16 აპრილი, 2021 წელი,
საქმე №ას-1033 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „კ..... “ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.გ.ტ.კ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „კ..... “ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 54 564,35 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, გაზსადენი დაზიანდა არა ტრანშეის გათხრისას, არამედ ჩვეულებრივ მუშაობისას, რა დროსაც თანამშრომლებს შეეძლოთ დაუყოვნებლივ ონკანის გადაკეტვა, მაგრამ კომპანიამ, აჭარის გაზის გარეშე დარჩენის მოტივით, უარი განაცხადა.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, გაზსადენის ჩაღრმავება უნდა ყოფილიყო მინიმუმ 80 სმ, თუმცა აღმოჩნდა, რომ იყო 45 სმ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და შპს "კ....." შორის 2017 წლის 23 თებერვალს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (500მმ) 45 კმ-იანი განშტოების სამშენებლო სამუშაოების თაობაზე დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება).
5.4. ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლიდან საგარანტიო ვადის ფარგლებში ნებისმიერ ზიანზე ან დანაკარგზე რომელიც შეიძლება მიადგეს შემკვეთს ან მესამე პირს, პასუხისმგებელია მიმწოდებელი. ხარვეზის აღმოფხვრასთან ერთად მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება ყველა იმ ზიანზე, რომელიც მისი ქმედებით მესამე პირს მიადგება (იხ. ხელშეკრულების 13.4 პუნქტი). შეთანხმების მე-20 მუხლის მიხედვით კი, შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს სახელმწიფო ორგანოებიდან მის მიერ მოპოვებულ მშენებლობის ნებართვას და მიწის ნაკვეთზე სერვიტუტისა და აუცილებელი გზით სარგებლობის უფლებამოსილებასაც მიანიჭებს, ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით მოიპოვოს სამუშაოთა შესასრულებლად საჭირო ყველა სხვა უფლებები, ნებართვები და ლიცენზიები.
5.5. 2018 წლის 2 ივნისს 500 მმ - იანი ახალი მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, ექსკავატორმა „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იანი განშტოების 66 კმ-ზე არსებული მონაკვეთი დააზიანა (ციცხვის კბილით გახვრიტა), რის შედეგადაც გაზი ჰაერში გაიფრქვა. კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს ყველა საჭირო ზომები ბუნებრივი აირის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, კერძოდ, გათიშეს მაგ/გაზსადენი 45.6 კმ-დან 67.3 კმ-მდე და ბუნებრივი აირისგან დაცალეს (იხ. აქტი).
5.6. მოსარჩელის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით დ=500 მმ დაზიანების აღდგენისა და ჰაერში გაფრქვეული გაზის ღირებულების გათვალისწინებით ზიანი - 54 564,35 ლარია, რაზეც მხარეებიც არ დავობენ.
5.7. 2018 წლის 1 აგვისტოს შპს "ს.გ.ტ.კ–ის" მიერ შპს „კ.....“ მიმართ გაგზავნილი წერილის მიხედვით, დაზიანებული მილსადენის ჩაღრმავება მას შემდეგ გაიზომა, როცა მიწის ზედაპირზე ნიადაგის ნაყოფიერი ფენა ე.წ. „ტოპსოილი“ მოხსნილი იყო და, ბუნებრივია, ჩაღრმავება ნორმაზე უფრო ნაკლები იქნებოდა (იხ. წერილი).
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელებაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
8. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (შდრ. სუსგ Nას-191-183-2016, 19.04.16).
9. საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. ...ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს.
10. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე დავობს, რომ ზიანი მოსარჩელის მიერ დაგვიანებით მიღებულმა ზომებმა გამოიწვია, ამასთან, კასატორს მიწის ქვეშ არსებული ბუნებრივი აირის მილის სიღრმესთან დაკავშირებითაც არასწორი ინფორმაცია მიეწოდა, რაც მის მიერ ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს.
11. დადგენილია, რომ კომპანიის თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, დროულად გათიშეს ქობულეთის DN-500 მმ-იანი განშტოების მაგ/გაზსადენი 45.6 კმ-დან 67.3 კმ-მდე.
დაზიანებული მილის განთვსების ჩაღრმავებაც ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის შემდეგ გაიზომა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას უარყოფს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ საქმეში დაცული მტკიცებულებებით მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტიც და მისი ოდენობაც დაამტკიცა, მოპასუხემ/კასატორმა კი, ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
13. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ლ.კ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2729 ლარის (საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.03.2020წ), 70% - 1910,3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.....-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „კ.....-ს“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს ლ.კ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2729 ლარის (საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.03.2020წ), 70% - 1910,3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე