Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-9-55-კ.ს-03 21 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ი. ლაეგაშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 16 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიამ მოპასუხის ქ. თბილისის საკრებულოსა და მე-3 პირის იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს 18.03.03წ. ¹4-12, ¹4-16 განკარგულებებისა და ამავეწ. 25 მარტის ¹5-2 განკარგულების ბათილად ცნობა. Aმასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს თავი შეეკავებინა იმ მოქმედებებისაგან, რასაც ზემოაღნიშნული აქტები ითვალისწინებდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 აპრილის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, იმავე დღეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიღო მეორე განჩინება, რომლითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლზე მითითებით ქ. თბილისის საკრებულოს დაევალა, თავი შეეკავებინა იმ მოქმედებებისაგან, რაც დაკავშირებული იქნებოდა სადავო აქტების აღსრულებასთან. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა შემდგომში საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას და სსკ-ს 191-ე მუხლზე დაყრდნობით, საჭიროდ მიიჩნია, სარჩელის უზრუნველყოფის ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოყენება.

მითითებული განჩინება გასაჩივრებული იქნა თბილისის საკრებულოს მიერ, რომელმაც კერძო საჩივარში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელეს, სსკ-ს 195-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად უნდა მოეთხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ აქტი ძალაშია იგი უნდა შესრულდეს და არავის არა აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს იმ მოქმედების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს ძალაში მყოფი აქტიდან.

ქ. თბილისის საკრებულოს სადავო გადაწყვეტილებების აღსრულება დროის მოკლე პერიოდში ან ერთჯერადი ქმედებით შეუძლებელია, აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს მინიმუმ ორ თვეს, ასე, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლებელია საკრებულოს ამ გადაწყვეტილების პრაქტიკული აღსრულება. შესაბამისად, დროებით განჩინებაში მოყვანილი არგუმენტები, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობამ შესაძლოა გააძნელოს შემდგომში საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ან არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესებს, უსაფუძვლოა.

თბილისის მერიის სარჩელი დაუშვებელია, ვინაიდან, აღნიშნული არ პასუხობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

ყოველივე აღნიშნულზე მითითებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 აპრილის განჩინების გაუქმებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 05 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

ამავე კოდექსის 31-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-25 მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელებთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით გამოიტანოს განჩინება დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ.

საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის სასარჩელო განცხადება ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 18 მარტის ¹4-12, 4-16 გადაწყვეტილებებისა და 2003წ. 28 მარტის ¹5-2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სადაც მხარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითხოვს, ქ. თბილისის საკრებულოს დაევალოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოქმედებისაგან თავის შეკავება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა წარმოადგენს მხარის უფლებას და შესაბამისად, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთ-ერთი ღონისძიება.

გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლო გამოვიდა მხარის მოთხოვნიდან და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან, რის გამოც, კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრება მითითებულ ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ სადავო აქტების აღსრულება საჭიროებს დროის ხანგრძლივ პერიოდს, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უშედეგოა.

სადავო აქტები არ ატარებენ ერთჯერად ხასიათს, მათი აღსრულება საჭიროებს რიგი ქმედებების განხორციელებას, რამაც საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, შესაძლოა შელახოს სხვა პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. საყურადღებოა, რომ ამ უკანასკნელი მოსაზრების წინააღმდეგ კერძო საჩივრის ავტორს არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაუშვებელია, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ის გარემოება, თუ რამდენად აყენებს სადავო აქტები მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს ზიანს, წარმოადგენს არსებითი განხილვის საგანს, რომელიც განსაზღვრული ვერ იქნება სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.