Facebook Twitter

8 აპრილი, 2021 წელი,

საქმე №ას-312-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.გ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ი.ბ–ი, ნოტარიუსი დ.ფ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლისა და იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 17 სექტემბერს ი.ბ–სა (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი, კრედიტორი) და გ.გ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, მოვალე, კასატორი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა გამსესხებლისგან ისესხა 11 000 აშშ დოლარი, ერთი თვით, სესხის ძირითად თანხაზე თვეში 3%-ის დარიცხვით.

2. ხსენებული სესხი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის ქონებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელობისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, ყოველდღიურად სესხის თანხის 0.1 %-ის ოდენობით.

3. 2017 წლის 17 აპრილს მოსარჩელემ და მოპასუხემ დადეს კიდევ ერთი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ისესხა 6 200 ლარი, ერთი თვის ვადით, სესხის ძირითად თანხაზე თვეში 3%-ის დარიცხვით. აღნიშნული სესხიც უზრუნველყოფილი იყო მოვალის კუთვნილი ქონებით. ამ შემთხვევაშიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელობისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, ყოველდღიურად სესხის თანხის 0.1 %-ის ოდენობით.

4. 2018 წლის 20 აგვისტოს ნოტარიუსმა დ.ფ–ძემ გასცა №180993124 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია - მოპასუხე, მოვალე - მოსარჩელე, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2016 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი თანხა 11 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად სესხის ძირი თანხის 0.1%, 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე, ასევე, ყოველდღიური პირგასამტეხლო - სესხის ძირი თანხის 0.1 % და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი. ამავდროულად, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

5. 2018 წლის 20 აგვისტოს ნოტარიუსმა დ.ფ–ძემ მოპასუხის სასარგებლოდ გასცა მეორე სააღსრულებო ფურცელი (№180993456), სადაც კრედიტორია მოპასუხე, მოვალე - მოსარჩელე, ვადებულების წარმოშობის საფუძველი - 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი თანხა, 6 200 ლარი, პირგასამტეხლო - 2017 წლის მაისიდან 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად სესხის ძირი თანხის 0.1%, 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე, აგრეთვე, ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.1% და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცა გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

6. მოვალემ სასამართლოში სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ და ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლებისა და იპოთეკის გაუქმება მოითხოვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსესხებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით: სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2018 წლის 20 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლები 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმდა; 2018 წლის 20 აგვისტოდან პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააღსრულებო ფურცლებში ცვლილება შევიდა და პირგასამტეხლოს აღსასრულებელი ვალდებულება შემდეგნაირად განისაზღვრა:

№180993456 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხიდან, 6 200 ლარიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით;

№180993124 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხიდან, 11 000 აშშ დოლარიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით.

9.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა მის მიერ 2016 წლის 17 სექტემბრის და 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ვალდებულების შესრულებისთვის გათვალისწინებული ვადების დარღვევის ფაქტს, თუმცა მიიჩნევდა, რომ ვინაიდან მოპასუხის (გამსესხებელი) მიმართ ნაწილ-ნაწილ გადაიხადა 13 740 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელის მიმართ დასახელებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული ჰქონდა ყველა ვალდებულება. რაც სადავო სააღსრულებო ფურცლების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით 2016 წლის 17 სექტემბრის და 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე მსესხებლის მიერ გამსესხებლის სასარგებლოდ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი არ დგინდებოდა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებობდა პირგასამტეხლოს ნაწილში ნოტარიუს დ.ფ–ძის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული N180993456 და N180993124 სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ გაუქმების და მასში ცვლილების შეტანის საფუძველი.

9.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო იყო, თუ რა თანხა გადაიხადა მსესხებელმა სადავო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორს სადავოდ არ გაუხდია 2016 წლის 17 სექტემბრის და 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ფაქტი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კრედიტორმა განმარტა, რომ 2016 წლის 17 სექტემბრის გარიგების საფუძველზე მსესხებლისგან პირგასამტეხლოს სახით მიიღო 3 630 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე - 372 აშშ დოლარი. კრედიტორის ეს აღიარება (პირგასამტეხლოს სახით ჯამში 4 002 აშშ დოლარის მიღების შესახებ) სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 131-ე და 132-ე მუხლები).

9.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსესხებლის მსჯელობა სადავო გარიგებების საფუძველზე მოპასუხისათვის 13 740 აშშ დოლარის გადახდის შესახებ და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლების გაუქმების შესახებ იმ არგუმენტს ემყარებოდა, რომ სააღსრულებო ფურცლების გაცემის დროს მოპასუხეს უკვე შესრულებული ჰქონდა ამ გარიგებების საფუძველზე ყველა ვალდებულება, მასვე დასაშვები მტკიცებულების წარდგენის გზით მოპასუხისთვის მითითებული გარიგებების საფუძველზე ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი უნდა ემტკიცებინა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმის ჩვენების შედეგად კი აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა. უფრო მეტიც, მოწმემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით მხოლოდ პირგასამტეხლო იფარებოდა, რადგან ამ უკანასკნელს დარღვეული ჰქონდა სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული მტკიცებას სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია, რადგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხის თანხას მსესხებელი არამართლზომიერად ფლობდა, შესაბამისად, მსესხებელი თანხის დაბრუნებას დაუყოვნებლივ ითხოვდა, თანხის დაბრუნებამდე კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას ინარჩუნებდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ 13 740 აშშ დოლარი გადაიხადა და ამ თანხის გადახდის მიზნობრიობა 2016 წლის 17 სექტემბრისა და 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ძირითადი თანხის დავალიანების დაფარვა იყო, მხოლოდ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა. მოსარჩელემ კი, თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სადავო თანხის გადახდასთან და მის მიზნობრიობასთან დაკავშირებით სხვა მტკიცებულება ვერ წარადგინა.

მოსარჩელის მტკიცების ნაკლის და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან ორივე გარიგების საფუძველზე 4 002 აშშ დოლარის მიღება აღიარა, ამასთან, გაზიარებული იქნა მოპასუხის მსჯელობა მოსარჩელისგან მიღებული თანხით ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაფარვის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოება საკმარისი იყო ორივე სააღსრულებო ფურცლის შემთხვევაში მათი ნაწილობრივ, კერძოდ, 2018 წლის 20 აგვისტომდე (სააღსრულებო ფურცლების გაცემამდე) სესხის ძირ თანხაზე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმებისათვის.

9.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის იყო და იგი სესხის ძირი თანხის 0.1%-დან 0.05%-მდე უნდა შემცირებულიყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 420-ე მუხლი).

10. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოცემულ საქმეზე მოწმის სახით მ.ბ–ის დაკითხვის თაობაზე. საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგია:

10.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე მისი ახლო ნათესავის, მ.ბ–ის მეშვეობით ახდენდა 2016 წლის 17 სექტემბრისა და 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის გადახდას, კერძოდ, მოპასუხის სასარგებლოდ თანხა ზეპირი შეთანხმების მიხედვით გადაეცემოდა კ.ე–ას, რომელიც ამ თანხას გამსესხებელს გადასცემდა. სესხისა და იპოთეკის ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის სრული მოცულობა 13 740 აშშ დოლარია, რითაც სრულადაა შესრულებული ამ ხელშეკრულებებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება.

10.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შუამავლის მეშვეობით გადახდილი თანხები არ წარმოადგენდა სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის თანხებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად საქმეზე რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად ეყრდნობა მოწმის სახით დაკითხული კ.ე–ას უსაფუძვლო ჩვენებებს და მის არასწორ ინტერპრეტაციას. გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ კასატორის მიერ გადახდილი თანხები პირგასამტეხლოდ და როგორ მოახდინა პირგასამტეხლოს კალკულაცია. სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც გამორიცხავდა გადახდილი თანხის სესხის ძირ თანხად მიჩნევას.

10.3. სასამართლოს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები სესხის ძირ თანხად უნდა მიეჩნია, რადგან კასატორს არ ევალებოდა მოწმე კ.ე–ას მიერ მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. ეს თანხა პირგასამტეხლოს მიზნებისათვის არარელევანტური ოდენობაა.

10.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გააუქმა მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული საოქმო განჩინება. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმედ დასაკითხი პირი, მ.ბ–ი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ მოხერხდა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოწმედ დასაკითხი პირი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა და მოსარჩელე მის პროცესზე გამოცხადებას უზრუნველყოფდა. ამით სასამართლომ მოსარჩელეს დაუკარგა თავისი პოზიციის კიდევ ერთხელ დადასტურების შესაძლებლობა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 1 019.97 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარისა და 506.38 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

12. 2020 წლის 11 აგვისტოს კასატორის წარმომადგენელმა დ.მ–ძემ საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომლითაც საკასაციო საჩივრის მოთხოვნა შეამცირა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა №180993456 სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხიდან, 6 200 ლარიდან 6 000 ლარის გაუქმების ნაწილში. აქედან გამომდინარე, წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟი შემცირებული საკასაციო მოთხოვნის ფარგლებში გადაიხადა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი (6 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში) მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, მოსარჩელის (მსესხებელი) მიერ მასა და მოპასუხეს (გამსესხებელი) შორის 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის, 6 000 ლარის ანაზღაურების საკითხი. სარჩელის დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს, რადგან კასატორმა (მოსარჩელე, მსესხებელი) საკასაციო მოთხოვნა შეამცირა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ №180993456 სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხიდან (6 200 ლარი) 6 000 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში მოითხოვა.

სესხის ძირითადი თანხის (მათ შორის, შემცირებული საკასაციო მოთხოვნით სადავოდ გამხდარი თანხის) გადახდილად ცნობის საკითხზე გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნას ეფუძნება, რომ მსესხებელმა დაარღვია 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენების შედეგად, ხოლო მოსარჩელემ თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სადავო თანხის გადახდასთან დაკავშირებით სხვა მტკიცებულება ვერ წარადგინა.

კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მან კრედიტორს 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი თანხა გადაუხადა, რასაც მოწმის სახით დაკითხული კ.ე–ას ჩვენება ადასტურებს და რაც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

საკასაციო სასამართლო კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთზე არსებობს საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება.

დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც ისაა, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არ აქვს რაიმე საჭიროება, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით, მოვალე აღჭურვილია უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, რისკს ქმნის და, შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება დაეკისროს.

ამავე განჩინებაში, საკასაციო პალატამ კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია წერილობით საბუთი (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი) (იხ. სუსგ №ას-1152-1072-2017, 29.12.2017).

კიდევ ერთ საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსკ-ის 429.1 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.

ამავე განჩინებაში საკასაციო პალატამ ხაზგასმით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტში ყოველთვის იგულისხმება წერილობითი საბუთი, შესაბამისად, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-194-2019, 27.05.2019).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრებოდა. მოსარჩელემ კი, სესხის სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. მან ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება სადავო თანხის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. ასეთ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მის მიერ მითითებული მოწმის ჩვენება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

20. როგორც ზემოთ განიმარტა, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ვერ გამოდგება თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად. რაკი მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მათ გარდა სხვა რაიმე მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, ამიტომ საფუძველი ეცლება სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების არამართლზომიერების მტკიცებას და ისიც ძალაში უნდა დარჩეს.

21. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (გარდა ზემოთ დასახელებული განჩინებებისა, იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 11.11.2015; №ას-241-241-2018, 25.09.2018).

22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.გ–ას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დავით მ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 11.08.2020) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე