Facebook Twitter

საქმე №ას-378-2020 19 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ჩ.რ. .. ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ლ–ძე, თ.პ–ი (მოსარჩელეები)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - მ.ლ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ლ–ძემ (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და თ.პ–მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ და ამ უკანასკნელისათვის მათ სასარგებლოდ, ზიანის - 25948 ლარის დაკისრება, აგრეთვე - ექსპერტიზის, ხარჯთაღრიცხვისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება მოითხოვეს.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, ხაშურის რაიონის სოფელ .....–ში თანასაკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ეზო.

3. მათი საცხოვრებელი სახლი ამ ხნის მანძილზე უმნიშვნელოდ იყო დაზიანებული. 2012 წლის ზაფხულიდან კი, როდესაც მოპასუხემ სარკინიგზო გვირაბის აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, გვირაბის სიახლოვიდან გამომდინარე, სახლი თანდათან დეფორმირდა. ფუძე-გრუნტის გაწყლოვანებისა და ჯდენითი პროცესების შედეგად სხვადასხვა ზომისა და მიმართულების ბზარი გაჩნდა, რომელიც პროგრესირდება.

4. შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდგომ - ექსპერტიზის ბიურო) დასკვნით დადასტურებულია. სამუშაოებისათვის კი საჭიროა - 25948 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა კატეგორიულად არ უთითებს აფეთქებით გამოწვეული დაზიანების თაობაზე.

6. სამუშაოების გავლენა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მოპასუხე კომპანიის დაკვეთით კომპანია ,,ე–მა“ შეაფასა, რათა მონიტორინგის შედეგად გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე, ბიძგები არ გასცდენოდა დასაშვები ნორმების ფარგლებს.

7. მოსარჩელეთა სახლის მიმდებარედ საერთაშორისო სტანდარტის ბიძგებისა და ვიბრაციის მზომი აპარატურა იყო დამონტაჟებული, რომელიც ბიძგებისა და ბზარების წარმოქმნას აღრიცხავდა. აპარატურას მოსარჩელეთა უძრავი ქონების მიმართ დასაშვებ ლიმიტზე მეტი ზემოქმედება არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, მოპასუხეს დაზიანების წარმოქმნაში რაიმე ბრალი არ მიუძღვის.

8. ზემოაღნიშნული საფუძვლით, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტსაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 15000 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 300 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენის ხარჯის - 300 ლარის გადახდა.

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტები გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 12974 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 250 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენის ხარჯის ნაწილის - 200 ლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა.

12. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე მუხლზე და განმარტა დელიქტურ სამართალში ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ასევე, მტკიცებულებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე და 172-ე მუხლებზე.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი 2017 წლის 20 ივლისის კომპანია „ე–ის“ დასკვნის შესწავლის შემდეგ განმარტა, რომ იგი ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნას ვერ აქარწყლებდა, ვინაიდან ზოგადი ხასიათის იყო, შეეხებოდა ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ იყო მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. ამასთან, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიულ ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობის სეისმომედეგობის გათვალისწინებით, მიღებულ ზიანთან აფეთქებების მიზეზშედეგობრივი კავშირი არ დადგენილა. სასამართლოს განმარტებით, აფეთქება იყო მრავალჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას.

14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საერთაშორისო კომპანია ,,ე–ის“ 2018 წლის 4 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნა მთლიანად ეფუძნებოდა ამავე კომპანიის 2017 წლის 20 ივლისის დასკვნას.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, აფეთქება, 2012 წლის ივლისიდან დაიწყო, „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისის №0717.1.017 დასკვნა კი ასახავს რხევათა მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 2012 წლის 9 ოქტომბრიდან, შესაბამისად, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია, თუ რა სიხშირისა და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან იმავე წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, შესაბამისად, მოპასუხეს, სანამ მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, ტექნიკურად უნდა შეემოწმებინა რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, რათა შემდგომ მარტივად გამოჩენილიყო, თუ რა დაზიანებები გამოიწვია მშენებლობამ ან საერთოდ დაზიანდა თუ არა, საქმის მასალებით კი, მსგავსი კვლევის არსებობა არ დასტურდება. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ვერ აბათილებს.

17. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი უძრავი ქონების შემფასებელმა ექსპერტმა მოამზადა, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ექსპერტის კომპეტენციას ზიანის წარმოშობის მიზეზების (მიზეზ-შედეგობრივი კავშირის), ასევე, წარმოშობილ ზიანში მხარეთა ბრალეულობის ხარისხის დადგენის საკითხებთან დაკავშირებით.

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი არ დაუზიანებია მხოლოდ მოპასუხის მიერ შესრულებულ აფეთქებით სამუშაოებს, რაზეც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც მიუთითებდა.

19. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 415-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებულ ზიანში ნაწილობრივია, შესაბამისად, ზიანის ოდენობა სწორედ თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს და მხარეთა ბრალეულობა თანაბრად უნდა დადგინდეს, ვინაიდან ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით კვალიფიციური და იურიდიულად სარწმუნო მტკიცებულება მხარეებს არ წარუდგენიათ.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში მოპასუხის ბრალი არის ნაწილობრივი (50%) და ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს სრული ზიანის (25 948 ლარის) ნახევრით - 12 974 ლარით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

22. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია, ვინაიდან დაუდგენელია მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.

23. კასატორი მიუთითებს ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 21 აგვისტოს დასკვნაზე და განმარტავს, რომ მისი დასკვნითი ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებით, ფუძე-გრუნტის გაწყლიანების შედეგად, საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებითა და ტექნიკური მოუვლელობით.

24. დასკვნაში ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ 2013 წელს, შემოწმების დროს, სახლი დაზიანებული იყო, რაც დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, 2013 წლამდე და უფრო ადრეც არსებობდა და არ არის გამორიცხული, ბზარების რაოდენობას მოემატებინა, ვინაიდან საძირკველსა და შენობაში წყლის ჩადინება საკმარისი იყო შენობის ახალი დეფორმაციების წარმოსაქმნელად.

25. კასატორის მტკიცებით, მის მიერ წარდგენილი კომპანია ,,ე–ის“ საექსპერტო დასკვნებით დადგენილია, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არასწორია და კომპანიას ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში.

26. 2018 წლის 4 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი მდებარეობს №9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთით. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის 304 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი 504 მეტრია. აქედან გამომდინარე, შენობა მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ და ამ სახლზე არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი, შესაბამისად, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული №9 გვირაბში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

32. მოპასუხე ხაშურის რაიონის სოფელ .....–ში სარკინიგზო გვირაბას აშენებს 2012 წლიდან, როდესაც მიწისქვეშა აფეთქებითი სამუშაოები გამოიყენა.

33. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხაშურის რაიონის სოფელ .....–ში 663 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელ სახლი მოსარჩელეებისა და მ.ლ–ძის თანასაკუთრებაა.

34. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. .....–ში მდებარე, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებით, ფუძე-გრუნტის გაწყლოვანების შედეგად, საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებითა და ტექნიკური მოუვლელობით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად მე-2 ხარისხისაა, თუმცა ბზარების რაოდენობამ 2013 წლის თებერვალის კვლევის შემდეგ მოიმატა, განსაკუთრებით, შენობის შიგა სივრცეში. ზოგადად, ასეთი ხარისხით დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, 2013 წლის თებერვლის კვლევის შემდეგ, სახლის საექსპლუატაციო ვარგისიანობა დაქვეითებულია. შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით.

35. საქმეში წარმოდგენილი ინდმეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებული ზიანი 25 948.33 ლარს შეადგენს.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.

37. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მოპასუხის ბრალი ზიანის მიყენებაში, არ დასტურდება, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

39. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი - ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

40. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

41. მოსარჩელეები, სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებას (მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს) ადასტურებენ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომლითაც უდავოდ მტკიცდება მოპასუხის ნაწილობრივი ბრალეულობა დამდგარ ზიანთან მიმართებით, ამავე დასკვნით, ექსპერტმა მიუთითა, რომ 2013 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის შემდეგ (2013 წელს ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა გვირაბის მშენებლობის ზემოქმედება შენობა-ნაგებობებზე, მათ შორის მოსარჩელეთა უძრავ ქონებაზე), სახლის საექსპლუატაციო ვარგისიანობა დაქვეითებული იყო.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №72-72-2018, 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება).

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი კასატორზე გადავიდა, ანუ მას უნდა გაექარწყლებინა დინამიკური დატვირთვის პირობებში კომპანიის არაბრალეულობა დამდგარ ზიანთან მიმართებით, თუმცა მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ (კასატორმა) მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად, კომპანია ,,ე–ის“ 2017 წლის ივლისის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება და იმავე კომპანიის 2018 წლის 4 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის კვლევის ობიექტს წარმოადგენს გვირაბის მშენებლობისას აფეთქებით სამუშაოებს შეეძლო თუ არა მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება.

46. კასატორის მიერ წარდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციის 2017 წლის ივლისის საექსპერტო დასკვნას, საკასაციო პალატა მოცემულ დავის საგნის მიმართ არ იზიარებს და განმარტავს, რომ მისი შინაარსიდან გამოდმინარე, იგი შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ტექნიკურად არ გამოკვლეულა და მასზე ფაქტობრივ/რეალურ ზემოქმედებას არ დაკვირვებიან სეისმომედეგობის გათვალისწინებით და ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების გასაბათილებლად.

47. რაც შეეხება 2018 წლის 4 ოქტომბრის დასკვნას, იგი მოპასუხის მიერ წარდგენილი 2017 წლის ივლისის კვლევაში ასახულ ანგარიშს ემყარება, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველიც.

48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი დასკვნა მაღალკვალიფიციურმა საექსპერტო ბიურომ შეადგინა, რომელთა გამოკვლევით სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობა იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეთა სახლის დაზიანება ნაწილობრივ მოპასუხე კომპანიის მიერ გვირაბის აფეთქების ნეგატიური შედეგია.

49. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ აფეთქებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, შესაბამისად, თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიმიტის ფარგლებში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა მოსარჩელეთა სახლის დაზიანებაზე ნეგატიური ეფექტი არ იქონია და დაზიანებები ნაწილობრივ ხშირი აფეთქებების ზემოქმედებით არ არის გამოწვეული, კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული.

50. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას შეეხება, განმარტავს, რომ მოპასუხეს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლო სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, მოპასუხე კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოები, მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია, შესაბამისად, მან ვერ გააქარწყლა კომპანიის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - უძრავი ქონების დაზიანებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის შესახებ მოსარჩელეთა არგუმენტები.

51. კასატორის საკასაციო პრეტენზიით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეული იყო სხვა გარემოებებითაც, მათ შორის, სახლის ტექნიკური მოუვლელობით, რასთან დაკავშირებითაც პალატა მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებათა შეჯერებით იმსჯელა და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო კასატორისათვის ზიანის 50%-ის - 12 974 ლარის დაკისრების შესახებ სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) .

52. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობა დადასტურებულია, ამასთან, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები ბრალეულობის თანაფარდობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი კანონიერად განსაზღვრა წინამდებარე განჩინების 35-ე პუნქტში მითითებული თანხის ნახევრით.

53. კასატორის წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 34-ე პუნქტი) პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავს.

54. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სახლი აფეთქების არეალში არ ხვდება და მიუთითებს, რომ კასატორის მიერ მითითებული მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის, სადავო სამუშაოების წარმოებასთან მოსარჩელეთა სახლის სიახლოვეზე მეტყველებს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა რეალურ სურათს ვერ ასახავს, მით უფრო, როცა დასკვნით რამდენიმე ერთეული შენობა-ნაგებობა ექცევა აფეთქებების ზემოქმედების ზონაში, მაშინ, როდესაც, რეალური სურათი განსხვავებულია და დაზიანებულია არაერთი შენობა-ნაგებობა.

55. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

56. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

58. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1907-2018, 2019 წლის 6 ივნისის განჩინება; №ას-482-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-280-280-2018, 2018 წლის 18 ივლისის განჩინება, 1088-1008-2017, 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, № ას-95-2019, 2019 წლის 25 აპრილის განჩინება).

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

60. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 648.70 ლარის 70% – 454.09 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ჩ.რ. .. ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს ,,ჩ.რ. .. ბ.ჯ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 648.70 ლარის (საგადახდო დავალება №422, გადახდის თარიღი 13.02.2020), 70% - 454.09 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე