საქმე №ას-75-2021 31 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,რ–ი ..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომ - მოსარჩელე, მერია, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) და ,,რ–ი 2019-ს“ (შემდგომ - მოპასუხე, კ–ა, მენარდე, კასატორი) შორის, 2019 წლის 24 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №90 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კ–ამ ვალდებულება აიღო, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით. ხელეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 46394.77 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ხელშეკრულების თანახმად, ანგარიში გასწორდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნის (აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაეფარა მიმწოდებელს საკუთარი ხარჯებით) წარდგენის შემდეგ.
3. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
4. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებული იყო, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%.
5. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დაცვით - 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით, რის შემდგომაც 2019 წლის 16 სექტემბრამდე სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება (ექსპერტიზა) მიმდინარეობდა.
6. შპს ,,ზ. და კ–ის“ მიერ 2019 წლის 16 სექტემბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშით/ექსპერტიზით დადგინდა, რომ კ–ამ 45485.08 ლარის სამუშაო შეასრულა. შესრულებული სამუშაო შეესაბამებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.
7. ექსპერტზის დასკვნის საფუძველზე, მხარეთა შორის, 2019 წლის 16 სექტემბერს, 45485.08 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების ჩაბარების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, მენარდემ სამუშაოები სრულად და შესაბამისი ხარისხით შეასრულა, ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოები მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფორმა №2-ის მიხედვით.
სარჩელის საფუძვლები:
8. მოსარჩელემ (მენარდემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის (შემკვეთის) მიმართ, თანხის - 3943.56 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
9. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით 3943.56 ლარი გაუქვითა და ავანსად მოსარჩელისათვის გადახდილი 5000 ლარის გათვალისწინებით მხოლოდ 36541.2 ლარი ჩაურიცხა, რაც უკანონო და დაუსაბუთებლია.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მენარდეს სამუშაოები 2019 წლის 23 ივლისს უნდა დაესრულებინა. მოსარჩელის მიერ სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა ექსპერტიზის დასკვნისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც მოსარჩელეს მიწოდების ვადის მიხედვით უნდა წარედგინა.
11. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ შემკვეთს შესრულებული სამუშაო 2019 წლის 16 სექტემბერს ჩააბარა, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 3943.56 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბერის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მენარდის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ ნიშნავს, იმას, რომ მენარდემ სამუშაოების შესრულების ვადები დაარღვია, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით 2019 წლის 23 ივლისი სწორედ სამუშაოების ფაქტობრივად დასრულებისა და არა ჩაბარების ვადას წარმოადგენდა. ამასთან, ექსპერტიზისა და სამუშაოების ჩაბარების რაიმე კონკრეტული ვადა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხებული არ ყოფილა.
16. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მენარდეს სამუშაოების შესრულების ვადა არ დაურღვევია, შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც, რაც კანონიერად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მერიამ საკასაციო საჩივარი წარადგინა და, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
18. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და შემკვეთს სამუშაოები, ნაცვლად 2019 წლის 23 ივლისისა, 2019 წლის 16 სექტემბერს ჩააბარა. მენარდეს პირგასამტეხლო როგორც გეგმა-გრაფიკის დარღვევის, ასევე - მიწოდების ვადის გადაცილების გამო დაეკისრა, რაც ქვემდგომი ისტანციის სასამართლეობმა არ გაითვალისწინეს.
19. კასატორის მითითებით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო არა ხელშეკრულების მოქმედების, არამედ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
25. მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შეკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). მითითებული ნორმის მიხედვით, მენარდე უფლებამოსილია, შემკვეთისაგან მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.
26. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ამ სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
27. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ მენარდემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 45485.08 ლარის სამუშაო, შემკვეთმა კი გადაიხადა 41 541.52 ლარი, ანუ - 3943.56 ლარით ნაკლები. სწორედ ამ თანხის გადახდას მოითხოვს მენარდე შემკვეთისაგან. შემკვეთის შესაგებელი მითითებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე დაეფუძნება იმ გარემოებას, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო 3943.56 ლარი და გაიქვითა მენარდისათვის ასანაზღაურებელ თანხაში (სსკ-ის 442-ე მუხლი).
28. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის ფარგლებშიც, დადებული ხელშეკრულებისა და სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა სამუშაოს შესრულება, ხოლო მოპასუხეს - მისი მიღება და საზღაურის ანაზღაურება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები, სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების შესაბამისად, შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე.
29. პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
31. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
32. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შემკვეთს ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდა იმ საფუძვლით დააკისრეს, რომ მენარდემ სამუშაოები ხელშეკრულების ვადის დაცვით შეასრულა, რასაც ეს უკანაკსნელი არ ეთანხმება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შემკვეთმა სამუშაოები, ნაცვლად 2019 წლის 23 ივლისისა, 2019 წლის 16 სექტემბერს ჩაიბარა.
33. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს, ხელშეკრულების ანალიზის შედეგად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. მისი ზემოაღნიშნულ ვადაში შესრულება კი სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.
34. პალატა მიუთითებს, რომ უდავოა მენარდის მიერ სამუშაოების დადგენილ ვადის დაცვით შესრულება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ექსპერტიზა 2019 წლის 23 ივლისის მერე ჩატარდა და მიღება - ჩაბარების აქტიც შემდგომ გაფორმდა, არ წარმოშობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე სსკ-ის 400 მუხლის წინაპირობებს, ვინაიდან, ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული ვადა - 2019 წლის 23 ივლისი წარმოადგენს სამუშაოების ფაქტობრივად დასრულების და არა სამუშაოების ჩაბარების ვადას, ხოლო ექსპერტიზისა და სამუშაოების ჩაბარების რაიმე კონკრეტული ვადა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხებული არ ყოფილა.
35. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე აღნიშნულს შესაგებლით არ შესდავებია, რაც სსსკ-ის 219-ე მუხლიდან (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) გამომდინარე, მისი პრეტენზიის უსაფუძვლობაზე მეტყველებს.
36. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მენარდის მხრიდან სამუშაოების ვადის დაცვით შესრულების ფაქტი დადგენილია და კასატორის მიერ საკასაციო საჩივრით ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1455-2018, 2020 წლის 10 იანვრის განჩინება; №ას-1299-2018, 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება; №ას-209-2020, 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება; №ას-1819-2019, 2020 წლის 19 თებერვლის განჩინება).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე