საქმე №ას-1218-2020 5 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "B.D. H." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადახდილი თანხის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე.ჯ.ე.კ–ის“ სარჩელი შპს "B.D.H "-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373.1-ე, 374.1-ე, 374.2-ე, 364-ე, 369.1-ე, 70-78-ე, 2591.1-ე, მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო, იმდენად, რამდენადაც მისი წარმომადგენელი ესწრებოდა და მონაწილეობდა 2019 წლის 8 ნოემბრის სასამართლოს სხდომაში, რა დროსაც განისაზღვრა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 2019 წლის 27 ნოემბერი; ამასთან, მხარეთა წარმომადგენლებს ჩამოერთვათ გაფრთხილების ხელწერილი გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ; აღნიშნულიდან გამომდინარე მხარე ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ა.გ–ა სასამართლოში 2020 წლის 7 ივლისს, დაგვიანებით გამოცხადდა და გადაწყვეტილების ასლიც ჩაიბარა; შესაბამისად, მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2019 წლის 28 დეკემბრიდან დაიწყო და 2020 წლის 10 იანვარს (მე-14 დღე) ამოიწურა; საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ა.გ–ამ ფოსტის მეშვეობით სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2020 წლის 20 ივლისს წარადგინა.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილი იყო კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი (საკასაციო საჩივრის ფორმით, თუმცა თავისი არსით კერძო საჩივარი) წარადგინა აპელანტმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა საქალაქო სასამართლომ კანონით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს გადაწყვეტილების ასლი არ ჩააბარა. მოპასუხე ითხოვდა, რომ მის მიერ მითითებულ მისამართზე უნდა გაეგზავნათ მისთვის გადაწყვეტილების ასლი, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მოპასუხემ ივარაუდა, რომ საქალაქო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება დროულად ვერ მოამზადა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, მას სასამართლოში განუმარტეს, რომ სასამართლო არ იყო ვალდებული მისთვის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა, ხოლო თავად პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო სასამართლოში გამოცხადება ვერ შეძლო. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით იგი 70 წელს მიღწეული პირია.
8. კერძო საჩივრის ავტორმა დავის არსებით გარემოებებზე მიუთითა და კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება იშუამდგომლა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა მოპასუხე კომპანიის (აპელანტი) წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი და მინდობილობა, ტ. 1, ს. ფ 239 და 87), თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლისათვის (იხ. სასამართლო უწყება/ხელწერილი, ტ. 1, ს. ფ. 231).
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 4-5 ქვეპუნქტებში.
14. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ, 2020 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 14 დღეში, 2020 წლის 10 იანვარს ამოიწურა.
15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხისათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2020 წლის 10 იანვარს (პარასკევი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 20 ივლისს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, ამასთან, არ ჩაჰბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მან მიმართა საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არ ჩააბარა. საქმეში განთავსებულია მოსარჩელის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლისა და მის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი, დათარიღებული 2020 წლის 18 თებერვლით. იქამდე კი მხოლოდ ერთხელ 2019 წლის 2 დეკემბერს, მიმართა სასამართლოს მოპასუხის წარმომადგენელმა და გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა ითხოვა. 2019 წლის 2 დეკემბერი არ ექცევა სსსკ-ის 2591-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში; სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სსსკ-ის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო მოხმობილ საპროცესო მოწესრიგებასა და არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლი აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ [დიდი პალატა] 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ვადები-არა უადრეს 20 დღისა და არა უგვიანეს 30 დღისა, განსხვავებული ინტერპრეტაციით არ გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარის (მისი წარმომადგენლის) გამოცხადება არა უადრეს 20 დღისა სწორედ იმას გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, მაგალითად, მე-5, მე-7 ან თუნდაც მე-19 დღეს გამოცხადება და განცხადებით გადაწყვეტილების მოთხოვნა არ წარმოადგენს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც დასახელებული საპროცესო ნორმითაა განსაზღვრული. კანონმდებლის ნება, რომლითაც განისაზღვრა, რომ მხარეს შეუძლია გამოცხადდეს არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, სწორედ იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს დრო დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად და მისი ჩაბარების მოთხოვნით მხარეს სასამართლოში გამოცხადება და წერილობითი განცხადების წარდგენა, ყველაზე ადრე, შეუძლია, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დღისა.
17. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, თუნდაც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევა და/ან აპელანტის მცდელობა, მოეპოვებინა ამ ვადაში გადაწყვეტილება, მისი პოზიცია მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციის შესახებ ემყარება არა რაიმე მტკიცებულებას, არამედ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რასაც უარყოფს სასამართლო და იმასაც განმატავს, რომ სასამართლო არ იყო ვალდებული მოპასუხისათვის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა, მოპასუხის წარმომადგენელი თავად იყო ვალდებული, სასამართლოში გამოცხადებულიყო. გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს და განსახილველ შემთხვევაში იგი კანონის დაცვით გამოთვალა სააპელაციო სასამართლომ.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან არაერთი განცხადებით მიმართა სასამართლოს, რის გამოც გასაჩივრების ვადა დარღვეულად არ უნდა ჩაეთვალოს. აპელანტის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი ვალდებულების შესახებ გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, თუმცა იგი უთითებს მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, რის გამოც სასამართლოში გამოცხადება ვერ შეძლო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსოფლიოში პანდემია 2020 წლის მარტის დასაწყისში გამოცხადდა (https://www.euro.who.int/en/health-topics/health-emergencies/coronavirus-covid-19/news/news/2020/3/who-announces-covid-19-outbreak-a-pandemic), ამის შემდეგ კი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის - საქართველოშიც. მოპასუხის წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად 2019 წლის 28 დეკემბრამდე უნდა გამოცხადებულიყო, იმ დროისათვის კი გლობალური პანდემიის შესახებ ინფორმაცია არ იყო დადასტურებული და არც რაიმე შეზღუდვები იყო ამოქმედებული. საკასაციო სასამართლო პანდემიის გამოცხადების თარიღზე, როგორც საყოველთაოდ ცნობილ გარემოებაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ უთითებს, რათა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას უპასუხოს, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, გლობალური პანდემიის გამოცხადება არ არის კავშირში მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან და დაუსაბუთებელია პრეტენზია გასაჩივრების ვადის დარღვევის ამ საფუძვლით საპატიოდ მისაჩნევად;
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
20. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ები: Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).
21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დავის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში ვერ შეფასდება, რადგან საკასაციო სასამართლო აფასებს გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერებას მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მას უარყოფს დაუსაბუთებლობის გამო და სსსკ-ის 419.2-ე, 420-ე, 408.3-ე მუხლებზე მიუთითებს.
22. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "B.D.H"-ს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური