Facebook Twitter

საქმე №ას-102-2021 31 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჭ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება მ.ჭ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის განმარტებით, მისი საკუთრების უფლება დაირღვა, რადგან თუ მოსარჩელე თავს კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნევდა, უპირველესად, მოპასუხისათვის უნდა მიემართა და შემდეგ სასამართლოსათვის. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული, რაც აშკარა მიკერძოებულობას ადასტურებს. საქმე განხილული იქნა დაჩქარებული წესით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული უმძიმესი პანდემიური მდგომარეობისა.

1.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ აუქციონის წესების დარღვევით შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რის გასაჩივრებასაც მოპასუხე აპირებს ადმინისტრაციული წესით. ამასთან, მოპასუხესთან ერთად ცხოვრობს მისი არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მამა და ორსული რძალი, მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, რაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

4.2.1. ქ. თბილისში, ...., (ს/კ .....) მდებარე ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.

4.2.2. მოპასუხე ფლობს უძრავ ქონებას და ის არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.

4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

4.4. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

5. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს. ფ. 13-14), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

7. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

9. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებითსაკასაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილი წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

11.საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სადავო უძრავი ქონების ერთ-ერთი მფლობელი არასრულწლოვანია, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია, რომელმაც იგი აუქციონზე შეიძინა. აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი უძრავი ქონების მესაკუთრე მხოლოდ მოპასუხე იყო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არასრულწლოვანი პირიც იყო. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო, ემსჯელა არასრულწლოვანის ინტერესსზე მისი მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის, მიერ დადებული გარიგების შინაარსზე და იმ შედეგზე, რაც გარიგებას მოჰყვა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანიც ცხოვრობს, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს საკუთრების უფლება შეეზღუდოს. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით (იხ. სუსგ #ას-1454-2019, 24.04.2020 წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კასატორი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელია და მას, როგორც კანონიერ წარმომადგენელს, ევალება შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა (იხ. სუსგ #ას-1016-2018, 30.11.2018 წ.).

13. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სასამართლოს განხილვაშია მესაკუთრის სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,...... თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“, უფლებამოსილი იყო საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად ვერ განიხილება.

14. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ'' (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).

15. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის განხილვის ფორმას განსაზღვრავს სასამართლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ანუ აღნიშნული საკითხი სასამართლოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, ვინაიდან საქმეზე დადგენილ იქნა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავოდ არ გამხდარა არც ერთი მხარის მიერ, სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის ძალით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ #ას-504-2020, 19.11.2020 წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთების ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ის დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ასევე, კასატორს დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.ხ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ლ. კ–ის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N10396294330, გადახდის თარიღი 2021 წლის 27 იანვარი), 70% – 105 ლარი და ზედმეტად გადახდილი 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე