Facebook Twitter

საქმე№ა-4302-შ-102-2020 22 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ტ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ვ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქის, მოგილევსკის ოლქის სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება (საქმე # 2-1114/2020)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქის, მოგილევსკის ოლქის სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე # 2-1114/2020) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.ტ–ოს სარჩელი შ.ვ–ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე: შ.ვ–ძეს (დაბადებული 15.08.1993წ., მცხოვრები საქართველოში ქალაქ სამტრედიაში) ს.ა..ასული ტ–ოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 15 აპრილს დაბადებული ე.შ. ასული ვ–ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%, მაგრამ საშუალოდ სულ მოსახლეზე შრომისუნარიანი მშობლის ბიუჯეტის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა, დაწყებული 2020 წლის 12 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. 2020 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ს.ტ–ომ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

3. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი 2020 წლის 4 აპრილს შევიდა კანონიერ ძალაში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე: სამტრედია, ....., თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა.

5. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინების ბარათებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ მითითებულ მისამართზე პიროვნების მოძიება ვერ მოხერხდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოპასუხისათვის (მისამართი: სამტრედია, ....) ჩაებარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორის განყოფილების უფროსი-გამომძიებლის 2021 წლის 2 მარტის MIA 9 21 00504147 წერილით ირკვევა, რომ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, ხოლო ბინაზე გამოცხადების ოქმით დასტურდება, რომ საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე (სამტრედია, .....) მოქალაქე შ.ვ–ძე არ ცხოვრობს, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. სსსკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

11. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

12. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სსსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები).სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება, ს.ტ–ოს შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – საქართველო, ქ. სამტრედია, ......

14. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ჩაბარება.

15. როგორც ფოსტის უკუგზავნილებით, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორის განყოფილების უფროსი-გამომძიებლის 2021 წლის 27 თებერვლის ბინაზე გამოცხადების ოქმით დასტურდება, საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე მოწინააღმდეგე მხარე არ ცხოვრობს, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მისამართი არასწორია.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს.ტ–ოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

17. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ტ–ოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქის, მოგილევსკის ოლქის სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე