25 მარტი, 2021 წელი,
საქმე №ას-1447-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს ,,ე.კ.’’
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ჯ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ჯ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს ,,ე.კ.’’-ის (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, საწარმო, კასატორი) წინააღმდეგ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასამართლო სხდომაზე დამსაქმებლის გამოუცხადებლობა, რომელიც ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დამსაქმებელმა საჩივრით გაასაჩივრა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
5. ზემომითითებული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მათი გაუქმება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით: სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება.
6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის ორი წარმომადგენელი, ა.გ–ი და გ.ზ–ი. ამავე სხდომაზე სასამართლოს წარედგინა დასახელებულ წარმომადგენლებზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულება, რომლითაც რწმუნებულები აღიჭურვნენ დამსაქმებლის სასამართლოში წარმოდგენის უფლებამოსილებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2019 წლის 7 ოქტომბერს, რაზეც ხელწერილი ჩამოერთვა მოპასუხის წარმომადგენელსაც. 2019 წლის 7 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც მოპასუხის შუამდგომლობა არ წარდგენილა, ხსენებული სხდომის გადადების მოთხოვნით.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: ა) საწარმოში მოხდა საკადრო ცვლილებები, რომლის შედეგადაც იურიდიული განყოფილების თანამშრომლები თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ. ამის დასტურად მოპასუხის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვისას (2019 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე) საწარმოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებაც წარადგინა. ბ) მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართავი იყო, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოტანილიყო.
6.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იურიდიული პირის რეორგანიზაცია ვერ გახდება მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რადგან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი უწინარესად დირექტორია, რომელსაც კანონით მესამე პირებთან (მათ შორის სასამართლოსთან) ურთიერთობის უფლებამოსილება აქვს („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.2 მუხლი). ამასთან, საქმეში არსებობდა უშუალოდ დირექტორის მიერ წარდგენილი განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა 2019 წლის 26 აგვისტოს მოსამზადებელი სხდომის გადადება. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ დირექტორს ჰქონდა საწარმოს სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა.
6.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ საკადრო ცვლილებების შედეგად მოპასუხე სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე დარჩა. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საწარმოს დირექტორის მიერ ა.გ–ზე (საწარმოს იურისტი) გაცემულ რწმუნებულებაზე, რომელიც რწმუნებულს სასამართლოსთან ურთიერთობის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებდა და რომელიც არ გაუქმებულა. მართალია, ა.გ–ს 2019 წლის 16 ოქტომბრიდან დეკრეტული შვებულება მიეცა, მაგრამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის - 2019 წლის 7 ოქტომბრისათვის, მას საწარმოში მიმდინარე საკადრო ცვლილებები არ შეხებია და სულ მცირე, სხდომის გადადების შუამდგომლობით საქმის განმხილველი სასამართლოსათვის მიმართვა მაინც შეეძლო. გარდა ამისა, საჩივარზე თანდართული საწარმოს პროგრამიდან ამონაბეჭდით სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილე გ.ზ–ი საწარმოში მენეჯერის პოზიციას იკავებდა, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდიდა მოპასუხის ზემოაღნიშნულ არგუმენტს.
6.4. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ მითითება დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შესახებ, თუკი საქმის მასალებით არ დგინდება მხარის სურვილი სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე (სუსგ №ას-642-608-2015, 19.11.2015).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში ყოფილიყო წარმოდგენილი უშუალოდ დირექტორის ან რწმუნებულების მეშვეობით ან სულ მცირე, მათი მეშვეობით შუამდგომლობა მაინც წარედგინა სხდომის გადადების მოთხოვნით, თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ დაძლია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის მტკიცების ტვირთი.
6.5. რაც შეეხებოდა დამსაქმებლის არგუმენტს სარჩელის იურიდიულად გაუმართაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 230.1 მუხლიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები ავტომატურად დამტკიცებულად ჩაითვალა, ეს გარემოებები კი, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოპასუხე, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა არგუმენტირებული:
7.1. საწარმოს დირექტორი საქართველოში არ ცხოვრობს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვისაც იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შემთხვევაშიც, დირექტორი საწარმოს ინტერესებს ვერ დაიცავდა, რადგან იგი ისრაელის მოქალაქეა, ქართული არ იცის და ვერც ქართულ კანონმდებლობაში ვერ ერკვევა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმაზე აპელირებას, რომ სასამართლოში 2019 წლის 26 აგვისტოს წარდგენილი წერილობითი განცხადებით დირექტორმა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ იშუამდგომლა, ამ შემთხვევაში წერილი შესაბამისი ენის მცოდნე თანამშრომლებმა დირექტორის კარნახითა და ხელმოწერით ქართულ ენაზე შეადგინეს. რადგან სასამართლო სხდომის გადადების აუცილებლობა არსებობდა. ამასთან, საქმეში ხსენებული განცხადების არსებობა დირექტორის მიერ ქართული ენის ცოდნას არ ასაბუთებს, მით უმეტეს აღნიშნული არ ადასტურებს ამ უკანასკნელის მხრიდან სასამართლოში საწარმოს ინტერესების წარმოდგენის შესაძლებლობის არსებობას.
7.2. სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 230.2 მუხლის მოთხოვნებს, რადგან მოსარჩელე საერთოდ არაა საწარმოს თანამშრომელი და მისთვის რაიმე სახის კომპენსაციის მიცემა შეუძლებელია. სარჩელს არ ერთვის მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და არც სხვა რაიმე მტკიცებულება საწარმოში მისი მუშაობის შესახებ. მოსარჩელე საწარმოს თანამშრომელი არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებს და არღვევს მხარის უფლებას, სამართლიან სასამართლოზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების ძალაში დატოვების მართლზომიერება. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა 2019 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. სადავო არაა, რომ აღნიშნული სხდომის თაობაზე მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა.
15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა ვერ დაამტკიცა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ერთ-ერთი მიზეზია. ამ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო სასამართლოც. კონკრეტულ შემთხვევაში, საგულისხმოა რამდენიმე გარემოება:
ა) მოპასუხე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში აპელირებდა, რომ სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოიწვია საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგებმა, რის დასადასტურებლადაც წარადგინა სს „მ. ე.კ.ის“ დირექტორის ბრძანება.
საქმის მასალებით არ დგინდება, სამართლებრივად თუ რა კავშირი აქვთ სს „მ. ე.კ.სა“ და მოპასუხე საწარმოს და, შესაბამისად, აისახება თუ არა სს „მ. ე.კ.ში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებები მოპასუხე საწარმოზე, რამდენადაც თითოეული მათგანი სხვადასხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირია.
აქედან გამომდინარე, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ საწარმოში 2019 წლის 6 დეკემბერს საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რის საფუძველზეც იურიდიული განყოფილების თანამშრომლები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.
ბ) მითითებული გარემოება დადასტურებულადაც რომ მივიჩნიოთ, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელ ა.გ–ს (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 135) საკადრო ცვლილებები არ შეხებია, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილია სს „მ. ე.კ.ის“ დირექტორის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 16 ოქტომბრიდან მას დეკრეტული შვებულება მიეცა.
შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის - 2019 წლის 7 ოქტომბრისათვის, ა.გ–ი უფლებამოსილი იყო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულიყო და თავისი მარწმუნებლის ინტერესები დაეცვა.
მართალია, ხსენებული ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 16 ოქტომბრიდან იგი დეკრეტულ შვებულებაში გადიოდა, მაგრამ თავისთავად ეს გარემოება არ გამორიცხავს 7 ოქტომბრისათვის სასამართლო სხდომაზე მის დასწრების შესაძლებლობას. საწინააღმდეგო ვითარების არსებობა კი, მოპასუხეს არ დაუმტკიცებია, რაც სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლის საფუძველზე მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა.
მუშაკს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობს, ამ შვებულების გადანაწილების უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე (შრომის კოდექსის 27.1 და 27.3 მუხლების დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია). ამდენად, ა.გ–ისათვის 2019 წლის 16 ოქტომბრიდან შვეულების გაფორმება თავისთავად არ მიუთითებს, რომ 2019 წლის 7 ოქტომბრიდან (სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღე, რა დროსაც სასამართლომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა) 9 დღეში მას უნდა ემშობიარა ან ორსულობა სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებას შეუძლებელს ხდიდა. ასეც რომ ყოფილიყო, წარმომადგენელს ის მაინც შეეძლო, რომ სხდომის გადადების შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის და ამით თავიდან აეცილებინა თავისი მარწმუნებლისათვის არასასურველი პროცესუალური შედეგი, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
გ) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოცემულ საქმეზე სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი იყო გ.ზ–იც (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 179). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ მითითებული პირი 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით სს „მ. ე.კ.ში“ იკავებდა მენეჯერის პოზიციას (ს.ფ. 273), თუმცა მოპასუხეს სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე არც გ.ზ–ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საკადრო ცვლილებებზე დაყრდნობით იგი სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე დარჩა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები კიდევ ერთი გარემოება: მოპასუხე საწარმოში საკადრო ცვლილებებისა და ამ მიზეზით იურიდიული განათლების მქონე თანამშრომლების საწარმოში არარსებობის ფაქტი (მისი დადასტურების შემთხვევაშიც) არ გამორიცხავს საწარმოს მიერ იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოში მისი ინტერესების დასაცავად სხვა წარმომადგენელი აიყვანოს. უფრო მეტიც, ასეთ დროს არ გამოირიცხება საწარმოს ვალდებულება, დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს ან გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე, სათანადო წესით აცნობოს სასამართლოს.
16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საწარმოს დირექტორი საქართველოში არ ცხოვრობს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვისაც საქართველოში არ იმყოფებოდა და სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების პირობებშიც, იგი საწარმოს ინტერესებს ვერ დაიცავდა, რადგან ქართული არ იცის და ვერც ქართულ კანონმდებლობაში ვერ ერკვევა.
ის გარემოება, რომ საწარმოს დირექტორი საქართველოში არ ცხოვრობს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვისაც საქართველოში არ იმყოფებოდა (მისი დამტკიცების პირობებში) არ ათავისუფლებს ამ საწარმოს კანონით დადგენილი და სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან. ასეთი ვალდებულებისგან საწარმოს გათავისუფლებას ვერც ის გარემოება ვერ გამოიწვევს, რომ საწარმოს დირექტორი არ ფლობს სამართალწარმოების ენას და ვერც ქართულ კანონმდებლობაში ვერ ერკვევა, რადგან მოცემულ საქმეზე მხარე (მოპასუხე) საწარმოა და არა მისი დირექტორი (შდრ. იხ. სუსგ: №ას-217-209-2013, 20.09.2013).
მოცემული კუთხით საკითხის შეფასებისას, საგულისხმოა, სსსკ-ის 9.4 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. მითითებული ნორმის მიხედვით, სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი, რომლის მეშვეობით მას შეუძლია სრულად განახორციელოს ყველა ის უფლება, რაც მას აქვს მინიჭებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. აღნიშნული უფლების რეალიზაციას ემსახურება სსსკ-ის 213-ე მუხლიც, რომლის მიხედვით, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.
17. მცდარია კასატორის ის მოსაზრებაც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებს. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დანაწესიდან გამომდინარეობს. სსსკ-ის 230.2 მუხლის არსი ისაა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამ.ბაზე, სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით. ასეთ დროს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა და, თუ ისინი იურიდიულად ასაბუთებენ მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (შდრ. იხ. სუსგ: №ას-905-850-2012, 19.11.2012).
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებიდან გამომდინარე (რაზეც ზემოთ განიმარტა), მოცემულ საქმეზე სარჩელი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2016 წლის 15 ივნისიდან შრომის ერთწლიანი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე ის მუშაობდა მოპასუხე საწარმოში, ექსპერტად;
2017 წლის 15 ივნისიდან მასა და დამსაქმებელს შორის ზეპირი შრომითი ხელშეკრულება დაიდო და საწარმოში იმავე პირობებით გააგრძელა მუშაობა;
მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 21 მარტიდან, დამსაქმებლის ინიციატივით;
აქედან გამომდინარე, მოპასუხეს (დამსაქმებელი) უნდა დაკისრებოდა შრომითი ურთიერთობის არსებობის პერიოდში (2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 21 მარტის ჩათვლით) მიუღებელი სახელფასო დავალიანება, 28 451.61 ლარი.
სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, მაგრამ, ვინაიდან იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, რომლებიც, საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის იმ დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, დამსაქმებლისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა ყველა წინაპირობა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.
საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სამართლიან სასამართლოს უფლების პრინციპს არ არღვევს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლებზეც ზემოთ უკვე მიეთითა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1956-2018, 24.05.2019). ის გარემოება, რომ მხარე საპროცესო წესის დარღვევით ასრულებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებას, უნდა შეფასდეს სსსკ-ის 241-ე მუხლის კონტექსტში. ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საკანონმდებლო დანაწესს და იგი არ შეიძლება, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევად იქნას მიჩნეული (შდრ. იხ. სუსგ: №ას-729-682-2017, 29.09.2017).
ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის თავისებურებათა გათვალისწინებით, ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მიიჩნევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლიანი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1033-953-2017, 30.01.2018). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia),
19. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 996.10 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ე.კ’’-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ე.კ–ს’’-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 423 ლარის (საგადასახადო დავალება # 1607934847, გადახდის თარიღი 14.12.2020) 70% - 996.10 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე