საქმე №ას-1224-1144-2017 3 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – კომპანია "ნ.გ.ფ–ო" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური საქონლის მიმართ გამოყენების აკრძალვა, კონტრაფაქციული ტვირთის განადგურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კომპანია „ნ.გ.ფ–ო“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, სასაქონლო ნიშნის მფლობელი, აპელანტი, კასატორი) 2011 წლის 23 აგვისტოდან რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირის (შემდეგში: სსიპ) „ს–ის“ მიერ №21722 სასაქონლო ნიშნით „NIKAI“ კლასი 7.9.11.
2. „ს–ის“ თავმჯდომარის 2012 წლის 18 მაისის №605/03 ბრძანებით მოსარჩელის მოთხოვნით დარეგისტრირდა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა.
3. შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტმა, 2013 წლის 30 მარტს, გამოსცა №21-09 411 ბრძანება, რომლითაც 10 სამუშაო დღით შეჩერდა ი/მ ა.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, ინდმეწარმე ) მიერ 2013 წლის 27 მარტს C14746 (11111) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული ტვირთის ნაწილი, რომლის შესაფუთ მასალაზეც, თითოეულ ნივთზე უკანონოდ დატანილია სასაქონლო ნიშანი „NIKAI“, კერძოდ: 1ც. ელ. ხორცსაკეპი; 146 ც. ჩოპერი; 280 ც. უთო; 69 ც. წვენსაწური; 124 ც. მიქსერი; 323 ც. მტვერსასრუტი; 14 ც. ელ. ჩაიდანი.
4. შემოსავლების სამსახურმა, 2013 წლის 12 აპრილს №15081 ბრძანების საფუძველზე, ტვირთის შეჩერების ვადა მომდევნო 10 სამუშაო დღით გააგრძელა.
5. სასაქონლო ნიშნის „NIKAI“ -ს მფლობელი კომპანიის იდენტიფიცირების მიზნებისათვის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი „ს–ში“, 2010 წლის 15 ივნისს, კომპანიის სახელით წარდგენილია გ.რ. ძე მ–ის მიერ, რომლის სახელზეც მინდობილობა გაცემულია 2010 წლის 6 ივნისს დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და მას ხელს აწერს პ.რ.დ.შ–ი; მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარდგენილია კომპანიის სავაჭრო ლიცენზიის დამოწმებული ასლი, რომელიც გაცემულია დუბაის მთავრობის “ჯ.ა.ფ.ზ–ის” სავაჭრო რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ, რომლითაც დასტუდება, რომ მოსარჩელე კომპანია ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით არის რეგისტრირებული და მისი ხელმძღვანელია ინდოეთის მოქალაქე პ. რ. დ.შ–ი.
6. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონით რეგულირდება სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცედურები, კერძოდ, განაცხადის წარდგენის შემდეგ, სსიპ „ს–ი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, სადაც დგინდება არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ზემოხსენებული სპეციალური კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში ატარებს არსობრივ ექსპერტიზას; არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები სპეციალური კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში „ს–ი“ აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული სპეციალური კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში „ს–ის“ სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივარი არ იქნება შეტანილი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე, სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „ს–ი“ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.
7. სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „ს–ი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე. მოწმობით დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა.
8. ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სსიპ „ს–ის“ მიერ მოსარჩელე კომპანიის სახელზე გაცემულ იქნა მოწმობა №21722, რომლის საფუძველზეც დასტურდება კომპანიის განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე „NIKAI“, რაც ამ უკანასკნელს უფლებას ანიჭებს, მესამე პირს მისი გამოყენება აუკრძალოს.
9. სარჩელის საფუძვლები
9.1. სასაქონლო ნიშნის მფლობელმა კომპანიამ, 2013 წლის 1 მაისს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური საქონლის მიმართ კომპანიის კუთვნილი №21722 სასაქონლო ნიშნის „NIKAI“-ს გამოყენების აკრძალვა და კონტრაფაქციული ტვირთის განადგურება.
9.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე გადაწყვეტილების 1-8 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. მოპასუხემ მის მიერ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე უკანონოდ ფლობს „ს–ში“ 2011 წლის 23 აგვისტოს საქონლისა და მომსახურების კლასიფიკატორის მე-7, მე-9 და მე-11 კლასების მიმართ რეგისტრირებულ # 21722 სასაქონლო ნიშანს „NIKAI”-ს. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება მონაცემები, რომ მოპასუხე ინდმეწარმემ სწორედ ამ სასაქონლო ნიშნით არსებული პროდუქცია შემოიტანა; არ არის ჩატარებული ექსპერტიზა და არ არის აღებული მხარის თანდასწრებით ტვირთის ნიმუშები. მოპასუხე უთითებს, რომ მისი ინფორმაციით ინდმეწარმის მიერ იმპორტის რეჟიმში შემოტანილი პროდუქციის სასაქონლო ნიშანია არა „NIKAI”, არამედ - „ПIKAI” (იხ. მოპასუხის შესაგებელი - ტ. 1. ს.ფ.119-130).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სსიპ „ს–ის“ მიერ 2011 წლის 23 აგვისტოს რეგისტრირებული #21722 სასაქონლო ნიშნის „NIKAI“-ს გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მოსარჩელის მთხოვნა მოპასუხის კუთვნილი და 2013 წლის 30 მარტს შეჩერებული კონტრაფაქციული ტვირთის განადგურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
11.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-6, 24-ე, 45-ე, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე, 180-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
11.3. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდებოდა იმ სასაქონლო ნიშნების, რომლებიც მოსარჩელე კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და რომელთა გამოყენების განსაკუთრებული უფლებაც მას გააჩნია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხის (ინდმეწარმის) მიერ გამოყენება.
11.4. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისგან გამოცალკევება შეუძლებელია, რის საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის მოთხოვნა კონტრაფაქციული ტვირთის განადგურების შესახებ.
11.5. სასამართლომ განმარტა, რომ კომპანიამ სარჩელის საფუძვლიანობა ნაწილობრივ დაასაბუთა, მოპასუხე მხარემ კი ვერ გააქარწყლა თავისი არგუმენტები და მათ საწინააღმდეგოდ ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მოთხოვნის დაუსაბუთებულობა, ვერ წარადგინა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის უარმყოფი მტკიცებულებები.
12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
12.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოსარჩელეს უნდა მიემართა საექსპერტო დაწესებულებისთვის შეკითხვით: შეიძლებოდა თუ არა სადავო საქონელზე დატანილი სასაქონლო ნიშნის მოცილება. აპელანტის მტკიცებით, მსგავსი დაშვება საფუძველშივე მცდარია, არ არსებობს საქონელი და სასაქონლო ნიშანი, რომლეთა განცალკევებაც შეუძლებელი იყოს ტექნიკური ან ქიმიური საშუალების გამოყენებით. ექსპერტიზის ჩატარება ამ საკითხზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან ადამიანის ხელით დატანილი სასაქონლო ნიშნის მოცილება საქონლიდან ნებისმიერ შემთხვევაშია შესაძლებელი. ეს საკითხი სასამართლომ შესაძლებელია სრულიად დამოუკიდებლად შეაფასოს, საექსპერტო დასკვნის გარეშე. აპელანტის მოსაზრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშანი საქონელზე უშუალოდ ქიმიური (ქიმიური საღებავი, წებო) ან ტექნიკური საშუალებით (ამოტვიფრულია საქონელზე, ინტეგრირებულია, ჩასმულია საქონელში) არის დატანილი, საქონელი განადგურებას უნდა დაექვემდებაროს. რაც შეეხება იმგვარ შემთხვევებს, როდესაც საქონლიდან სასაქონლო ნიშნის მოცილება შესაძლებელია, დასაშვებია მწარმოებლებისადმი ასეთი მკაცრი მიდგომის არიდება.
12.3. აპელანტის მტკიცებით სასამართლომ არასწორად განმარტა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში არსებული ჩანაწერი: „თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია“, რაც უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ განადგურებას უნდა დაექვემდებაროს ყველა საქონელი, რომელზედაც უშუალოდ და მყარად არის დატანილი სასაქონლო ნიშანი ქიმიური ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით და მათი განცალკევება შეუძლებელია მარტივი მანიპულაციით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშანი საქონელზე დატანილია არამყარად და მისი მოცილება არ უკავშირდება ქიმიური და რთული ტექნიკური საშუალების გამოყენებას, შესაძლოა მოხდეს მათი გამოცალკევება და საქონელი განადგურებას არ დაექვემდებაროს.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით, სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). დადგენილად იქნა მიჩნეული ტვირთის კონტრაფაქციულობა, შესაბამისად, ინდმეწარმეს აეკრძალა 2011 წლის 23 აგვისტოს ს–ში რეგისტრირებული №21722 სასაქონლო ნიშნის NIKAI-ს გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით, ანუ სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია - შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გაუსაჩივრებელ ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა.
13.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა და 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვა: შესაძლებელი იყო თუ არა მოპასუხის სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება, ნივთის დაუზიანებლად. მხარეებს დაევალათ, უზრუნველეყოთ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიყვანა სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“. საქმე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შეუსრულებელი სახით დაბრუნდა სასამართლოში, იმ მოტივით, რომ ბიუროს წინადადების საფუძველზე საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა მხოლოდ - მოპასუხემ, ხოლო აპელანტმა (მოსარჩელემ) უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
13.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო საკითხის შეფასება სასამართლოს დამოუკიდებლად, საექსპერტო დასკვნის გარეშე, შეეძლო. სასამართლომ განმარტა, რომ დავის გადაწყვეტისათვის გამოკვლევას ექვემდებარებოდა საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა შესაძლებელი შემოსავლების სამსახურში ინდმეწარმის (მოპასუხის) კუთვნილი დაკავებული (გაჩერებული) საქონლისაგან სასაქონლო ნიშნის იმგვარად განცალკევება, რომ საქონელი და სასაქონლო ნიშანი დარჩენილიყო დამოუკიდებელ ნივთებად, რაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმეს არ ერთვოდა სადავო საქონელი, რადგან ნივთები დაყადაღებული და განთავსებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში; შესაბამისად, ექსპერტიზის დანიშვნის გარეშე, დაკავებული მოძრავი ნივთების ვიზუალური დათვალიერების გარეშე, სადავო საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო, ამასთან, საქმეში მხოლოდ ელ.ხორცსაკეპის და „ჩოპერის“ ფოტოსურათებია წარდგენილი მაშინ, როდესაც სადავოა 6 დასახელების და სხვადასხვა რაოდენობის ნივთი. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მარტოოდენ მოსარჩელის განმარტება, სპეციალური ცოდნის გარეშე, სადავო საკითხის გადაწყვეტის შესახებ არამართებული იქნებოდა.
13.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო სასამართლოს ინიციატივა, რომ სპეციალური ცოდნის გამოყენებით დაედგინა სადავო საკითხი, ვერ განხორციელდა, რადგან საქმე შეუსრულებელი სახით დაბრუნდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან იმ მოტივით, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) არ გააფორმა საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა საქონლის განადგურების მოთხოვნის ნაწილში კომპანიის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობა.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14.2. საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივარში გამოთქმული, წინამდებარე გადაწყვეტილების 12.2 – 12.3 ქვეპუნქტებში მითითებული პრეტენზიები.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1 .საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კომპანიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნტებით, რადგან დასახელებული საქმე მნიშვნელოვანია როგორც სამართლის განვითარებისათავის, ისე შეიცავს საპროცესო ხასიათის დარღვევებს, კერძოდ, საქმეზე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებას შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა: მოსარჩელე კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების გამოყენების განსაკუთრებული უფლება მოსარჩელეს გააჩნია, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენებოდა მოპასუხის (ინდმეწარმის) მიერ, შესაბამისად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-6, 24-ე, 45-ე, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე, 180-ე მუხლების თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
18. სადავო არაა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი (ინდმეწარმის მიერ საქართველოში შემოტანილი ტვირთის კონტრაფაქციულობის შესახებ) მოპასუხეს სააპელაციო წესით სადავოდ არ გაუხდია და ამ ნაწილში მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ინდმეწარმემ იმპორტის გზით შემოიტანა კონტრაფაქციული ტვირთი, ამდენად, საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში შესამოწმებელია სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც კონტრაფაქციული ტვირთის განადგურებას ეხება. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოპასუხე ინდმეწარმის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ასახულ პოზიციაზე, სადაც მოპასუხე არა მტკიცების ფორმით, არამედ ზოგადად აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, ინდმეწარმის მიერ იმპორტის რეჟიმში შემოტანილი პროდუქციის სასაქონლო ნიშანია არა „NIKAI”, არამედ - „ПIKAI; ასევე, მოპასუხე უთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მონაცემები, რომ მოპასუხე ინდმეწარმემ სწორედ ამ სასაქონლო ნიშნით არსებული პროდუქცია შემოიტანა, რადგან არ არის ჩატარებული ექსპერტიზა და არ არის აღებული მხარის თანდასწრებით ტვირთის ნიმუშები (იხ. მოპასუხის შესაგებელი - ტ. 1. ს.ფ.119-130). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ამგვარი შედავების პირობებში, როდესაც ის არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ მის ხელთ არსებული ინფორმაციის სახით აცხადებს პრეტენზიას, რომ მან შემოიტანა პროდუქცია სასაქონლო ნიშნით „ПIKAI“ და არა - „NIKAI”, მხარის პოზიცია არადამაჯერებელია და არ აკმაყოფილებს მტკიცების სტანდარტს, რადგან მისივე ინტერესებში იყო, დაედასტურებინა, რომ არა კომპანიის კუთვნილი სასაქონლო ნიშნით, არამედ სულ სხვა სასაქონლო ნიშნით შემოიტანა საქონელი საზღვარზე. მოპასუხეს, გარდა წერილობითი მითითებისა, სხვა სახის მტკიცებულება არ წარუდგენია, ამასთან, სააპელაციო წესითაც კი არ გაუხდია სადავოდ მის მიერ შემოტანილი საქონლის კონტრაფაქციულობა, ისევე, როგორც არც კი უცდია საკუთარი მოსაზრება წარედგინა საქონელზე დატანილი ნიშნების გამოცალკევების შესახებ, მარტოოდენ თანხმობის გაცემა ექსპერტიზის ჩატარებაზე მოცემულ შემთხვევაში არ არის საკმარისი, რადგან რომელ მხარეს რისი დამტკიცება ევალება, ეს საკითხია შესაფასებელი. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შემოტანილი კონტრაფაქციული საქონლის განადგურების სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე გადაწყვეტილების 13.3-13.5 ქვეპუნტებშია ასახული და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანიას სრულიად უმართებულოდ დაეკისრა მტკიცების ტვირთი.
20. მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოშობს მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას, რადგან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება. ის გარემოება, რომ სასაქონლო ნიშანი (სპეციალური კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან“) მოსარჩელე კომპანიას კანონით დადგენილი წესით აქვს რეგისტრირებული სადავო არაა. ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციის მომენტიდან სასაქონლო ნიშანი (სპეციალური კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე: „1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას“) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ განეკუთვნება და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განმარტებულია როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაშიც (იხ. სუსგ # ას-1285-1223-2014, 01.12.2015წ.).
21. კონტრაფაქციული საქონლის განადგურების შესახებ მოთხოვნის მართებულობის გადასაწყვეტად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელემ არ გააფორმა ხელშეკრულება საექსპერტო დაწესებულებასთან, რის გამოც შეუსრულებელი დაბრუნდა ექსპერტიზა, არ არის გასაზიარებელი, რადგან საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ითხოვს კონტრაფაქციული საქონლის განადგურებას, ხოლო მოპასუხე თუკი დაინტერესებულია საქონლის შენარჩუნებით, რომელსაც გამოიყენებს მოსარჩელის კუთვნილი დაცული სასაქონლო ნიშნის მოცილების პირობებში, რაც არ გამოიწვევს კონკრეტული წარმოების საქონლის სხვა საქონელთან აღრევას, აქედან გამომდინარე კი - საქონლის პოტენციური მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, მოპასუხეზე გადანაწილდება მტკიცების ტვირთი, რომლითაც ეს უკანასკნელია ვალდებული, ამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი და სასარგებლო გარემოება, კერძოდ ის, რომ უკანონოდ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის მოცილება (საქონლისაგან განცალკევება) შესაძლებელია. სწორედ მოპასუხეა ვალდებული, მისთვის სასარგებლო გარემოება დაამტკიცოს და სადავო სამართალურთიერთობიდან მისთვის (მოპასუხისათვის) შედარებით უკეთესი გამოსავალი გამონახოს, რათა უკანონოდ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის გამოცალკევებით შეძლოს საქონლის განკარგვა. იმ მიზნით, რომ დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა საქონლისაგან სპეციალური ნიშნის განცალკევება, მოსარჩელისათვის, რომლის სასაქონლო ნიშანი უკანონოდ იქნა გამოყენებული, ექსპერტიზის ჩატარების დავალდებულება სრულიად დაუსაბუთებელია და არ განეკუთვნება მოსარჩელის მტკიცების საგანს.
22. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ კონტრაფაქციული საქონლის გამოყენება ეწინააღმდეგება მომხმარებლის უფლებასაც, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ პირი, რომელიც დაინტერესებულია (ან მომავალში დაინტერესდება, რადგან მომხმარებლად განიხილება პოტენციური მომხმარებელიც) ამა თუ იმ საქონლის შეძენით, ზედმიწევნით ფლობდეს ინფორმაციას საქონლის მწარმოებლის, ხარისხისა და სხვა ისეთი თვისებების შესახებ, რაც მას დაეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, შეიძინოს თუ არა ესა თუ ის საქონელი.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის მფლობელი იცავს თავის საკუთრებას, მათ შორის, კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნით. კონტრაფაქციული საქონლის შენარჩუნებითა და, უკანონოდ დატანილი სასაქონლო ნიშნის გამოცალკევების გზით, საქონლის სამომხმარებლო ბაზარზე, სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებით დაინტერესებული პირია არა მოსარჩელე, არამედ - მოპასუხე, რომელსაც თვითონ უნდა წარედგინა უკანონოდ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის გამოცალკევების შესაძლებლობის შესახებ მტკიცებულება (შესაგებელში ასეთი მითითების არქონის შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენის გზით სათანადო საპროცესო ეტაპზე) სასამართლოსათვის, რათა გამოერიცხა კონტრაფაქციული საქონლის განადგურების აუცილებლობა და შეენარჩუნება ისეთი საქონელი, რომლის მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელი იქნებოდა და, სამოქალაქო ბრუნვის თვალსაზრისით, საქონელი არც მომხმარებლისათვის იქნებოდა შეცდომაში შემყვანი.
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ საქმეზე მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრის პირობებში, რაც არ უკავშირდება ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროებას და არც საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლოსათვის დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობებია გამოვლენილი, ამასთან, მოპასუხეს (კრედიტორის მოვალეს) სააპელაციო წესითაც კი არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და დადგენილია მოპასუხე ინდმეწარმის მიერ შემოტანილი საქონლის კონტრაფაქციულობა, შესაბამისად, საკმარისი საფუძველი არსებობს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის დასაკმაყოფილებლად, რომელიც კონტრაფაქციულად ცნობილი საქონლის (ტვირთის) განადგურებას ეხება (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი).
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხეს დაეკისრება კასატორის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 254-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კომპანია „ნ.გ.ფ–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კომპანია „ნ.გ.ფ–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხეს ი/მ ა.მ–ს [პირადი # ....; იურიდიული მისამართი: საქართველო, გარდაბანი, ......; ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, გარდაბანი, ......] დაევალოს, საკუთარი ხარჯით გაანადგუროს, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენის 2013 წლის 30 მარტის # 21-09-441 ბრძანებაში - ი/მ ა.მ–ის მიერ შემოტანილი საქონლის შეჩერების შესახებ - დასახელებული კონტრაფაქციული საქონელი;
5. მოპასუხე ვალდებულია, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებული მოქმედება შეასრულოს ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთ თვეში. თუ ი/მ ა.მ–ი [პირადი #......] საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს მითითებულ ვადაში, კომპანია „ნ.გ.ფ–ოს“ უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით;
6. კომპანია „ნ.გ.ფ–ოს“ (პ. ო. ბოქს .., დუბაი, ა.გ. ს–ბი) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს ი/მ ა.მ–ს [პირადი # .......];
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე