საქმე №ას-1495-2020 12 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ც–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.დ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ც–ის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ, მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნოტარიუს მ.დ–ის მიერ 2019 წლის 17 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 190554017) შევიდა ცვლილება და მერვე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: 17.05.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს: სესხის ძირითადი თანხის სახით: 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სამი თვის მიუღებელი სარგებელი: 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, ასევე 2018 (ორი ათას თვრამეტი) წლის 27 (ოცდაშვიდი) ივლისიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, და სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული სანოტარო მომსახურების ხარჯი: 120 (ასოცი) ლარი“; საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითთითებული პროცენტის (0.01%) შესაბამისად უნდა განისაზღვროს (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ს.ფ. 129).
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა 2019 წლის 17 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას პირგასამტეხლოს ნაწილში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის შემცირებას 0.01%-მდე, სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის - 8 275 ლარის შემცირებას 827 ლარამდე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული. მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელე კი ასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: კერძო საჩივრის ავტორი პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 827 ლარის დაკისრებას ითხოვდა; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის სარჩელში მითითებული მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის 0,01%-ის, კერძოდ, 875 ლარის დაკისრების თაობაზე; სასამართლომ პირგასამტეხლოს დენადობა განსაზღვრა სააღსრულებო წარმოებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირთა წრეს, ესენი არიან: ა) დავის მხარეები და ბ) დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირები. დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მათ შორის მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა 2019 წლის 17 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას პირგასამტეხლოს ნაწილში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის შემცირებას 0.01%-მდე, სარჩელის აღძვრის დროისათვის, მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის - 8 275 ლარის შემცირებას 827 ლარამდე (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 8). სხვა მოთხოვნა, მაგალითად, პირგასამტეხლოს დარიცხვის საერთოდ შეჩერება სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოსარჩელეს არ ჰქონია.
19. დადგენილია ასევე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად (იხ. ტომი 1, ს.ფ 121-130).
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარის ავტორის სიტყვიერ განმარტებას, რომ მას განსხვავებული სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა, რამდენადაც აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 8).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც მისი სასარჩელო მოთხოვნის განსხვავებულ შინაარსზე მიუთითებდა.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.დ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი