საქმე №ას-252-2021 19 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.თ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ფ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2019წ. გადაწყვეტილებით ს.ფ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სასარჩელო მოთხოვნა ნ.თ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ....., ს/კ ...... და მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 76-81). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის სრულყოფილად შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ს.ფ. 138-142).
3. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
5. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
6. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით:
სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 416-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისთვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისთვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
ამდენად, აღნიშნული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი).
7. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსით 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით (იხ.: ს.ფ. 89; 147). საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ გზავნილი კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა პირადად 09.02.2021წ. (იხ.: შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ს.ფ.148).
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
9. მოცემულ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 22 თებერვალს (რადგან გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო კვირა). საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა 23.02.2021წ. (იხ.: კერძო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღი ს.ფ.151). 23 თებერვალია შედგენის თარიღად მითითებული თავად კერძო საჩივარშიც (იხ.: კერძო საჩივარი, ს.ფ.149,150). ამდენად, კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1555-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი, №ას-906-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-79-2021, 8 თებერვალი, 2021 წელი).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 416-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე