Facebook Twitter

საქმე №ას-1407-2020 12 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.ს–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.მ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისში, ............ გამზირ №12ა კორპუსში, №5-ში მდებარე როგორც საცხოვრებელი ფართის, ასევე - 18 კვ.მ №67 ავტოსადგომის (შენობა №2,-2.8 ნიშნული) მესაკუთრეა, თუმცა საკუთარი ავტოსამდგომით ვერ სარგებლობს, ვინაიდან მოპასუხე, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთარი კომერციული ფართის საწყობად იყენებს და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ფართზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და სადავოა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს მისი გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა დაევალა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება დაებრუნებინა.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 377-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტა, აპელანტმა გადაწყვეტილება მხოლოდ იმ საფუძვლით გაასაჩივრა, რომ მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნივთი და სადავო ავტოსადგომი ერთი და იგივე არ იყო.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეს ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ ნივთს თავად ფლობდა, სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, მან განმარტა, რომ „აღნიშნული ფართის ირგვლივ“ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, „მოცემულ ფართზე“ საკუთრება უკანონოდ წაერთვა, მიმდინარეობდა დავა სწორედ „იმ ფართზე, რომლის განთავისუფლებასაც“ მოსარჩელე მოითხოვდა და მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო იყო.

10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე მიუთითა (საქმე №ას-664-635-2016), სადაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის სავალდებულოა და განმარტა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარში დასახელებულ ფაქტებზე მითითების უფლება დაკარგული აქვს და ის, რომ იგი სწორედ მოსარჩელის კუთვნილ ფართს ფლობს, დამტკიცებულია.

12. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, უდავოა, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მას ეკუთვნის.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი არც საჯარო რეესტრის ზემოაღნიშნულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შესდავებია. მეტიც, მას სასამართლოსათვის ის ფაქტებიც არ მიუთითებია, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობდა და იგი უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

16. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე და განმარტავს, რომ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

17. კასატორის მტკიცებით, სამართლებრივ ნორმამ, კერძოდ, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილმა, რომელიც სასამართლომ გამოიყენა, სადავო ურთიერთობის არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია გამოიწვია.

18. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ავტოსადგომი მოსარჩელის საკუთრებაა, აღნიშნული სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება კი შეუძლებელია, ვინაიდან სადავო საკითხზე საქმეში წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, სადაც სადავოა მხარეთა ავტოსადგომების მდებარეობა. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, დაედგინა რეგისტრირებული სადავო ნივთების ზუსტი ადგილმდებარეობა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და შეედგინა საკადასტრო გეგმა. საჯარო რეესტრის მიერ მისაღები გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც კანონს ეწინააღმდეგება და მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლია.

19. კასატორი მიუთითებს, რომ მისი ავტოსადგომის რეგისტრაციის საფუძველი გახდა შპს ,,ჯ.ჰ–თან“ არსებული შეთანხმება, რომელიც მისი ავტოსადგომის ზუსტ მდებარეობას ადგენს, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია. მოსარჩელეს კი, შპს ,,ჯ.ჰ–მა“ ავტოსადგომზე უფლება გადასცა ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფებლის დაუზუსტებლად, რაც უფლებადამდგენი დოკუმენტის შინაარსითაც დგინდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

26. მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

27. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

29. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

30. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სამართლებრივი პოზიციების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

32. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

33. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

34. კასატორის პრეტენზიებს, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად.

35. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

36. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

37. რაც შეეხება კასატორის საკასაციო პრეტენზიებს, რომლის თანახმად, სადავოა მხარეთა ავტოსადგომების მდებარეობა, საკასაციო პალატა არ იზიარებს, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 9-11 პუნქტებზე და დამატებით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი (სსსკ-ის მე-3 მუხლი) მხარეს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. იმავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით, აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულები აღარ მიიღება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტის განჩინება).

38. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების - საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტის უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) პრეტენზია, რომლის თანახმად, სადავოა მხარეთა ავტოსადგომების მდებარეობა სამართალწარმოების შესაბამის საპროცესო ეტაპზე შესაგებლით შედავებული არ არის, უსაფუძვლოა და მოპასუხისათვის უარყოფით სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

39. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სსკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად.

40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონების მართლზომიერი ფლობა სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს, რაც სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო. მეტიც, მას შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრედაბდ რეგისტრირებულ ნივთს ფლობდა.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-173-2020, 2020 წლის 29 ივნისის განჩინება).

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ე.მ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჯ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 10234531418 / გადახდის თარიღი 15.12.2020), 70% - 105 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე