Facebook Twitter

საქმე №ას-346-2020 19 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ლ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, ზიანის - 44534.92 ლარის, აგრეთვე ექსპერტიზისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ხაშურის რაიონის სოფელ .....ში აქვს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ეზო.

3. მოსარჩელის ნაკვეთის სიახლოვეს მოპასუხე სარკინიგზო გვირაბს აშენებს. მრავალჯერადი აფეთქებითი სამუშაო მშენებლობის დროს დაშვებულ ნორმებზე მეტი სიმძლავრით შესრულდა, რამაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ყოველივე ამას, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდგომ - ექსპერტიზის ბიურო) 2018 წლის 4 მაისის დასკვნაც ადასტურებს.

4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანი შეადგენს 44534.92 ლარს.

5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე მოპასუხემ არ შეამოწმა და არ შეისწავლა მშენებლობის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობებისა და ნიადაგის ტექნიკური მდგომარეობა, რის გამოც მოპასუხისათვის მიყენებული ზიანი სამუშაოს დაწყებისთანავე სავარაუდო იყო.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაზიანების წარმოქმნაში რაიმე ბრალი არ მიუძღვის, ვინაიდან აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა დასაშვები ნორმის ფარგლებში, რასაც არ შეეძლო მოსარჩელის სახლის დაზიანება.

7. მოპასუხის განმარტებით, დამონტაჟებული იყო სეისმოგრაფი, რომელიც თითოეული აფეთქების სიმძლავრესა და კონკრეტულ შენობა-ნაგებებობზე ზიანის მიყენების რისკს აღრიცხავდა. სეისმოგრაფს სადავო უძრავი ქონების მიმართ არ დაუფიქსირებია დასაშვებ ლიმიტზე მეტი რხევა.

8. ზემოაღნიშნული საფუძვლით, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტსაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 25000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 280 ლარისა და წარმომადგენლის ხარჯის - 300 ლარის გადახდა.

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 317-ე, 992-ე მუხლებზე და განმარტა დელიქტურ სამართალში ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი. ასევე, მტკიცებულებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე და 172-ე მუხლებზე.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნის შესწავლის შემდეგ განმარტა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ვერ აქარწყლებდა, ვინაიდან ზოგადი ხასიათის იყო და ამ დასკვნით შეფასდა აფეთქების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. კომპანია „ე–ის“ დასკვნით, კონკრეტული შენობა-ნაგებობა არ გამოკვლეულა, მასზე ფაქტობრივი ზემოქმედება და მისი ხანგრძლივობა არ შესწავლილა და, რაც მთავარია, სეისმომედეგობის გათვალისწინებით, მიყენებულ ზიანთან აფეთქებების მიზეზშედეგობრივი კავშირი არ დადგენილა.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ბიუროს ცალსახა დასკვნას, რომლის თანახმად, შენობაზე ბზარების წარმოქმნის ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებდა, რომ ყველა დაზიანება ძირითადად გამოწვეული იყო სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციით. ამ დასკვნით შეფასდა აფეთქების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აფეთქება სისტემატური და მრავალჯერადი რომ იყო, დასტურდებოდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე–ის" დასკვნითაც. 2012 წლის ზაფხულში მოსამზადებელი სამუშაოების აფეთქების გზით შესრულება დასტურდებოდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაც.

16. სააპელაციო პალატა ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის შედავება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დაუსაბუთებლობის გამო მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს შემდეგი ხარჯების: გეგმური დაგროვების - 2795.66 ლარის (მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე პასუხად ვერ განმარტა ხარჯის მიზნობრიობა), ზედნადების ხარჯის - 3176.9 ლარის, დღგს - 6793.46 ლარის (მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ დაზიანება იურიდიული პირის მიერ შეკეთდა, რასაც დღგს გადახდის ვალდებულება უკავშირდება), სახურავის შეკეთების ხარჯის - 1346.3 ლარის (წარმოდგენილი მტკიცებულებით - ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ სახლის სახურავის დაზიანება მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოებით არის გამოწვეული), სახლის ფუნდამენტის ხარჯის - 5108.3 ლარისა და რკინის ჭიშკრის ღირებულების - 80 ლარის გადახდა (ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა არ შეიცავს მითითებას სახლის ფუნდამენტისა და რკინის ჭიშკრის შეცვლის აუცილებლობის თაობაზე).

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ხარჯის ჯამი 19300.99 ლარს შეადგენს, რომელიც გამოკლებული იყო სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას და, საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არსებითად სწორად განსაზღვრა 25 000 ლარით (44 534.92 ლარს - 19300.99 ლარი = 25 233.93 ლარი).

18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად არის გათვალისწინებული მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხარჯის არათანაზომიერებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დეტალურ მითითებას არ მოიცავდა, რაც სააპელაციო სასამართლომ აღმოფხვრა, კერძოდ, აპელანტის პრეტენზია ხარჯთაღრიცხვის ნაწილში საბოლოოდ მოიცავს 19300.99 ლარს, რომლის მოთხოვნის ოდენობაზე გამოკლების შემთხვევაში, ჯამი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხას - 25 000 ლარს არ აჭარბებს.

19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად არ შეაფასა.

22. კასატორი მიუთითებს ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 4 მაისის დასკვნაზე და განმარტავს, რომ დასკვნა არ არის კატეგორიული, სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი მხოლოდ დათვალიერების შედეგებსა და მოსარჩელის განმარტებას ეფუძნება, შესაბამისად, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ამასთან, დასკვნის კვლევითი და დასკვნითი ნაწილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, კერძოდ, ექსპერტი კვლევით ნაწილში უთითებს, ვინაიდან შენობის ტექნიკური მდგომარეობა 2012 წლამდე უცნობია, ამიტომ, გვირაბის მსვლელობით დაზიანების ფაქტს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2012 წლის 12 სექტემბერს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ .....ის საცხოვრებელი სახლები შეამოწმა, გასცა დასკვნა, რომლის მიხედვით, შენობების ბზარები ძირითადად გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში აფეთქებით.

23. კასატორის მითითებით, ექსპერტს არ დაუდგენია, შედიოდა თუ არა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი შემოწმებულ სახლთა სიაში, რა დაზიანებები აღენიშნებოდა მას, შესწავლილი იყო თუ არა სახლის ირგვლივ გრუნტი, ვლინდებოდა თუ არა სუსტ გრუნტებში ჯდენითი დეფორმაციები, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა აფეთქების შედეგად ზიანის მიყენების შესახებ ევარაუდა. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ სახლი რისკის ზონაში იმყოფება და დასაშვებ ლიმიტზე მეტი სიმძლავრის აფეთქება მიმდინარეობდა.

24. მოპასუხემ მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 2012 წლის ზაფხულში, ამ ეტაპის შემდგომ გვირაბის მშენებლობა ექსკავაციის მეთოდით გაგრძელდა და დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით დაიწყო აფეთქებების გამოყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მითითება, რომ 2012 წლის ზაფხულიდან დაიწყო შენობის დაზიანება აფეთქებათა გამო, შესაბამისი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული. ამასთან, დასკვნაში დართული ფოტოსურათებით აშკარად ჩანს, რომ შენობა ასაკობრივი ცვეთისა და ბუნებრივი მოვლენების შედეგადაა დაზიანებული.

25. კასატორის განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მიუთითებს, რომ ბზარების უმეტესი ნაწილი გამოწვეულია აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციებით, მაგრამ კონკრეტულად არ განსაზღვრავს სახლის რომელ ნაწილს მიიჩნევს ვიბრაციის შედეგად დაზიანებულად და რომელს სხვა გარე მოვლენების შედეგად. ექსპერტი საყრდენ კედელთან დაკავშირებით არსად მიუთითებს, რომ მისი დაზიანება და ჩამონგრევა მოპასუხე კომპანიის ბრალითაა გამოწვეული.

26. კვლევით ნაწილში ექსპერტი თავადვე მიუთითებს საძირკველი სავარაუდოდ, ლენტური ყორე-ბეტონისაა, ესე იგი, ექსპერტს საძირკველი არ უნახავს და დასკვნა გამოიტანა მხოლოდ კედლების დათვალიერებიდან, რაც შეუძლებელია მოპასუხის საწინააღმდეგოდ იქნეს გაზიარებული.

27. კასატორის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა შედგენილია მოსარჩელის ინფორმაციაზე დაყრდნობით და დასკვნის გასაცემად არაფერი გამოკვლეულა. ექსპერტმა მიუთითა, რომ ბზარების არსებობასთან დაკავშირებით დაეყრდნო 2012 წელს გაცემულ დასკვნას, რომელიც საქმის მასალებს არ ერთვის. ექსპერტს არ დაუდგენია, თუ სად და რა ადგილზე მდებარეობს აფეთქების ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, რომ არაფერი ვთქვათ აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრეზე.

28. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აფეთქებების საზედამხედველო საერთაშორისო კომპანია ,,ე–ის“ დასკვნები, რომლებიც მოსარჩელის ქონების დაზიანებაში მოპასუხის ბრალს გამორიცხავენ. ამ უკანასკნელი კომპანიის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების საშიში ზონის გარეთ მდებარეობს, მშენებარე №9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის დასავლეთით. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის 48 მეტრია, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი 169 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებითი სამუშაოები ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული N9 გვირაბში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.

29. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა შპს ,,რ–ის“ უფლებამოსილების შესახებ, რომელიც ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები შეაფასოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ უნდა გაეზიარებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

33. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

35. ხაშურის რაიონის სოფელ .....ში 1104.52 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელ სახლი მოსარჩელის საკუთრებაა.

36. მოპასუხე 2012 წლიდან ხაშურის რაიონის სოფელ .....ში სარკინიგზო გვირაბას აშენებს, რა დროსაც მიწისქვეშა აფეთქებები გამოიყენა.

37. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. შენობის ახალი ბზარები წარმოქმნილია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესისას მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად გამოწვეული ვიბრაციით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანება მე-2 ხარისხისაა. შენობა, შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ეზოში არსებული საყრდენი კედლის დარჩენილი მონაკვეთის დაზიანება დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, მე-3 ხარისხისაა და საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებას, ჩამონგრეული მონაკვეთი - ახლით შეცვლას დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით.

38. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის თანახმად, საცხოვრებელ სახლზე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მიყენებული ზიანი - 44 534.92 ლარია.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.

40. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. ამ ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

42. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

43. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა - სსკ-ის 992-ე მუხლი, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ დაძლია ნორმის აღწერილობითი ნაწილის ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. ექსპერტიზის ბიურომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები შეისწავლა და დაასკვნა, რომ შენობის ახალი ბზარები წარმოქმნილია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესისას მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად გამოწვეული ვიბრაციით. პალატა ყურადღებას ამახვილებს ექსპერტის იმ განმარტებაზეც, რომლის თანახმად, მართალია, საკვლევი შენობის ტექნიკური მდგომარეობა 2012 წლამდე უცნობია, თუმცა 2012 წლის 12 სექტემბერს ბიუროს ექსპერტზების მიერ შემოწმდა .....ში საცხოვრებელი სახლები და გაცემულ №032501-2012/03/2 დასკვნაში აღინიშნა, რომ შენობაზე ბზარები ძირითადად რკინიგზის გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების შედეგია. ,,მშენებლობის პროცესში მრავალჯერადმა აფეთქებებმა სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, რასაც შესაბამისად მოჰყვა საცხოვრებელი სახლების დაზიანება“. გასათვალისწინებელია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებაც, რომლის თანახმად, შენობას ანტისეისმური რკ/ბეტონის სარტყელი ეკვრის.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №72-72-2018, 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება).

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი კასატორზე გადავიდა, ანუ მას უნდა გაექარწყლებინა დინამიკური დატვირთვის პირობებში კომპანიის არაბრალეულობა დამდგარ ზიანთან მიმართებით, თუმცა, მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა მაღალკვალიფიციურმა საექსპერტო ბიურომ შეადგინა, რომელთა გამოკვლევით სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობა იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოპასუხე კომპანიის მიერ გვირაბის აფეთქების ნეგატიური შედეგია.

48. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ აფეთქებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, შესაბამისად, თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიმიტის ფარგლებში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა მოსარჩელის სახლის დაზიანებაზე ნეგატიური ეფექტი არ იქონია და დაზიანებები ხშირი აფეთქებების ზემოქმედებით არ არის გამოწვეული, კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული.

49. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შეეხება, განმარტავს, რომ მოპასუხეს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლო, სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოები, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, მან ვერ გააქარწყლა კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის შესახებ მოსარჩელის არგუმენტები.

50. კასატორის მიერ წარდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას, მოცემულ დავის საგნის მიმართ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, მისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას. როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედება არ გამოკვლეულა, ასევე, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის გათვალისწინებით და მიყენებულ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად.

51. სასამართლო არ იზიარებს კასატორის 24-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხემ 2012 წლის ზაფხულში არა აფეთქებითი სამუშაოები, არამედ მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

52. რაც შეეხება საპროექტო-სახარჯღაღიცხვო დოკუმენტს, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანის ოდენობას გააქარწყლებდა, არ წარუდგენია სასამართლოსათვის, შესაბამისად, მისი პრეტენზია, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, მით უფრო, როდესაც კასატორს ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია და შესაგებლითაც ზიანის ოდენობას მხოლოდ იმ საფუძვლით შეედავა, რომ მისი ბრალეულობა მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით არ დასტურდებოდა.

53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

56. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1907-2018, 2019 წლის 6 ივნისის განჩინება; № ას-482-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-280-280-2018, 2018 წლის 18 ივლისის განჩინება, 1088-1008-2017, 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება).

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

58. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1250 ლარის 70% – 875 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ჩ.რ. ... ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს ,,ჩ.რ. .. ბ.ჯ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1250 ლარის (საგადახდო დავალება №373, გადახდის თარიღი 11.02.2020), 70% - 875 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე