16 აპრილი, 2021 წელი,
საქმე №ას-892 -2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.გ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ვ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 64 700,00 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები (გარდა 2013 წლის 5 ოქტომბრისა), დადებულია განუსაზღვრელი ვადით.
2.1. კასატორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ამ ინსტიტუტის სპეციფიკურობა კი ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. 2011 წლის 28 ივლისს გამსესხებელმა მსესხებელს - 10 000 აშშ დოლარი, 2012 წლის 5 თებერვალს - 14 000 აშშ დოლარი, იმავე წლის 24 თებერვალს - 11 000 აშშ დოლარი, 2012 წლის 10 მაისს - 7700 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 8 მარტს - 8000 აშშ დოლარი ასესხა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი).
5.4. მსესხებელმა ხელწერილით დაადასტურა მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა და „პირველივე შესაძლებლობისთანავე“ იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება.
5.5. 2013 წლის 5 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება
რომლის საფუძველზეც მსესხებელს სესხის სახით საკუთრებაში გადაეცა - 14 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 2014 წლის მაისამდე განისაზღვრა.
5.6. მხარეები სესხის პროცენტზე არ შეთანხმებულან.
5.7. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი.
6. განსახილველ შემთხვევაში სესხის დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს.
7. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელემ ფული ასესხა და, შესაბამისად, მისი დაბრუნების ვალდებულებაც წარმოეშვა. კრედიტორის მოთხოვნას მოვალემ სარჩელის ხანდაზმულობის შესაგებელი დაუპირისპირა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის შესაგებელი არ გაიზიარა, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია.
8. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
8.1. დადგენილია, რომ მხარეებს შორის სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.
8.2. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
8.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება, დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა, ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.
8.4. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის წარმოშობილია ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, ამასთან, 2011 წლიდან 2012 წლამდე მიღებული თანხების დაბრუნების ვადა „პირველი შესაძლებლობით“ განისაზღვრა. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 92-ე (ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია) მუხლის შინაარსზე მიაქცევს კასატორის ყურადღებას და განმარტავს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი პირობით გარიგებად ვერ მიიჩნევა, რადგან, განსხვავებით ასეთი სახის გარიგებისგან, ნამდვილი პირობითი გარიგება სამომავლო და უცნობ მოვლენაზეა (სსკ-ის 90-ე მუხლი) დამოკიდებული. მისი შესრულება/შეწყვეტა ამ მოვლენის დადგომასთან უშუალო კავშირშია და მხარეებს პირობის მართვა არ შეუძლიათ, რაც ნებაზე დამოკიდებულ გარიგებას ახასიათებს. ამასთან, აუცილებელია სამომავლო და უცნობი მოვლენის ერთდროულად არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ ვლინდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას განუსაზღვრელი ვადით მოქმედი ვალდებულებითი ურთიერთობის მიმართ დაწესებული სამოქალაქოსამართლებრივი რეგულაციისკენ მიაპყრობს. სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომელიც ევალებოდა. ამავე კოდექსის სესხის ურთიერთობის მომწესრიგებელი 626-ე მუხლი კი ადგენს, რომ, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. კონკრეტულ ვითარებაში, სესხის დაბრუნების ვადა მხარეებს შორის წინასწარ არ იყო განსაზღვრული, შესაბამისად, ვალი უნდა დაბრუნებულიყო კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამასთან, კანონმდებელი ხელშეკრულების შეწყვეტის 3 - თვიან ვადას ადგენს. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგაა მოვალე ვალდებული, დააბრუნოს სესხი.
თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული სესხის დაბრუნების ვადაზე, სესხის დაფარვის ვადის დადგომისათვის (3 - თვიანი ვადის ათვლისათვის) საკმარისია გამსესხებლის ან მსესხებლის ცალმხრივი ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე.... მაშასადამე, თუ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული არ არის კონკრეტული თარიღი ან დროის მონაკვეთი (მაგალითად, 30 მაისი, თებერვლის ბოლო და ა.შ) გამსესხებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მსესხებელს ვალის დაბრუნება, მსესხებელი კი ვალდებულია, მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში დააბრუნოს ვალი (http://www.gccc.ge/ თ.ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის კომენტარი).
8.5. განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისას, ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადის შემოღებით, კანონმდებელი ფაქტობრივად მოვალეს იცავს ხელშეკრულების უეცრად შეწყვეტის ნეგატიური ეფექტისგან და მას გონივრულ დროს აძლევს სასესხო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესასრულებლად. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კრედიტორის ნების გამოვლენისას, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებები კიდევ 3 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ძალას და სესხის ხელშეკრულების დარღვევით/ვალდებულების შეუსრულებლობით განპირობებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიც სწორედ ზემოაღნიშნული სამთვიანი პერიოდის უშედეგოდ ამოწურვას უკავშირდება.
8.6. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად: სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა (სუსგ Nას-855-855-2018, 28.02.2019წ.).
სსკ-ის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. ამდენად, თუ სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ მისი გადახდის ვადა დამოკიდებულია გამსესხებლის ან მსესხებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ნებაზე... სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიც სწორედ ზემოაღნიშნული სამთვიანი პერიოდის უშედეგოდ ამოწურვას უკავშირდება (სუსგ Nას-855-855-2018, 28.02.2019წ.).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2011 წლიდან 2012 წლამდე გაცემული სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, ხოლო 2013 წლის 5 ოქტომბრის სესხის დაბუნების ვადა 2014 წლის მაისამდე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა 2014 წლის მაისიდან უნდა დაიწყოს. ხოლო სარჩელი 2017 წლის 28 აპრილს იქნა აღძრული. მითითებულ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის განსჯით, უცილობლად ადასტურებს რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რასაც ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. რ.გ–ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდა სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე გადაუვადდა. ვინაიდან საკასაციო საჩივარი მიჩნეულია დაუშვებლად კასატორს სსსკ-ის 401-ე მუხლის 4-ე ნაწილის დეფინიციით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. რ.გ–ძეს (პ/ნ .......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის, 30%-ის - 1800 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე