Facebook Twitter

საქმე №ას-70-2021 12 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ი–ი, ს.რ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მადონა ი–ი, ს. ი–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლის და სამკვიდრო მოწმობის დადგენისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდროდან წილის გამოყოფა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მადონა და ს. ი–ების სარჩელი მოპასუხეების მ. ი–ის, ს.რ–ის და ლ.პ–ას წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, სამკვიდროდან წილის გამოყოფის, და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2021 წლის 1 ოქტომბერს, ლ.პ–ას წარმომადგენელმა მ.დ–მა, სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ლ.პ–ას გარდაცვალების მოწმობა, რომლის მიხედვითაც ლ.პ–ა გარდაიცვალა 2018 წლის 30 ივლისს. მას სასამართლომ განუსაზღვრა დრო სამკვიდრო მოწმობის წარმოსადგენად და განემარტა, რომ თუ სასამართლო სხდომამდე 2020 წლის 19 ნოემბრამდე ორი კვირით ადრე არ წარმოადგენდა დოკუმენტს, საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაერთვებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მოპასუხის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა სამკვიდრო მოწმობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უფლებამონაცვლის და სამკვიდრო მოწმობის დადგენისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს მ.დ–ს ჩაბარდა, 2021 წლის 22 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი–ის და ს.რ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს მ.დ–ს ჩაბარდა 2021 წლის 22 თებერვალს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მ. ი–ის და ს.რ–ისთვის ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 23 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 1 მარტს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი გამოესწორებინათ 2021 წლის 1 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ი–ის და ს.რ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ი–ის და ს.რ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი