესახებ და აქედან გამომდინარე დავის საგანი 2000 ლარს აღემატება, რადგან პირველი მოპასუხე ვერ მოითხოვს გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლას, რომელიც მას არ ეხება და რომლითაც, მოსარჩელის სასარგებლოდ, მას თანხის გადახდა არ დაკისრებია. შესაბამისად, სასამართლომ პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართებულად განსაზღვრა 1542.2 ლარით. ამდენად, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2000 ლარზე ნაკლებია, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
17.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქალაქ რუსთავის N10 საჯარო სკოლის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე