Facebook Twitter

საქმე №ას-1005-2020 26 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს "მ.ბ–ი"(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ა, გ.თ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ.ს.ბ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, მ, აპელანტი ან კასატორი) და ა.გ–ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე) შორის, 2014 წლის 22 ოქტომბერს, გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხე სამომხმარებლო სესხების მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა (ტომი I, ს.ფ 23-28).

2. კომპანიასა და გ.თ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) შორის, 2014 წლის 20 ნოემბერს, გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხე ძვირფასი ლითონებისა და თვლების ექსპერტ-შემფასებლისა და მოლარე ოპერატორის პოზიციაზე დაინიშნა (ტომი I, ს.ფ 17-22).

3. მოპასუხეებმა კომპანიის კუთვნილი 1113 ლარი მიითვისეს. 2016 წლის 12 თებერვალს მათ ბრალი წარედგინათ. მოპასუხეებმა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, დანაშაული აღიარეს და მითვისებული თანხა დააბრუნეს (ტომი I, ს.ფ 130).

4. მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია (მხარეთა ახნა-განმარტება).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 28 მარტს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მიყენებული ზიანის 20260 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

5.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეების მიერ 1113 ლარის მითვისების შემდეგ, კომპანიამ განახორციელა ხელახალი რევიზია, შეისწავლა მათ მიერ გაცემული სესხების ისტორია და გამოირკვა, რომ ყოფილმა დასაქმებულებმა თავიანთი ე.წ „იუზერით“ და პაროლით 24 სესხი გასცეს. მსესხებლები რეალურად არ არსებობდნენ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მსესხებელთა პირადი ნომრები, სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები არ იყო რეალური. სესხებზე ვერ იქნა მოძიებული გასავლისა და შემოსავლის ორდერები, ხელშეკრულებები და დაგირავებული ოქროს ნივთები.მოპასუხეებმა , ჯამში 20260 ლარი მიითვისეს. შემოწმების სისწორე დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც.

6. მოპასუხეების პოზიცია

6.1 მოპასუხეებმა ერთობლივად წარდგენილი შესაგებლით კომპანიის სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომის სამართლებრივი ურთიერთობა. დამსაქმებელმა დასაქმებულებს არ აუნაზღაურა 2 თვის ხელფასი და 1113 ლარი, რომელიც მათ სალაროდან აიღეს, მათი შრომის ანაზღაურება იყო. „მ“-მ პროკურატურას მიმართა, რათა გამოძიებულიყო 24 სესხის გაცემის ფაქტი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას, თუმცა დღემდე არც დაზარალებული და არც ბრალდებული არ დაუდგენია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ვერ პასუხობს საექსპერტო კვლევის სტანდარტს და დაუშვებელი მტკიცებულებაა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით „მ“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 992-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით.

7.3 საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეების ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მსესხებლები არ არსებობენ ან თანხა მოპასუხეებმა მიითვისეს. ასევე არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეებმა პროგრამაში რაიმე მონაცემი წაშალეს.

7.4 სასამართლოს განმარტებით, დავის სპეციფიკა მოიცავს ისეთ გარემოებებს, რომელთა დადასტურება თავად მხარეებს არ ხელეწიფებათ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა სესხი არარსებულ პიროვნებებზე გასცეს და მსესხებლების პერსონალური მონაცემები გამოგონილია. ამ გარემოების დადასტურება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე შეუძლებელია. არც მოპასუხე მხარეს აქვს ობიექტურად იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლოს წარმოუდგინოს მტკიცებულება, კონკრეტული პიროვნება, შესაბამისი პირადი ნომრით, არსებობს თუ არა.

7.5 სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ჩვეულებრივ, მტკიცების ტვირთი მას ეკისრება, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს, ანუ ხელშეკრულებების არსებობა მოპასუხეების სამტკიცებელი იქნებოდა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხეებზე ვერ გადავა, ვინაიდან ისინი აღარ იმყოფებიან შრომით ურთიერთობაში მოსარჩელესთან და ხელი არ მიუწვდებათ კომპანიაში არსებულ დოკუმენტაციაზე. გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არავის მოეთხოვება, სახლში იქონიოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დადებული ხელშეკრულებების ასლები, უფრო მეტიც, ასეთი ასლების გადაღებით და შენახვით მოპასუხეები არსებითად დაარღვევდნენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

7.6. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო დავის ფარგლებში დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის ყოველთვის სავალდებულო არ არის განაჩენის არსებობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, არამართლზომიერი ქმედება სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. მოსარჩელის მიერ მითითებული არამართლზომიერი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ეკონომიკურ დანაშაულთა კატეგორიაში შემავალ ქმედებას განეკუთვნება. დანაშაულის ჩადენა კი შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

7.7 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შუამდგომლობით გამოთხოვილ სისხლის სამართლის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა. აღნიშნული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეების მიმართ არათუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არსებობს, არამედ მათი ბრალდებაც კი არ მომხდარა. ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, არის გამომძიებლის მიერ შედგენილი აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ მან დარეკა მსესხებლების ტელეფონის ნომრებზე და ნაწილი არასწორი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, ასეთი განმარტება ვერ ადასტურებს იმას, რომ კონკრეტული პიროვნებები (მსესხებლები) არ არსებობენ.

7.8 სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხის მითვისების ფაქტი ვერ დადასტურდება მხოლოდ მოსარჩელის თანამშრომლების მიერ შედგენილი შემოწმების აქტით და მოწმეთა ჩვენებებით.

7.9 სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებები, რადგან, ისინი მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული პირები არიან, ხოლო ზ. მ–ი და ბ. მ–ი „მ“-ს დამფუძნებლების ოჯახის წევრები.

7.10 სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვანაც შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ ნაღდი ფულის შემოსავალს და გასავალს შორის სხვაობას ადგენს. ამასთან, დასკვნასთან მიმართებაში მოპასუხეების შედავებასაც უპასუხა და განმარტა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მოპასუხეების არამართლზომიერი ქმედება ვერ დასტურდება, დასკვნის, როგორც წერილობითი მტკიცებულების, სსსკ-ის სტანდარტებთან შესაბამბის შეფასებას მნიშვნელობა აღარ აქვს.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

9.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 317-ე მუხლის გათვალისწინებით დელიქტურ ვალდებულებებზე მიუთითა და სსკ-ის 992-ე მუხლის „პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ მიხედვით განმარტა, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (სუსგ.№ას-72-72-2018,15.02.2018წ). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

9.4. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება; 4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი (სუსგ. საქმე №ას-1127-1047-2017, 18.10.2018წ).

9.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9.6. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი განაცხადი - 24 გირაოთი უზრუნველყოფილი სესხის შესახებ, რომელიც გაცემულია მოპასუხეების მიერ და მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს, მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტს.

9.7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხეებმა სესხი არარსებულ პირებთან გააფორმეს, მისი მართებულობის პირობებშიც კი, ქმედების მართლსაწინააღმდეგოდ დაკვალიფიცირების საშუალებას არ იძლევა, რადგან საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხვის ფაქტი, არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება.

9.8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ თანხას რეალურად განცდილ ზიანად მიიჩნევდა სასამართლო, სარჩელს წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა, ვინაიდან ქმედებასა და მოსარჩელის მიერ გაცხადებულ ზიანს (20 260 ლარი) შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა არ დგინდება.

9.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე თანდართული სისხლის სამართლის მასალებიდან არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეებმა განახორციელეს ისეთი ქმედება, რომელსაც შედეგად კომპანიისთვის ზიანის მიყენება მოჰყვა.

9.10. სააპელაციომ სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოწმედ დაკითხული პირების შეფასებებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ ყველა მათგანი მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული პირია და „მ“ - თან სუბორდინაციული ურთიერთობა გააჩნია, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობის და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 მოსარჩელე კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა მოპასუხეების ბრალეულობას. საქმის მასალებში წარდგენილია რიგი მტკიცებულებები ზიანის მიყენების უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით. მაგალითად, ისეთი მნიშვენლოვანი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა: მოპასუხეების მხრიდან გაცემული სესხის თანხების წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა, დაგირავებული ნივთების არარსებობის ფაქტი, ექსპერტიზის და შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დადგენილი პირების სინამდვილეში არარსებობის ფაქტი, სადავო თანხებზე სალაროს შემოსავლის ორდერების არარსებობის ფაქტი, პროცენტის გადახდის უდავო ფაქტობრივი გარემოებები და სხვა.

10.3. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეების მიერ ე.წ „იუზერით“ გაცემული იქნა სესხი სხვადასხვა დროს, ასევე, წარდგენილია მტკიცებულებები, რომ სესხების გაცემის მთლიან პერიოდში არსებული თავდაპირველი და საბოლოო ნაშთის სხვაობა სწორედ ის თანხაა, რაც მოპასუხეებმა უკანონოდ მიითვისეს. ექსპერიტიზის დასკვნით, მოპასუხეების ე.წ „იუზერით“ დამტკიცებული და შემდეგ გაცემული სესხები დასტურდება.

10.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მოპასუხეებს ეკისრებათ, უზრუნველყონ საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა.

10.5. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას და მოწმეთა ჩვენებებს.

10.6. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია 2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარდგენილი განცხადება სადავოდ მიჩნეული თანხების ბრუნვის შესახებ, ასევე კომპანიაში შედგენილი 2015 წლის 25 მარტით დათარიღებული შემოწმების აქტი, რაც ადასტურებს მითითებულ პერიოდში თანხის გასვლის და საბოლოო ნაშთის შესახებ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, სადავო თანხის 20260 ლარის გატანა მოხდა მოპასუხეების მიერ კომპანიაში მუშაობის პერიოდში.

10.7. სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებაში უთითებს სსკ-ის 408-ე, 992-ე მუხლებზე, თუმცა, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად კვლევის შედეგად ვერ მიდის სწორ სამართლებრივ დასკვნამდე.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა - ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის)არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ. სუსგ№ას-1768-2017, 29.05.2020წ; იხ.სუსგ№ას-1773-2019, 13.03.2020წ).

20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ არ დგინდებოდა მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაა დადგენილი, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციურად არსებობა უნდაგამოვლინდეს: 1. ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 3. მიზეზრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. 4. ბრალეულობა. მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ საქმეში არსებული და დადასტურებული გარემოებებით დადგინდა ზემოაღნიშნული წინაპირობები, პირს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, ე.ი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოხმობილი ნორმის დისპოზიციას უნდა წარმოშობდეს და თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას საფუძველშივე გამორიცხავს. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ №ას-809-776-2016, 4 აპრილი, 2017 წელი).

22. ამასთან, სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

24. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) მოპასუხეების მხრიდან მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტზე უთითებს. თუმცა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ ადასტურებს მათ ბრალეულობას.

25. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოპასუხეების ბრალეულობის დამადასტურებელ შესატყვის მტკიცებულებად ვერ განიხილება წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე თანდართული სისხლის სამართლის მასალები - გამოძიების დაწყების შესახებ კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე.

26. სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში შესაბამისი ორგანოების კვლევის საგანს სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს, ჩაიდინეს თუ არა მოპასუხეებმა მართლსაწინაღმდეგო და ბრალეული ქმედება. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას კი ადასტურებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

27. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ზიანის არსებობის შესახებ. სწორედ სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში დგინდება და დასტურდება კონკრეტული ქმედება არის თუ არა დანაშაულის ნიშნების შემცველი და ზიანის გამომწვევი. ასევე დგინდება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტიც (იხ. სუსგ №ას-1322-2018, 4 აპრილი, 2019 წელი).

28 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ უკავშირებს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარ განაჩენს. ასეთი განაჩენი მოთხოვნის უფლების მქონე პირს ათავისუფლებს მხოლოდ მტკიცების ტვირთისაგან. სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ გამორიცხავს, არ აქარწყლებს პირის უფლებას, სამოქალაქო-სამართლებრივი პრეტენზიის წაყენების შესახებ მანამდე, მისი მსვლელობისას ან მის გარეშე.

29. თუმცა ასეთ ვითარებაში, საჭიროა, რომ სახეზე იყოს ე.წ. „გენერალური დელიქტის“ სრული შემადგენლობა: მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი. ამასთან, ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა). ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს გენერალური დელიქტის იურიდიულ შემადგენლობას რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

30. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმის განხილვისას დაარღვიეს მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ ზოგადი წესების გათვალისწინებით, რომელიც ახასიათებს საპროცესო სამართალწარმოებას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.

31. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის განხილვისას მტკიცების ტვირთის ზოგადი წესიდან გამონაკლისის დადგენას არც პროცესუალური კანონმდებლობა და არც სამოსამართლო სამართალი (პრაქტიკა) არ იცნობს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დელიქტური ვალდებულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა წარდგენა უფრო ლოგიკური და ბუნებრივია, რომ დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, ხოლო მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ფარგლებში ევალება, რომ წარადგინოს შედავება, რომელიც სრულად (ან ნაწილობრივ) გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულებელო წინაპირობებს (ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ერთობლიობას) (იხ. სუსგ№ას-80-80-2018, 20 აპრილი, 2018 წელი).

32. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხეებმა მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენეს.

33. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხეების მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი სათანადოდ ვერ დაასაბუთა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები.

34. საკასაციო სასამართლომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართალწარმოებებში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკაშირებით ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების მიზნებისათვის მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრეს განეკუთვნება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის“ (იხ. სუსგ ას-N521-494-2015, 23.10.2015). მაშასადამე, მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება, რისი დამაჯერებლად განხორციელებაც მოსარჩელისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს განაპირობებს.

35. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთის დაცვას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რა დროსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმის გამორკვევას, თუ რა შემთხვევაშია მოთხოვნა განხორციელებადი. ამ მიზნის მისაღწევად მოსარჩელემ რამდენიმე სამართლებრივი კომპონენტის (ფაქტობრივი გარემოებების) ერთობლიობა უნდა დაადასტუროს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საჭირო წინაპირობების გამორკვევის მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განამარტებული: „ზიანის დაკისრების მატერიალურ საფუძველს ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლი (დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი ნორმა), რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს და შედგება შემდეგი კომპონენტების ერთობლიობისაგან: ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა, კერძოდ, ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, ანუ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის“ (იხ.სუსგ-ები: N 521-494-2015, N ას-593-568-2016, N ას-1114-1034-2017, N ას-1185-1105-2017, N ას-72-72-2018; N 1158-1078-2017; N ას 150-150-2018).

36. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან მოსარჩელემ ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი და ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 9.5-9.10 ქვეპუნქტები), ვერ დაამტკიცა მოპასუხეების ბრალეული და მართლსაწინაარმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "მ.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "მ.ბ–ს" (ს/კ …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1013 ლარის (საგადახდო დავალება N3844334, გადახდის თარიღი 2020 წლის 19 დეკემბერი), 70% – 709,1 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური