საქმე №ას-70-2021 15 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ი–ი, ს.ი–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლის და სამკვიდრო მოწმობის დადგენისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდროდან წილის გამოყოფა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მადონა და ს.ი–ების სარჩელი მოპასუხეების მ.ი–ის, შ.რ–ის და ლ.პ–ას წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, სამკვიდროდან წილის გამოყოფის, და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2021 წლის 1 ოქტომბერს, ლ.პ–ას წარმომადგენელმა რ.დ–მა, სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ლ.პ–ას გარდაცვალების მოწმობა, რომლის მიხედვითაც ლ.პ–ა გარდაიცვალა 2018 წლის 30 ივლისს. მას სასამართლომ განუსაზღვრა დრო სამკვიდრო მოწმობის წარმოსადგენად და განემარტა, რომ თუ სასამართლო სხდომამდე 2020 წლის 19 ნოემბრამდე ორი კვირით ადრე არ წარმოადგენდა დოკუმენტს, საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაერთვებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მოპასუხის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა სამკვიდრო მოწმობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების ასლი 2020 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით (ტ. 2, ს.ფ. 135). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 31 დეკემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 11 იანვარს, თუმცა ვინაიდან 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადებული იყო უქმე დღეები, კერძო საჩივრის ავტორს საჩივრის წარდგენა შეეძლო 2021 წლის 18 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2021 წლის 27 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. საფოსტო კონვერტი, ტ.2, ს.ფ. 160).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი