საქმე № ა-4375-შ-103-2020 11 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.ზ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის, კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს # 314 F 150/16 გადაწყვეტილება
განხილვის საგანი – შვილად აყვანა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 09.11.2020წ. რ.ზ–ის (შემდეგში "შუამდგომლობის ავტორი") სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა გერმანიის, კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს #314 F 150/16 გადაწყვეტილების (შემდეგში "გადაწყვეტილება") საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც მშვილებელმა - მ.რ.შ-ვ–მა (მცხოვრები: გერმანია, ქალაქი კიოლნი, ......) შვილად აიყვანა 07.11.1990წ. საქართველოში, თელავში დაბადებული რ.ზ–ი (მცხოვრები: გერმანია, ქალაქი კიოლნი, .....). ნაშვილების დაბადების გვარად განისაზღვრა: შ-ვ.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა: 1) ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; 2) უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა/განცხადება. მასვე განემარტა, რომ უფლება ჰქონდა სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობით განცხადების წარმოდგენის უფლება მიენიჭებინა ისეთი პირისათვის, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
3. 15.12.2020წ. შუამდგომლობის ავტორის ოჯახის წევრმა (დამ) ნ. ზ–მა მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება. 22.12.2020წ. სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შუამდგომლობის ავტორის სახელით წარმოდგენილ იქნა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2020წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ხარვეზის ვადა 10 დღით.
5. 12.01.2021წ. სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შუამდგომლობის ავტორის სახელით კვლავ იქნა წარმოდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2021წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ხარვეზის ვადა 10 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2021წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (უნდა წარმოედგინა: 1) ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; 2) უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა/განცხადება. მასვე განემარტა, რომ უფლება ჰქონდა სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობით განცხადების წარმოდგენის უფლება მიენიჭებინა ისეთი პირისათვის, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში).
9. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.01.2021წ. განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა 18.02.2021წ.. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართლის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართლის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების/გზავნილის ჩაბარება დასტურდება ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ადრესატმა დაადასტურა გზავნილის ჩაბარება.
10. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 19 თებერვალს და ამოიწურა 2021 წლის 1 მარტს (ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო კვირა). ხარვეზის შევსების ვადაში, 2021 წლის 26 თებერვალს შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა/განცხადება. რაც შეეხება დაწესებულ პირველ ხარვეზს (ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე), ასლის სახით წარმოდგენილია გადაწყვეტილება (და მისი თარგმანი), რომელზეც გაკეთებულია აღნიშვნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე. ეს დოკუმენტი არ არის დამოწმებული. შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული დაწესებული ხარვეზის შევსებად. ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის ავტორი არ შუამდგომლობს.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ზ–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე