საქმე №ას-480-2020 9 ოქტომბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ნ.შ–ა, გ. (ტ.) შ–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. შ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. შ–ამ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.შ–ას (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) გ. (ტ.) შ–ასა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და რ. შ–ას (შემდგომ - მესამე მოპასუხე) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება. მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებაში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ, რითაც ამ უკანასკნელს საკუთრების უფლება ეზღუდება.
მოპასუხეების პოზიცია:
3. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელთ დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც პირველმა და მეორე მოპასუხეებმა საჩივრით გაასაჩივრეს.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
8. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დადგენილად მიიჩნია სასამართლომ, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტები ვალდებული იყვნენ მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება დაებრუნებინათ.
9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის ავტორებს სადავოდ არ გაუხდიათ და პირიქით დაადასტურეს მათ საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის მათივე ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ ჩაბარების ფაქტი. შესაგებლის წარსადგენად დადგენილი ვადის უშედეგო გასვლის მიზეზად კი მიუთითეს, რომ ოჯახის წევრს მათთვის გზავნილის გადაცემა დაავიწყდა.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტებთა მსჯელობა, რომლის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეებს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენით სასამართლოში. ამასთან, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა ისეთ გარემოებებზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის საპატიო მიზეზის არსებობას დაადასტურებდა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სადავო უძრავი ქონებაზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მართებულად დააკმაყოფილა იგი.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება.
13. კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას არ ეფუძნება.
14. კასატორები მიუთითებენ, რომ ფაქტობივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, ვინაიდან ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება გარემოება, რაც განპირობებულია განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
15. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. გ. შ–ამ სადავო უძრავი ქონება 2001 წელს იყიდა, თუმცა, ვინაიდან ქონება საჯარო რეესტრში არ იყო გაფორმებული, მოსარჩელემ ნასყიდობის საფასური სრულად აიღო და ნასყიდობის საგანი აპელანტებს გადასცა. ამასთან, პირობა დადო, რომ ქონებას მათ გადაუფორმებდა, თუმცა არ შეასრულა.
16. კასატორების განმარტებით, უძრავი ქონება შეძენისას სავალალო მდგომარეობაში იყო, დღეისათვის კასატორთა ხარჯითა და სახსრებით გარემონტებულია, ეზო კი - კეთილმოწყობილი.
17. კასატორთა მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა არ იყო საპატიო. სასამართლო გზავნილი პირველი კასატორის მეუღლეს ჩაჰბარდა, რომელიც საქმეზე მოპასუხე არ არის. სასამართლო გზავნილის ჩაბარების შემდეგ, მიმღებს ამის შესახებ გადაავიწყდა და გზავნილი მოპასუხეებისათვის არ გადაუცია, შესაბამისად, გზავნილის შესახებ კასატორებისათვის არ იყო ცნობილი. ამასთან, მესამე მოპასუხე საზღვარგარეთაა და კასატორებს მასთან კავშირი არ აქვთ. მესამე მოპასუხისათვის უცნობია სასამართლო გზავნილისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
24. მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე წალენჯიხის რაიონში, სოფელ .........
25. მოპასუხეები ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად ფლობენ.
26. მოპასუხეებისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები მათ ოჯახის წევრს 2018 წლის 23 ივლისს ჩაჰბარდა.
27. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებით სასამართლოსათვის.
28. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
29. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
30. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნათ მოპასუხეებს და ჩაჰბარდა მათი ოჯახის წევრს - ნ.წ–ას. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამასთან, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.
32. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაჰბარდეს მოპასუხეთა ოჯახის ქმედუნარიან წევრს. ეს დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
33. მოცემულ შემთხვევაში, კასატორთა საკასაციო პრეტენზია უმთავრესაც აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ გზავნილის მიმღებს (მათ ოჯახის წევრს) გზავნილის არსებობის შესახებ გადაავიწყდა და სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებისათვის არ გადაუცია, რაც შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით წარუდგენლობის საპატიო მიზეზია.
34. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორთა მითითებული პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების (გზავნილი მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა) გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელ ნორმა სსსკ-ის 241-ე მუხლია, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
36. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი კი, განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
37. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორებმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეებთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს ჩაჰბარდა, რომლისთვისაც უწყების ჩაბარება, ადრესატებისათვის უწყების ჩაბარებად ითვლება. გზავნილის მიმღების მიერ გზავნილის მიღების გადავიწყება, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება და შესაგებლის წარუდგენლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს ვერ შეუმსუბუქებს მოპასუხეებს, მით უფრო, როდესაც საპროცესო კანონმდებლობა ცალსახად ადგენს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ გადასცეს ადრესატს უწყება. შესაბამისად, კასატორთა პრეტენზია, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.
38. რაც შეეხება კასატორთა არგუმენტს, რომლის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეთა წინააღმდეგ მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საფუძვლით. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
39. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ყველა იმ ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა, რაც სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია. ამავე მუხლის საფუძველზე, დადგენილადაა მიჩნეული სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები: უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად; მოპასუხეებს ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ეს გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც სასამართლომ სწორად განახორციელა.
40. საკასაციო პალატა კასატორთა წინამდებარე განჩინების მე-15-მე-16 პუნქტებში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკასაციო პრეტენზიები, წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
41. რაც შეეხება, კასატორთა მითითებას იმის შესახებ, რომ მესამე მოპასუხე საზღვარგარეთაა და მისთვის უცნობი იყო სარჩელისა და თანდართული მასალების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებები მესამე მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მესამე მოპასუხესთან დაკავშირებული კასატორთა პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოიკვლევა, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
43. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 201-ე, 2321 მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-741-741-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება, №ას-128-128-2018, 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება, №ას-729-682-2017, 2017 წლის 29 ივლისის განჩინება).
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მეორე კასატორი - „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.შ–ასა და გ. (ტ.) შ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე