Facebook Twitter

საქმე №ას-1431-2020 5 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ი.ტ–ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "დ.ს.კ.ი–ო" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი.ტ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე), ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2020 წლის 7 ოქტომბერს 12:00 საათზე; მხარეებს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც ეცნობა საქმის განხილვის შესახებ კანონით დადგენილი წესით; მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

6. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტის წარმომადგენელს ქ.ა–ძეს სააპელაციო სასამართლოში 07.10.2020 წ. 12:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ ეცნობა 2020 წლის 14 სექტემბერს, სასამართლო შეტყობინების შესახებ სატელეფონო აქტით, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.3-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერსა და 7 ოქტომბერს, აპელანტმა განცხადებები წარადგინა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. როგორც განცხადებებშია აღნიშნული, მოსარჩელე კომპანიის დირექტორი ე.ლ–ა არის ისრაელის მოქალაქე და მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი ქ.ა–ძე 2020 წლის 7 ოქტომბერს, როგორც შპს „მ.ღ.მ–ს“ ადვოკატი მონაწილეობას იღებდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე საჩივრის განხილვაში. განცხადებას ერთვოდა აპელანტის წარმომადგენლის წერილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსადმი, შპს „მ.ღ.მ–ს“ საჩივრის განხილვის ზუსტი თარიღის ცნობის მოთხოვნის შესახებ.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოცემული საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა 2020 წლის 14 სექტემბერს. ქ.ა–ძემ შპს „მ.ღ.მ–ს“ საჩივრის განხილვის ზუსტი თარიღის ცნობის მოთხოვნის შესახებ წერილით დავების განმხილველ საბჭოს მიმართა სასამართლო სხდომის დღეს 2020 წლის 7 ოქტომბერს. თუმცა საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ მისი მიმართვა, და არ არის ადრესატის გაცემული პასუხი, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას რომ სასამართლო სხდომის დღეს და კონკრეტულად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საათზე იხილებოდა შპს „მ.ღ.მ–ს“ საჩივარი. ამდენად იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რომ შპს „მ.ღ.მ–ს“ საჩივრის განხილვის დღე და საათი ემთხვეოდა სააპელაციო სასამართლოში სხდომის დღეს და საათს მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია რომ არ არსებობს მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები და სასამართლო სხდომის გადადების სსსკ-ის 215-ე და 216-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 7 ოქტომბერს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით, და საქმის განხილვის გადადების საპატიო მიზეზის არარსებობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი იმის გამო იქნა განუხილველად დატოვებული, რომ აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს „მ.ღ.მ–ს“ საჩივრის განხილვის დღე და საათი ემთხვეოდა სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე დანიშნული სხდომის დღესა და საათს.

13. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით მან კომპანიის დირექტორსაც და სასამართლოსაც წინასწარ აცნობა, რომ საქმეზე დანიშნული სხდომის პარალელურად განხილვა ჰქონდა სხვა კომპანიის საჩივარზე. მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა თავად მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და სხდომის სხვა დროისათვის გადადება იშუამდგომლა, რადგან მას სურდა სხდომას დასწრებოდა, პანდემიის გამო კი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

14. მხარემ კერძო საჩივარს დაურთო შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 ოქტომბრის #21-04/125097 ცნობა და მიუთითა, რომ ამ დოკუმენტით უდავოდ დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და განსაზღვრა მომჩივანთა ურთიერთობის წესი. საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე სხდომის ჩატარების წინა დღეს, 2020 წლის 6 ოქტომბერს გადამხდელს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით აცნობა, რომ შპს „მ.ღ.მ–ს“ საჩივრის განხილვა ჩანიშნული იქნა 2020 წლის 7 ოქტომბერს 12:10 საათზე. ამდენად, სწორედ ამ საფუძვლით იყო განპირობებული, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს უმოკლეს ვადაში, სამუშაო საათების დაწყებისთანავე მიმართა წარმომადგენელმა შესაბამისი ცნობის წერილობით გაცემის თაობაზე, თუმცა ცნობის გაცემა და მისი სასამართლოსათვის წარდგენა ვერ მოხერხდა 12:00 საათამდე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი კერძო საჩივარი თანდართული მტკიცებულებით და დაასკვნა, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

16. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა და მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუადგომლა.

17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა და მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად დარჩეს.

18. სსსკ-ის 229-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

19. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ, აპელანტისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, ის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

21. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დასახელებული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.2018 წ).

22. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 7 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, აპელანტი კომპანიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი მისი იმავე დღეს და იმავე საათზე სხვა სხდომაში მონაწილეობა იყო (იხ. ცნობა, ტ. 4, ს. ფ. 89). სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავამდყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტის მხრიდან საქმისადმი ინტერესის დაკარგვის ფაქტი და საქმის გაჭიანურების სურვილი. ასევე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიზეზად სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ დავების საბჭოში გამართული სხდომის შესახებ ცნობის არარსებობა მიიჩნია(იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი, ასევე- გასაჩივრებული განჩინება- ტ.4, ს.ფ. 82). მოცემულ შემთხვევაში აპელანტის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მხარის წარმომადგენელმა წარმოადგინა ცნობა დავების საბჭოდან, რომლითაც მკაფიოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხდომის დღესა და საათზე მართლაც მონაწილეობდა დავების საბჭოში საჩივრის განხილვაში, შესაბამისად, დადასტურებულია მხარის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რომელიც საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია იმას ეფუძნებოდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს არ წარუდგენია სასამართლოსათვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „მ.ღ.მ–ს“ საჩივრის განხილვის დღე და საათი ემთხვეოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე წარმომადგენლის მონაწილოებით განსაზღვრვრულ სხდომას (დღესა და საათს), რომელიც სააპელაციო სასამართლოში შედგა. ამ გარემოებას უტყუარად ადასტურებს 2020 წლის 7 ოქტომბერს გაცემული კერძო საჩივარზე დართული ცნობა, რის გამოც გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა, რაც სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

24. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ი.ტ–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შპს "ი.ტ–ის" სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე