Facebook Twitter

საქმე №ას-1385-2020 2 აპრილი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – თ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა კომპენსაციის გადახდის პირობით

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი თ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......., დაზუსტებული ფართობი: 257.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი ......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. 2020 წლის 31 აგვისტოს, კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვით, სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელის განცხადება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნებიდან. კანონის დანაწესიდან ცალსახად ჩანს, რომ მოცემული ნორმის მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთანავე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა უნდა იწვევდეს გამოუსწორებელ და პირდაპირ, ან ისეთ ზიანს, რომელიც ვერ იქნება კომპენსირებული მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით. მოცემულ შემთხვევაში რეალურად ასეთი ზიანის გამოწვევის საფრთხე არ არსებობს, ხოლო მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს არა სამომავლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, არამედ - მოპასუხისთვის უფლების განხორციელების შეზღუდვა, რათა ეს უკანასკნელი დაითანხმოს მისთვის სასურველ მორიგებაზე. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ბოროტად სარგებლობს იმ გარემოებით, რომ მის მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა და ცდილობს გაჭიანურებული სამართლებრივი პროცედურების გზით მუდმივად შეუზღუდოს მოპასუხეს კუთვნილი ქონების განკარგვის შესაძლებლობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.

7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 372-ე, 191.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ხოლო აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო სამართლებრივ გარანტიას, რომლის გამოყენება ხდება დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სასამართლოსადმი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართვა გამოწვეული უნდა იყოს მისი გადაუდებლობით, ხოლო გადაუდებლობას კი უნდა განაპირობებდეს თავად მოპასუხის შესაძლო ქმედება. მხარე განცხადებაში უნდა უთითებდეს ისეთ საფრთხეზე, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ გამოყენებას საჭიროებს და შესაბამის დასაბუთებას, უზრუნველყოფის ღონისძიების (სახის) გატარების აუცილებლობის თვალსაზრისით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია, სასამართლოს მიერ მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების თავიდან აცილება და დავის საგნის დაცვა მოპასუხის მიერ ზემოქმედებისგან.

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების მიზანშეწონილობა და გადაუდებლობა მოტივირებულია იმით, რომ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღსრულების წარმოების დაწყება რეალური ვარაუდის საფუძველს წარმოადგენს მომავალი გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებისათვის. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი იმ წინადადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის შესაძლებლობის საშიშროებაზე.

9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 19 აგვისტოს, მოსარჩელის სახელით წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით და მოითხოვა, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მოპასუხეს აეკრძალოს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა შემდეგი საფუძვლით: განმცხადებელმა მიუთითა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ რამდენჯერმე გასხვისების მცდელობაზე: სადავო ფართში უცხო პირების რამდენჯერმე შესვლასა და ქონების დათვალიერებაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ შეიცავს საფრთხეს და გარემოებებს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და განმცხადებელს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ნათლად და მკაფიოდ დაადასტურებდა იმ საფრთხეს, რომ მოპასუხე აპირებდა უძრავი ქონების გასხვისებას, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მიუთითა, მოპასუხის მხრიდან არაერთ მცდელობაზე, გაესხვისებინა სადავო უძრავი ქონება, რაც გამოიხატა უცხო პირების მხრიდან ქონების დათვალიერებაში ყიდვის მიზნით - ,,მოსარჩელემ რამდენიმეჯერ ჰკითხა კიდეც, თუ რა უნდოდათ და გაირკვა, რომ მოპასუხე თურმე ყიდის ქონებას და მაკლერებთან ერთად აგზავნს მყიდველებს, რათა დაათვალიერონ მიწა და საცხოვრებელი სახლი''. სააპელაციო სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ იხილავს განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში და არ იკვლევს მტკიცებულებებს. ამასთან, არც კანონმდებლობა ავალდებულებს განმცხადებელს, წარადგინოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების დასასაბუთებლად მტკიცებულება. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში განმცხადებელმა მიუთითა გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სრულიად ლეგიტიმურია და აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენდა ერთადერთ ეფექტურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის და სხვა მრავალ უფლებას, არამედ, საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, მხარეთა უფლებრივი კონკურენციის დაბალანსებასაც. მიმართვის უფლება და სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო აღსრულების პრინციპი, პრაქტიკაში სრულყოფილად რეალიზებისათვის, დღის წესრიგში უდავოდ აყენებს მოპასუხის ნებაზე ზემოქმედებისა და მისი თვითნებობის გამორიცხვის საკითხს, თუმცა, სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის არსებობა და მისი მარეგლამენტირებელი თითოეული ნორმის არსებული რედაქცია მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფაზე. მაგრამ, ბუნებრივია, რომ მისი გამოყენებით (საგამონაკლისო რეგულაცია) უსაფუძვლოდ არ უნდა იზღუდებოდეს სხვა პირთა ინტერესები. ამიტომ, სწორად უნდა შეფასდეს ამგვარი მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან სამომავლო დავის საგანი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კონკრეტული სახე, ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას წარმოადგენს, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება, ერთმანეთის საფუძველს ქმნის.

12. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს. ~

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. სსსკ-ის 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

15. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც წინამდებარე განჩინების 7-11 პუნქტებშია ასახული, რადგან იგი საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსიდან გამომდინარეობს. ამასთან, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული. საჩივრის ავტორი თავადვე აცხადებს, რომ მას უძრავი ქონების განკარგვაში ხელი ეშლება, საკასაციო სასამართლო კი განმარტავს, რომ სწორედაც ის არის სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი, რომ მოპასუხეს ქონების განკარგვაში ხელი შეეშალოს, რადგან თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, საფრთხე არ უნდა შეექმნას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

18. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა კომპენსაციის გადახდის პირობით. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

20. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქონება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, პირველი მოპასუხის საკუთრებაა (შეად. სუსგ #ას-413-413-2018, 27.04.2018 წ.).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს (იხ. სუსგ #ას-54-2019, 06.06.2019 წ.).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება არ უნდა გაუქმდეს, მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ–ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე