ბს-951-537-კს-05 30 ივნისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის კერძო საჩივარი, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2005წ. 19 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლებმა კ. კ-ემ და რ. ფ-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, შემდეგი საფუძვლით:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 06.09 გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა და რ. ბ-ეს ჩამოერთვა 12,42%-იანი წილი სს “ ს. ბ.”. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული იყო, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს რ. ბ-ის მიერ სს “ ს. ბ.” 12.48%-ის შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის დროს მათ მიერ წარდგენილი იქნა ინფორმაციები რ. ბ-ის მიერ აღნიშნული წილის შეძენის შესახებ. სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ რ. ბ-ე სს “ ს. ბ.” აქციონერი გახდა 1995წ. 15.12. მისი წილი საწესდებო კაპიტალში თავდაპირველად შეადგენდა 10,82%, წილის მოსაპოვებლად განხორციელებულმა შენატანმა შეადგინა 6308960 აშშ დოლარი, 2004წ. 16.03 მდგომარეობით რ. ბ-ის წილი საწესდებო კაპიტალში 12,42%, ხოლო აქციების საერთო ღირებულებამ 646040 ლარი შეადგინა. ამდენად, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ნაწილის მოპოვება მნიშვნელოვანი საფინანსო სახსრების არსებობის პირობებში იყო შესაძლო.
განმცხადებელმა მიუთითა სსკ-ის 423.1. “ვ” პუნქტი და განმარტა, რომ მათ მიერ მოძიებული იქნა 1993წ. 06.03. ¹3 ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია სს “ ს. ბ.” დამფუძნებლებსა და პრეზიდენტს შორის. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლო გამოიტანდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ისინი უთითებდნენ წარდგენილ საჩივარში. მითითებული ხელშეკრულება მოქმედებდა 1995წ. 15 დეკემბრამდე, ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა დამფუძნებლებისა და პრეზიდენტის მიერ და დამოწმებული იქნა სათანადო წესით. სს “ ს. ბ.” დამფუძნებელთა საერთო კრების 1995წ. 15.12. ¹11 კრების ოქმის მიხედვით შესრულებული იქნა 1993წ. 06.03 ¹3 ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები და რ. ბ-ე გახდა აქციონერი და მისი წილი საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა 10.82%-ით, ეს წილი ფულადი ერთეულში შეადგენდა 308 960 აშშ დოლარს. მითითებული ოქმის მე-2 პუნქტის მიხედვით ს. ბ. საწესდებო კაპიტალის გაზრდა მოხდა 1996წ. განმავლობაში დამფუძნებელთა შენატანებზე დარიცხული დავალიანების ხარჯზე. განმცხადებელი უთითებს “მეწარმეთა შესახებ”' კანონის 54.6 მუხლს და განმარტავს, რომ სააქციო საზოგადოების კრების ოქმი არ გასაჩივრებულა სასამართლოში, ბანკი ფუნქციონირებდა არსებული წესით, არცერთ მაკონტროლებელ ორგანოს სადაოდ არ გაუხდია რ. ბ-ის წილის კანონიერება, ხოლო თუ აქციონერებმა საკუთარი წილი უანგაროდ დაუთმეს სხვა პირებს და მათ შორის რ. ბ-ეს, ეს საკითხი შეიძლება სადაოდ გახადონ მხოლოდ აქციონერებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 19.05 განჩინებით რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
განცხადებაზე თანდართული ხელშეკრულების ¹3-ის ასლი, რომლის მოძიებაზეც მიუთითებდნენ განმცხადებლები, დათარიღებულია 1993წ. 06.03. და ხელშეკრულებას სხვა პირებთან ერთად ხელს აწერენ ე.წ “პრეტენდენტები” და, მათ შორის, რ. ბ-ე, განცხადების შინაარსიდან და მასზე დართული დოკუმენტებიდან არ დგინდება ის ფაქტი, თუ რა მიზეზის გამო ვერ წარმოადგინა მხარემ საქმის არსებითი განხილვის დროს, როცა ის არ შეიცავს საიდუმლოებებს და არსებობს 1993 წლიდან.
სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა სსკ-ის 423.1 “ვ” პუნქტი და III ნაწილი და მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული არ იყო მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობის მოტივებზე, რის გამოც განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. მით უფრო, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული ხელშეკრულების მოპოვების წყარო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლებმა კ. კ-ემ და რ. ფ-ემ რომლითაც მოითხოვეს მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სსკ-ის 285-ე მუხლი, განჩინებაში არ არის მითითებული მოტივებზე რომლითაც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, კანონი, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა, გასაჩივრებულ განჩინებას საერთოდ არ გააჩნია სამოტივაციო ნაწილი, 1993წ. 06.03 ხელშეკრულება განმცხადებლის მიერ მოპოვებული იქნა სს “ ს. ბ.” და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილია, მტკიცებულებების მოპოვების წყარო მითითებულია, ამასთან, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ ისარგებლა სსკ-ის მე-3 და 103-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის განჩინებით რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2005წ.19.05 და 2005წ. 08.06 განჩინებები და რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.2. და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ:
სსკ-ის 423.1. მუხლით გათვალისწინებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, “ა” _ “ვ” პუნქტებში მითითებული საფუძვლებით; ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
მითითებული ნორმით განსაზღვრულია სასამართლოს ვალდებულება შეამოწმოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი, განცხადების ყველა წინაპირობა, რომელიც დამოუკიდებელ საპროცესო სტადიას წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს მიერ კი კი რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ 2004წ. 19 მაისის განჩინებით სასამართლომ იმსჯელა, როგორც განცხადების დასაშვებობაზე, ასევე, საფუძვლებზე. ფორმულარის მიხედვით და შინაარსობრივად, მითითებული განჩინება წარმოადგენს სასამართლო აქტს, რომლითაც სასამართლო კოლეგიამ შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა, ამასთან გაჩინებით სასამართლო იმსჯელა ასევე განცხადების საფუძვლიანობაზე.
სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული განჩინებით ერთდროულად იმსჯელა, როგორც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის განცხადება განცხადებაში მითითებული გარემოებები საქმის წარმოების განახლების საფუძველს, მაშინ, როცა განცხადების დასაშვებობის შემოწმება და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შემოწმება ცალ-ცალკე საპროცესო სტადიაა, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობით დამოუკიდებლად წესრიგდება, ამასთან, ამ ორი საპროცესო სტადიით განხილვისას გამოტანილი განჩინება სხვადასხვა წესით საჩივრდება, კერძოდ, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმების შესახებ გამოტანილი განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრის შეტანის გზით (სსკ-ის 429 მუხლი), ხოლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის სტადიის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს განცხადებაში მითითებულ საფუძვლებზე, რომელიც საჩივრდება ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში, ანუ სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსკ-ის 430 მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობა მხოლოდ განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში არის შესაძლებელი, ამდენად, სსკ-ის 430-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას სასამართლო ატარებს მხოლოდ სსკ-ის 429-ე მუხლით დადგენილი განცხადების დასაშვებობის შემოწმების, ანუ განცხადების დასაშვებად მიჩნევის შემდეგ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად არის აღრეული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის საპროცესო სტადიები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის2005წ. 8 ივნისის განჩინება, რომლითაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის კერძო საჩივარი და განსახილველად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს სრულიად მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ, განჩინება სრულებით არ შეიცავს სამოტივაციო ნაწილს, არ არის მითითებული მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რითაც დარღვეულ იქნა სსკ-ის 285-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, შპს რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. აბაშიძის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 1.2 და სსკ-ის 399-ე, 404.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 19 მაისის და 2005წ. 8 ივნისის განჩინებები.
3. რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლების კ. კ-ის და რ. ფ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.