Facebook Twitter

ბს-963-549(კს-05) 5 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ხელშეკრულებების ბათილად ცნობა; ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 29 ივნისს შპს “ე-ამ” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: სს “თ-ისა” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:

1. ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს სახელმწიფოსა და “ს-ის” (სს “თ-ი”) შორის სს “თ-ის” ყველა აქციის 75%-ის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 1998წ. 21 დეკემბრის ხელშეკრულების 11.6 მუხლი მის საფუძველზე განხორციელებული ყველა სამართლებრივი შედეგით;

2. ბათილად ყოფილიყო ცნობილი სს “თ-სა” და სს “ე-ას” შორის “ელექტროენერგიის გადაცემის შესახებ” 1998წ. 24 დეკემბრის ხელშეკრულების 5.9 მუხლი მის საფუძველზე განხორციელებული სამართლებრივი შედეგით;

3. სს “თ-ისთვის”, როგორც “ს-ის” (“ეი-ი-ეს თ-ი”) უფლებამონაცვლისთვის, შპს “ე-ის”, როგორც სს “ლ-ის” უფლებამონაცვლის, სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების _ 5313113,61 ლარის, ხოლო პროცენტის სახით _ 8996550 ლარის, სულ _ 14315663,62 ლარის გადახდის დაკისრება;

4. სს “თ-ისთვის” შპს “ე-ის” სასარგებლოდ საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი თანხის დაკისრება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გასული პერიოდისთვის, რომლის დაანგარიშებაც მოხდებოდა აღსრულების პროცესში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004წ. 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელე შპს “ე-ის” სარჩელი არ მიიღო წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ სსკ-ის 186-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო კოლეგია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა სამართლებრივი დავა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და “ს-ის” შორის 1998წ. 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 28-ე თავის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებასთან ან მის მიერ გათვალისწინებულ ქმედებებთან (ამ ქმედებათა არსებობასთან, ნამდვილობასა და შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხთა ჩათვლით) დაკავშირებით, ნებისმიერ მხარეთა შორის წარმოშობილ ნებისმიერ დავას ან უთანხმოებას, თუ მხარეები ვერ გადაჭრიან შეხვედრიდან 30 კალენდარულ დღეში, ან სხვა მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებულ ვადაში, დავას საბოლოოდ გადაჭრის არბიტრაჟი იმ დროისთვის არსებული ჩI-ის წესების (“წესები”) შესაბამისად. არბიტრაჟის ადგილსამყოფელია ლონდონი და საქმე განიხილება ინგლისურ ენაზე.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ანალოგიურადაა დარეგულირებული სს “თ-სა” და სს “ლ-ას” შორის 1998წ. 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 23-ე თავით.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ე-ამ”.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს “ე-ა” არ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და “ს-ის” შორის 1998წ. 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს და შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ შეიძლება გავრცელდეს შპს “ე-აზე”.

კერძო საჩვრის ავტორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 186-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სს “ლ-ასა” და სს “თ-ს” შორის 1998წ. 24 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც არ არსებობდა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულ ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და “ს-ის” შორის 1998წ. 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მონაწილე მხარესაც არ წარმოადგენდა შპს “ე-ა”.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტების, 27-ე და 41-ე მუხლების თანახმად, შპს “ე-ის” სარჩელში მითითებული სს “თ-სა” და სს “ლ-ას” შორის 1998წ. 24 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 30 ივნისის განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 ივნისის განჩინებით შპს “ე-ის” კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სს “თ-სა” და სს “ლ-ას” შორის 1998წ. 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 23-ე თავის თანახმად, თუ ამ ხელშეკრულებასთან ან მის მიერ გათვალისწინებულ ქმედებებთან (ამ ქმედებათა არსებობასთან, ნამდვილობასა და შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხთა ჩათვლით) დაკავშირებით ნებისმიერ მხარეთა შორის წარმოიშობა ნებისმიერი დავა ან უთანხმოება და თუ მხარეები ვერ გადაჭრიან დავას შეხვედრიდან 30 კალენდარული დღის მანძილზე ან სხვა მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებულ ვადაში, დავას საბოლოოდ გადაჭრის ლონდონში მოქმედი არბიტრაჟი იმ დროისთვის არსებული ჩI-ის წესების (“წესები”) შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელე შპს “ე-ის” (ყოფილი სს “ლ-ა”) სასარჩელო მოთხოვნა სს “თ-სა” და სს “ლ-ას” შორის “ელექტროენერგიის გადაცემის შესახებ” 1998წ. 24 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 5.9 მუხლისა და მის საფუძველზე განხორციელებული ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა განსახილველად ექვემდებარება ლონდონში არსებულ საერთაშორისო კერძო არბიტრაჟს.

რაც შეეხება შპს “ე-ის” სასარჩელო მოთხოვნას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და “ს-ის” შორის 1998წ. 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 11.6 მუხლისა და მის საფუძველზე განხორციელებული ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავაც ლონდონში მოქმედი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის განსახილველია შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სს “ლ-ა” (ამჟამად შპს “ე-ა”) არ იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და “ს-ის” შორის 1998წ. 21 დეკემბერს დადებული სს “თ-ის” აქციათა 75%-ის ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე მხარე, მაგრამ მასზე, როგორც სახელმწიფოს მიერ ასპროცენტიანი წილით დაფუძნებულ საწარმოზე, უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავების გადაჭრის ამავე ხელშეკრულების 28-ე თავით გათვალისწინებული წესი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის მოტივაციას, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ნებისმიერ მხარეთა შორის წარმოშობილ ნებისმიერ დავას ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, განიხილავს ლონდონში მოქმედი საერთაშორისო არბიტრაჟი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს “ე-ის” სასარჩელო მოთხოვნა სს “თ-ისთვის” თანხის დაკისრების თაობაზე, წარმოშობილია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან და დავის აღნიშნული ნაწილიც საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის განსჯადია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სწორად გამოიყენა სსკ-ის 186-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ შპს “ე-ას” სწორად უთხრა უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ 2005წ. 17 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში არასწორად მიუთითა შპს “ე-ისთვის” კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ვინაიდან არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განჩინება უნდა გაუქმდეს ამ ნაწილში და შპს “ე-ას” კერძო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ე-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 30 ივნისის განჩინება;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 ივნისის განჩინება შპს “ე-ისთვის” კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაწილში;

4. შპს “ე-ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.