საქმე № ას-352-2021 16 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „მ.ი–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.ქ.ჰ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2021წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „კ.ქ.ჰმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე") სარჩელი აღძრა შპს „მ.ი–ის“ მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) ხელშეკრულების მოშლისა და წილის დაბრუნების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2020წ. განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და წინამდებარე საქმეზე შეწყდა წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 272-ე მუხლის "ა1" ქვეპუნქტის საფუძველზე (დავის საგნის არარსებობა) (იხ.: ტ.3, ს.ფ. 334-343). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2020წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის საგანი წინამდებარე სარჩელის ინიცირებისას იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან (არაჯეროვნად შესრულებიდან) გამომდინარე მეორადი უფლების გამოყენება - ხელშეკრულებიდან გასვლა. წინამდებარე საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) გარემოების დადგენა სხვა სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც წინამდებარე დავის მხარეებს პროცესუალური სტატუსი არ ჰქონიათ, ვერ გააქარწყლებს დავის საგანს, შესაბამისად, საქმე განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს არსებითად განხილვის გზით (იხ.: ტ.3, ს.ფ. 367-370).
4. განჩინებაზე კერძო საჩივარი (მართალია, მოპასუხე თავის პრეტენზიას უწოდებს "საჩივარს", წინამდებარე განჩინებაში იგი აღნიშნულია როგორც "კერძო საჩივარი", რადგან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით (და არა საჩივრით) და წარმოდგენილი "საჩივრით" მისი ავტორი, ფაქტობრივად, პრეტენზიას აცხადებს ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის თაობაზე) წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8. პალატის 18.01.2021წ. განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2020წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად. განჩინებაში მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება (იხ.: ტ.3, ს.ფ. 367-370).
9. 04.03.2021წ. მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2021წ. განჩინების გაუქმება (ტ.4, ს.ფ.7-14). ამდენად, ფაქტობრივად გასაჩივრებულია ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ.: სუსგ №ას-21-2019, 21 იანვარი, 2019წ.).
შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.: სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ).
12. შესაბამისად, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ი–ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2021წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე