საქმე №ას-279-2019 20 ნოემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
I კასატორი - გ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
II კასატორი - ნოტარიუსი ლ.ჭ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.მ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, მსესხებელი, მარწმუნებელი, აპელანტი) და თ.ფ–ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი გამსესხებელი) შორის, 2011 წლის 8 დეკემბერს, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი - 24000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით - 2012 წლის 8 ივნისის ჩათვლით გაიცა (ტ.1, ს.ფ. 140-141).
2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, ...... /ს/კ ....../(ტ.1,ს.ფ. 142-143).
3. მოსარჩელესა და ნ.ბ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე გამსესხებელი,) შორის, 2012 წლის 12 იანვარს, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი - 10000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით - 2012 წლის 12 ივლისის ჩათვლით გაიცა. თვიური საპროცენტო განკვეთი განისაზღვრა ძირითადი თანხის 5%-ით (ტ.1, ს.ფ. 21-22).
4. მოსარჩელემ, 2012 წლის 30 მარტს, მ.კ–ას (შემდეგში: მესამე მოპასუხე, რწმუნებული, წარმომადგენელი) სახელზე, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მინდობილობა გასცა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიანიჭა უფლებამოსილება, წარმოედგინა მოსარჩელის ინტერესები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მისი სახელით მიეღო სესხი, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი), ხელი მოეწერა სესხის, იპოთეკისა და ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებისათვის, ამასთან დაკავშირებით წარმოედგინა მარწმუნებელი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სანოტარო ბიუროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში, თავის შეხედულებისამებრ შეეტანა ცვლილებები, შეეწყვიტა და დაერეგისტრირებინა ხელშეკრულებები, შეტანილი ცვლილებები და შეთანხმებები გაეუქმებინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში, მიეღო რეგისტრირებული ხელშეკრულებები, მოწმობები და ამონაწერები, გადაეხადა გადასახადები, ხელი მოეწერა საჭიროებისამებრ, ასევე, შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც იქნებოდა წინამდებარე მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგი. მინდობილობა ექვსი თვით გაიცა (ტ.1, ს.ფ. 25-27).
5. მესამე მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის მინდობილ პირსა და გ.ა–ძეს (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, კრედიტორი, მესამე გამსესხებელი, პირველი კასატორი) შორის, 2012 წლის 4 აპრილს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი - 40000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით გაიცა, თვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 4%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 0.3%, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული მოვალის ქონება (ტ.1,ს.ფ. 30-34).
6. ზემოხსენებული ხელშეკრულების თანახმად (იხ.განჩინების მე-5 პუნქტი), ნოტარიუსმა მხარეებს განუმარტა, რომ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება განხორციელდებოდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (ტ.1,ს.ფ. 30-34).
7. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებები პირველი და მეორე გამსესხებლების წინაშე შეასრულა, თუმცა, მესამე გამსესხებლისათვის (კრედიტორისთვის) სესხის დაბრუნების თაობაზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) დაარღვია (ტ.1, ს.ფ. 23-24).
8. ნოტარიუსმა ლ.ჭ–ამ (შემდეგში: ნოტარიუსი, მეხუთე მოპასუხე, მეორე კასატორი), 2012 წლის 27 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის მიხედვით ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 40000 აშშ დოლარით, სარგებელი 6026 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო - 6360 აშშ დოლარით. კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება სარეალიზაციოდ მიექცა (ტ.1, ს.ფ. 40-42).
9. სარჩელის საფუძვლები
9.1 მოსარჩელემ, 2015 წლის 17 აპრილს, სარჩელი აღძრა ზემოთ დასახელებული მოპასუხეების, ასევე, მ.თ–ძისა და ბ.ვ–ძის წინააღმდეგ (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ.1-18) და 2012 წლის 30 მარტს მ.კ–აზე (იხ. განჩინების მე-4 პუნქტი) გაცემული მინდობილობის, მოსარჩელის რწმუნებულის მიერ მესამე გამსესხებელთან 2012 წლის 4 აპრილს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (იხ. განჩინების მე-5 პუნქტი) და ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) ბათილად ცნობა მოითხოვა, ასევე - ზიანის სახით, 42 000 (ორმოცდაორი ათასი) აშშ დოლარის, ნოტარიუსისათვის დაკისრება.
9.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5, 7-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა, სასარჩელო მოთხოვნის აღიარებით ნაწილში იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად კი განმარტა, რომ მისი მიზანია მოპასუხეების ერთობლივი არარეგისტრირებული საქმიანობის იურიდიული ფაქტისა და წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილების მარწმუნებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენების დადგენა, რამაც, მას ზიანი მიაყენა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციის საფუძველზე დადებული გარიგების საფუძველზე, მოსარჩელეს, მის მიერ სესხის სახით ფაქტობრივად მიღებული თანხების გარდა, დაეკისრა ისეთი თანხების გადახდაც, რომელიც არ მიუღია სესხად. მოსარჩელემ მოითხოვა 2011 წლის 8 დეკემბრის (იხ. განჩინების პირველი პუნქტი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 17200 აშშ დოლარის მიღების ფაქტისა და 6800 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტის დადგენა; 2012 წლის 12 იანვარს (იხ. განჩინების მე-3 პუნქტი) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კი, 10000 აშშ დოლარიდან 8500 აშშ დოლარის მიღებისა და სამი თვის პროცენტის 1500 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტის დადგენა;
9.3. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა ერთობლივი არარეგისტრირებული საქმიანობის იურიდიული ფაქტის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ აღიარებითი სარჩელის გზით, რადგან ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, იკვეთება, რომ მესამე მოპასუხეს, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენელი, მინდობილი პირია და სამივე გამსესხებელს (შესაბამისად, პირველ, მეორე და მეოთხე მოპასუხეებს) შორის იყო ერთობლივი საქმიანობა, რომლის მიზანიც, ნდობის გამოყენებით იმაზე მეტი სარგებლის მიღება იყო, რაც თანხის გასესხებიდან უნდა მიეღოთ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გაგრძელებას არ საჭიროებდა, საქმიან ურთიერთობაში მყოფმა მოპასუხეებმა წინასწარი შეთანხმებით, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, სამი თვით ადრე შეწყვიტეს ხელშეკრულებები და მისმა რწმუნებულმა (მესამე მოპასუხემ) 2012 წლის 4 აპრილს მეოთხე მოპასუხესთან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) ხელშეკრულება გააფორმა, რომლითაც მოპასუხეებმა მოსარჩელის სესხს - 14400 აშშ დოლარი დაუმატეს, რისი მეშვეობითაც ეს უკანასკნელი ვალაუვალად აქციეს;
9.4. მოსარჩელის განმარტებით, მან საერთო ჯამში 25 600 აშშ დოლარი მიიღო, რის შემდეგაც 2012 წლის დასაწყისში საზღვარგარეთ წავიდა. მესამე მოპასუხემ (წარმომადგენელმა), 2012 წლის მარტში დაურეკა და აცნობა, რომ 2011 წლის 8 დეკემბერს და 2012 წლის 12 იანვარს (იხ. ამ განჩინების პირველი და მესამე პუნქტები) გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა შეადგენდა არა ექვს თვეს, არამედ - სამ თვეს და, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ნასესხებ თანხას სასწრაფოდ არ გაისტუმრებდა, მისი უძრავი ქონება გაიყიდებოდა. მსესხებლის მტკიცებით, სახლი რომ არ დაკარგვოდა, აუცილებელი იყო სესხის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება;
9.5. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფებოდა, გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, რწმუნებულება მესამე მოპასუხის (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) სახელზე გასცა;
9.6. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა ერთობლივი არარეგისტრირებული საქმიანობის დადგენა პირდაპირ გავლენას იქონიებს მოსარჩელის მიერ მის წარმომადგენელზე გაცემულ მინდობილობაზეც, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნისას გასცა მარწმუნებელმა სანოტარო წესით; მესამე მოპასუხემ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, ისარგებლა მარწმუნებლის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტით, უპროცენტო და დაბალპროცენტიანი (გადახდილი პროცენტი) სასესხო ხელშეკრულება სამი თვით ადრე მოშალა, შემდეგ სამი თვით გაზრდილი მაღალპროცენტიანი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა და, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მარწმუნებლის უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა. მოსარჩელის წარმომადგენელსა და მეოთხე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) უნდა გაფორმებულიყო თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის ოქმი, შესაბამისად, სწორედ ამ ოქმის გაფორმებიდან აითვლებოდა სესხის დაბრუნების გრაფიკი. ოქმის შედგენა არ მომხდარა, ამდენად, თანხის გადაცემა, ვალდებულების დაწყებისა და დასრულების დრო არ დადგენილა, გამსესხებელს (მეოთხე მოპასუხეს) მსესხებლისათვის თანხა არ გადაუცია;
9.7. მოსარჩელის მტკიცებით, მინდობილობა მოტყუებით დაიდო და რწმუნებულმა მარწმუნებლის ინტერესების საზიანოდ იმოქმედა, შესაბამისად, მინდობილობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი; ნოტარიუსმა დაარღვია სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონებიდან მხოლოდ პირველი სართული იყო იპოთეკით დატვირთული და არა მთლიანი უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციაზეც ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა;
9.8. მოსარჩელემ ისიც მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ კანონდარღვევით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი მთელი ქონება აუქციონზე იქნა გატანილი, რაც მისთვის ქონების სარეალიზაციოდ გატანის შეტყობინებით გახდა ცნობილი, რათა მოპასუხეებს თავიანთი განზრახვა სისრულეში მოეყვანათ; სარეალიზაციოდ მიექცა არა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონება, არამედ - მთელი უძრავი ნივთი, რაც მოპასუხეთა მხრიდან ქონების დასაბრუნებლად მოსარჩელისათვის გაორმაგებული თანხის მოთხოვნას დაუკავშირდა, ამაზე უარი მიიღეს მოპასუხეებმა. მოსარჩელემ გაასაჩივრა აუქციონის გზით ქონების გაყიდვა, შესაბამისად, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები, საქმე დასაშვებობის ეტაპზე საკასაციო სასამართლოშია.
10. მოპასუხეების შესაგებელი
10.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს;
10.2 პირველმა გამსესხებელმა განმარტა, რომ მსესხებელმა (მოსარჩელემ) სრულად მიიღო 24 000 აშშ დოლარი და იპოთეკით დაიტვირთა მისი უძრავი ქონება; სესხი 2011 წლის 8 დეკემბრიოდან იმავე წლის 8 ივნისის ჩათვლით, 6 თვით გაიცა, თუმცა, მსესხებელმა ვადამდე შეასრულა ვალდებულება და, საკუთარი სურვილითა და ნებით (მინდობილი პირის მეშვეობით), 2012 წლის 4 აპრილს, თანხა სრულად დააბრუნა; სარჩელის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ის არ არის ინფორმირებული და მას პირველ გამსესხებელთან კავშირი არ აქვს (იხ. ტ.1, ს.ფ. 131-139);
10.3 მეორე გამსესხებელმა განმარტა, რომ სარჩელის ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება მას არ ეხება; გამსესხებელთან (მოსარჩელესთან) 2012 წლის 12 იანვარს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ხელშეკრულება 6 თვით დაიდო, 10 000 აშშ დოლარი გაიცა სესხად და 5%-იანი სარგებელი განისაზღვრა. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე სესხის თანხა მეორე გამსესხებელმა მოსარჩელეს მისივე წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მეშვეობით გადასცა. მოსარჩელეს გამსესხებლისათვის 1500 აშშ დოლარი არ გადაუხდია; მეორე მოპასუხე სარჩელის იმ ფაქტობრივ გარემოებასაც დაეთანხმა, რომ როგორც კი მეორე გამსესხებელმა დაიბრუნა სესხად გაცემული თანხა, სანოტარო წესით დაამოწმა იპოთეკის მოხსნა მოსარჩელის უძრავ ქონებაზე. მეორე მოპასუხემ მიუთითა, რომ მას ბინის ქირის გადახდა სჭირდებოდა და ამ მიზეზით გასცა სესხი, მიღებული სარგებლით, რაც თვეში 500 აშშ დოლარს შეადგენდა, იგი ქირის გადახდას აპირებდა და შვილების რჩენას, მაგრამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში მსესხებელს არ გადაუხდია სარგებელი, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელს მოსთხოვა სარგებლის გადახდა ან ხელშეკრულებს დაუყოვნებლივ მოშლა და სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, რადგან იგი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. ეს გარემოებები ცნობილია მოსარჩელისათვის, რადგან მისივე წარმომადგენლის მეშვეობით გადასცა მეორე მოპასუხემ თავისი მოთხოვნა (იხ. ტ.1, ს.ფ.158-166);
10.4 ნოტარიუსმა (მეხუთე მოპასუხემ) მისთვის ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მას მიმართა პირველმა გამსესხებელმა და მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ სანოტარო აქტის შედგენა სთხოვა. ასევე, მეორე გამსესხებლის შემთხვევაში, მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე განცხადების შედგენისა და მასზე ხელმოწერის სანოტარო წესით დადასტურების შესახებ მიმართა გამსესხებელმა. ნოტარიუსმა ის გარემოებაც დაადასტურა, რომ მან 2012 წლის 30 მარტს დაამოწმა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რომელიც მოსარჩელემ მის წარმომადგენელზე გასცა, სანოტარო აქტის დამოწმებას ესწრებოდნენ მიმნდობის ნდობით აღჭურვილი პირი - მ.თ–ძე და მოწმე- ბ.ვ–ძე, რომელთაც, თავის მხრივ, არ განუცხადებით, არც მარწმუნებელს დაუფიქსირებია და არც სანოტარო აქტის შედგენისას გამოკვეთილა ამ პირების მინდობილობის შედგენისას დასწრების კანონმდებლობით გამომრიცხავი გარემოება. სხვა გარემოებებზე ნოტარუსი არ ფლობს ინფორმაციას. რაც შეეხება 2012 წლის 4 აპრილს მსესხებელსა და მეოთხე მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), უდავოა, რომ მსესხებელს მისი მინდობილი პირი წარმოადგენდა, ასევე, უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მიიღო მსესხებელმა. პროცენტის გადახდის ათვლა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოპასუხეს გაუგებრად მიაჩნია სარჩელში ოქმზე მითითება და აღნიშნავს, რომ მე-4 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით ის არ არის ინფორმირებული. ნოტარიუსმა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 147-156).
10.5 მესამე გამსესხებელმა (მეოთხე მოპასუხემ) მიუთითა, რომ სარჩელის პირველ, მეორე და მეოთხე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ის არ არის ინფორმირებული და მას არ უკავშირდება; რაც შეეხება მასსა და მოსარჩელის წარმომადგენელს შორის 2012 წლის 4 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), მსესხებლის წარმომადგენელს ჰქონდა სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა-დავალების ხელშეკრულება და გამსესხებელს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, რომ ეჭვი შეეტანა წარმოდგენილი დოკუმენტის ავთენტურობაში. მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც სააღსრულებო ფურცლის ბათილობას ეხება, მეოთხე მოპასუხემ მიუთითა, რომ ამ დოკუმენტის ბათილობა არავის დაუდგენია; ასეთი პრეტენზიით მოსარჩელემ ადრე სამარათალდამცველ ორგანოებსაც მიმართა, თუმცა კანონდარღვევა არ დადგინდა, ამ ფაქტს არც კი ახსენებს მოსარჩელე. სასამართლოში მიმდინარე დავა კი აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერებას ეხება. მოსარჩელეს მის კუთვნილ ფართში მოწყობილი აქვს ანტრესოლი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტად არ ირიცხება საჯარო რეესტრში, ამ საფუძვლით იპოთეკა სრულად ვრცელდება უძრავი ქონების საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებულ ქონებაზე, ხელშეკრულებაში წერია, რომ იპოთეკა ვრცელდება ქონების ნაყოფზეც. პოლიციაში მოსარჩელის მიერ შეტანილი საჩივრის პასუხად დადგინდა, რომ უძრავი ქონება ორი სართულისაგან კი არ შედგება, არამედ არის ანტრესოლი და არ არსებობს მეორე სართული (იხ. ტ.1, ს.ფ. 105-114).
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი, მინდობილობის, სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, ისევე, როგორც ნოტარიუსისათვის ზიანის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა 2011 წლის 8 დეკემბრის (იხ. განჩინების პირველი პუნქტი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 17200 აშშ დოლარის მიღების ფაქტისა და 6800 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტის დადგენის, ხოლო 2012 წლის 12 იანვრის (იხ, განჩინების მე-3 პუნქტი) ხელშეკრულების საფუძველზე კი, 10000 აშშ დოლარიდან 8500 აშშ დოლარის მიღებისა და სამი თვის პროცენტის 1500 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტის დადგენის ნაწილში განუხილველად დარჩა.
11.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 81-ე, 82-ე, 623-ე, 624-ე, 709-ე, 712-ე, 719-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე, 180-ე, 186-ე მუხლებით; ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 38-ე, მე-40 მუხლებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 72-ე მუხლით.
11.3. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც გარიგებების ბათილობისა და ზიანის მიყენების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები დადასტურდებოდა;
11.4. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს დავალების (მინდობილობის) შინაარსი სადავოდ არ გაუხდია. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელისათვის მინდობილი პირისადმი მიცემული დავალების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები კარგად იყო ცნობილი და მის ნამდვილ მიზანს შეესაბამებოდა - მინდობილი პირის საშუალებით აეღო სესხი და ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობროვ გარემოებაზეც, რომ მინდობილობა სანოტარო წესით დადასტურდა და, აქედან გამომდინარე, დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის ძირითადი ელემენტი - ნების ნაკლი, რომელიც გარიგებას არანამდვილად აქცევს.
11.5. საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულებით სესხის გაცემის ნება გამოვლინდა, სესხის თანხა გადაცემულია და მისი დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით არის დატვირთული მოსარჩელის უძრავი ქონება, რასაც თავად სესხის ხელშეკრულების შინაარსი ადასტურებს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალეს, რომელსაც წარმოადგენდა რწმუნებული, 3 თვის ვადით, თვეში 4%-ის დარიცხვით, სესხი - 40000 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო მოსარჩელემ კი ეს თანხა მიიღო.
11.6. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სესხის იურიდიული ბუნების თავისებურებაზე და აღნიშნა, რომ სესხი ცალმხრივმავალდებულებელი, რეალური ხასიათის ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს მსესხებელს.
11.7. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თუ სესხი ზეპირი ფორმისაა, თანხის გადაცემის მტკიცება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია. სესხის ხელშეკრულების დადების სადავოობისას, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს (გამსესხებელს) ეკისრება. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სანოტარო ფორმითაა დადებული, მისი შემადგენელი დებულებები ადასტურებს, რომ გამსესხებელმა მითითებული თანხა ნამდვილად გასცა, ხოლო მსესხებელმა ნამდვილად ისესხა. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს ამ პრეზუმფციის გასაქარწყლებლად რაიმე დამაჯერებელ ფაქტზე არ მიუთითებია და მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, აშკარაა ნამდვილი გარიგების ელემენტები: სესხის თანხის გადაცემა და მხარეთა ნამდვილი ნება.
11.8. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 719-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე რწმუნებულის მოქმედებით მისთვის მიყენებულ ზიანზე უთითებს, თუმცა, რწმუნებულის მიმართ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაუყენებია. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი მსესხებელს რწმუნებული პირის ქმედებით, გამსესხებლისათვის, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, სესხის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას ინარჩუნებს და ამ მოტივით ვერ გაბათილდება.
11.9. სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა: უდავოა, რომ მოსარჩელეს, 2012 წლის 4 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისათვის ვლინდება ვადამოსული მოთხოვნა. სადავო ხელშეკრულება შეიცავს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მხარეთა შეთანხმებას და მასში განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, ნოტარიუსმა კანონიერად გასცა სააღსრულებო ფურცელი და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
11.10.საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმად, ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი მთელ უძრავ ქონებაზე გასცა, იპოთეკით კი, მხოლოდ პირველი სართული დაიტვირთა.
11.11. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის საგანი არ არის იპოთეკის საგანზე აღსრულების პროცესის კანონიერება. საქმეში ცალსახად დადგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული უზრუნველყოფის საგნის იდენტურობა.
11.12. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუსის მიმართ ზიანის დაკისრების ნაწილშიც და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამასთან, დაუსაბუთებელია ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
11.13. საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 9.2-9.3 ქვეპუნქტებში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა სსკ-ის 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ იურიდიული ინტერესის მიღწევა და, შესაბამისად, დარღვეული უფლებისა თუ ინტერესის დაცვა შესაძლებელია როგორც მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში, თუ მოსარჩელეს სურს, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრება, ისე- გარდაქმნითი სარჩელის ფარგლებში, თუ მოსარჩელეს სურს სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა.
11.14. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სასამართლო სხდომაზე (იხ. სხდომის ოქმი 23.03.2018წ) განემარტა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების უფლებამოსილება, თუმცა მას ამ უფლებით არ უსარგებლია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა განუხილველად დატოვა.
12. სააპელაციო საჩივარი
12.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცლისა და სანოტარო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;
12.2 აპელანტმა მასსა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მესამე გამსესხებელს შორის 2012 წლის 4 აპრილს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესავალი ნაწილიდან მოითხოვა, ამოღებულ იქნეს ჩანაწერი მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მისი სამართლებრივი შედეგების განმარტების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ამ გარემოებაზე მხარემ მიუთითა პირველი ინსტანციის სამართალწარმოების დროს, ხოლო ნოტარიუსმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან შეასრულა სპეციალური კანონისა და ინსტრუქციის მოთხოვნები. ნოტარიუსმა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს გადასცა სანოტარო აქტის ერთი ეგზემპლარი, რომლის საფუძველზეც გაიცა სადავო სააღსრულებო ფურცელი, მსესხებელი 2012 წლის ივლისის თვიდან საქართველოში იმყოფებოდა და მართავდა იპოთეკით დატვირთულ ქონებას, გაქირავებული ჰქონდა მ. დ–ზე. კრედიტორისათვის ცნობილი იყო, რომ მოვალე ბათუმში იმყოფებოდა (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.103-114) .
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.1.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაუქმდა, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
13.1.2 დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;
13.1.3 მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.1.4 ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს კრედიტორის სასარგებლოდ მოვალის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120900118.
13.2 სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილზე ,,კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტზე ,,ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები“, სწორედ ამ ნორმებზე დაყრდნობით იმსჯელა სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერებაზე.
13.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის, წარდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ორ ნაწილს შეიცავს - სანოტარო აქტსა და საკუთრივ ხელშეკრულებას. დოკუმენტის საწყისი ნაწილი სანოტარო აქტია და მას ასეც ეწოდება. ეს ნაწილი შემდეგი წინადადებით მთავრდება: „ჩემი თანდასწრებით ხელი მოაწერეს შემდეგ ხელშეკრულებას“. სანოტარო აქტს ხელშეკრულება, ე.ი. მხარეთა მიერ წერილობით გამოვლენილი ნება მოსდევს.
13.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის იმპერატიული ნორმის თანახმად, ნოტარიუსს მხოლოდ მაშინ აქვს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება, თუ: ა) ამის თაობაზე მხარეები წერილობით შეთანხმდებიან და ბ) ნოტარიუსი მათ სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივ შედეგებს განუმარტავს. ამასთან, ეს ორივე პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება არ გააჩნია.
13.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეები ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ შეთანხმებულან. მართალია, სანოტარო აქტში სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები აისახა, თუმცა თავად ხელშეკრულება აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შეთანხმებას არ შეიცავს, შესაბამისად, სადავო სააღსრულებო ფურცელი კანონის იმპერატიულ ნორმას ეწინააღმდეგება და, სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბათილია.
13.6 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქალაქო სასამართლომ სპეციალური კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეცდომით განმარტა, შედეგად კი ნაწილობრივ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1 მესამე გამსესხებელმა (პირველმა კასატორმა) და ნოტარიუსმა (მეორე კასატორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
14.2 პირველი კასატორის (კრედიტორის) განმარტებით, მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის ფარგლებში, მიკუთვნებითი მოთხოვნა არ აქვს დაყენებული, რაც მის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს გამორიცხავს.
14.3 პირველი კასატორის განმარტებით, ნოტარიუსმა მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იმოქმედა, რომლითაც რწმუნებულს უფლება ჰქონდა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაედო და მისი შინაარსი განესაზღვრა, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაფორმებული სადავო ხელშეკრულება ნამდვილია და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სანოტარო აქტი სწორედ ხელშეკრულების შემადგენელია ნაწილია, რომელიც ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს გაითვალისწინა.
14.4. პირველი კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელეს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი, რაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა. ამასთან, მისთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი შედეგები. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რაც კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა კიდეც და აღმასრულებელმა იპოთეკით დატვირთული ქონება გაასხვისა.
14.5. ნოტარიუსის (მეორე კასატორის) ძირითადი პრეტენზია იმას ეფუძნება, რომ მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელი აქვს აღძრული, თუმცა, სასამართლოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესზე არ უმსჯელია. ნოტარიუსის განმარტებით, სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო, ვინაიდან იგი აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისათვის სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს არ აკმაყოფილებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი არგუმენტაციით:
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და სპეციალური კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოწესრიგება (მითითებულ ნორმათა დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 13.2 ქვეპუნქტში), რადგან 2012 წლის 4 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შედგება ორი ნაწილისაგან, კერძოდ: სანოტარო აქტში, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მარწმუნებლის სახელით, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულების დროს რუსეთში იმყოფებოდა, გამოავლინა ნება, რომ დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მესამე გამსესხებელთან (იგივე პირველ კასატორთან). სანოტარო აქტში მითითებულია, რომ იპოთეკარი (გამსესხებელი, რომელიც ამ საქმეში პირველი კასატორია) უფლებამოსილია სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და სპეციალური კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს იპოთეკის საგნის მისთვის (იპოთეკარისათვის) გადაცემა და რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სპეციალური კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
16. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სპეციალური კანონის 38-ე მუხლის მე -5 ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს, რომ: „ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები“. განსახილველ შემთხვევაში, არ არის განხორციელებული მოხმობილი ნორმის დანაწესი, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან არ იკვეთება, რომ მხარეებმა გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, ხოლო, თავის მხრივ, ნოტარიუსმა მხარეებს სანოტარო აქტში წერილობით განუმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
17. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ შემდეგი მსჯელობა განავითარა: “სანოტარო წესით გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომლის ნამდვილობა მხარეებს
სადავო არ გაუხდიათ, დაფიქსირებულია მხარეთა ნება, კონკრეტული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესრულება განხორციელდეს, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ხელშეკრულებაში განმარტებულია, რომ მხარეები შეთანხმებული არიან ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობაზე და ინფორმირებულები არიან შესაძლო შედეგების თაობაზე“ (სუსგ N ას-1145-1077-2015). სხვა საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების ტექსტი არ აკმაყოფილებდა სპეციალური კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რადგან დასახელებული ნორმით განსაზღვრულ კუმულაციურ პირობებზე მხარეთა შეთანხმება არ ვლინდებოდა, რის გამოც სასამართლომ ბათილად ცნო კანონის დარღვევით გაცემული საააღსრულებო ფურცელი სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად (სუსგ N ას- 689-655-2013, 16.01.2014წ.).
18.მოცემულ შემთხვევაში ორივე კასატორის პრეტენზია ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ სარჩელის უარყოფის საფუძველი უნდა გამხდარიყო ის, რომ მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის წარდგენის პირობებში არ მიუთითებია ნამდვილ იურიდიულ ინტერესზე, ამასთან, პირველ კასატორს (კრედიტორს) მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა ნოტარიუსის მიერ საააღსრულებო ფურცლის გაცემას და სანოტარო აქტი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ამ პრეტენზიების პასუხად, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სარჩელში უთითებს თავის იურიდიულ ინტერესზე, რომელიც, მისი მტკიცებით, მის გარიგებით წარმომადგენელსა და სხვა მოპასუხეებს შორის ერთობლივ არარეგისტრირებულ საქმიანობაში ვლინდებოდა, რითაც მოპასუხეებმა მიზნად დაისახეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებით დადებული გარიგებების საფუძველზე, იმაზე მეტი სარგებლის მისაღებად, ვიდრე ეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლით უნდა მიეღო კრედიტორს. მოსარჩელე უთითებს მისი ქონების აუქციონზე გასხვისების საფრთხეებზე, რის გამოც ადმინისტრაციული წესითაც მიმდინარეობს დავა (იხ. ტ.1 ,ს ფ. 3-4). ამ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით მოსარჩელის სტადიაზე არ ვლინდება სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები, ხოლო რაც შეეხება საქმის გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას, აღნიშნული სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით განხორციელებული სამართალწარმოების დროს.
19. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), სამართლებრივად უნდა შეფასდეს, შესაძლებელია თუ არა სანოტარო აქტისა და მხარეთა შორის გამოვლენილი ნების საფუძველზე სესხისა და ხელშეკრულების პირობების, როგორც თავისუფალი და გაცნობიერებული შეთანხმების ერთიან ხელშეკრულებად მიჩნევა და აქედან გამომდინარე იმ დასკვნამდე მისვლა, რომ იპოთეკარი (გამსესხებელი) და, მსესხებლის სახელით მინდობილობის საფუძველზე მოქმედი, მსესხებლის წარმომადგენელი შეთანხმდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე და მათ განემარტათ შესაძლო სამართლებრივი შედეგები. საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებით საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს მათ შორის გაფორმებულ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში მკაფიოდ აქვთ შეთანხმებული სესხის ოდენობა, ვალუტის სახე (ლარის კურსთან მიმართება); სესხის ვადამდე დაბრუნების საკითხი, საამისოდ გადასახდელი პროცენტის ოდენობა; პროცენტის გადახდის ათვლის საწყისი; გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გადასახდელი პირგასამტეხლოს სახეები; სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ვადის გადაცილებით მიყენებული შესაძლო ზიანის, პირგასამტეხლოს, სასამართლოს და რეალიზაციის ხარჯების ასანაზღაურებლად მხარეები შეთანხმდნენ მსესხებლის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე, ამ ვალდებულების რეგისტრაციაზე კანონით დადგენილი წესით; აქვე მითითებულია, რომ მესაკუთრე აგრძელებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით სარგებლობას მისი რეალური ღირებულების შენარჩუნებით, ქონების ზიანისა და განადგურების არიდებით და ა.შ. თუმცა, არსად არის ასახული მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით კრედიტორი იტოვებს უფლებას, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და მხარეებს განემარტათ შესაძლო სამართლებრივი შედეგები, რაც იმას ნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის მიზნით ნოტარიუსთან წარდგენილი გარიგება (სანოტარო აქტი) არ შეიცავს ასეთ წერილობით შეთანხმებას. ნოტარიუსი არ იყო უფლებამოსილი სააღსრულებო ფურცელი გაეცა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ სანოტარო აქტი, როგორც დამოუკიდებელი აქტი, და არა კრედიტორსა და მოვალეს შორის ხელმოწერილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შეიცავს ჩანაწერს კრედიტორის მიერ ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვის შესახებ, რადგან დარღვეულია სპეციალური კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა კანონის დარღვევით (სსკ-ის 54-ე მუხლი).
20. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით უარყოფილია საკასაციო საჩივრები, რაც იმას ნიშნავს, რომ უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
21. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ა–ძის და ნოტარიუს ლ.ჭ–ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური