საქმე№ას-815-815-2018 24 აპრილი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ო.ჯ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ქ.კ.ნ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,, ქ.კ.ნ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან გამყიდველი), 2016 წლის 5 დეკემბერს აღძრული სარჩელით, ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოითხოვა მისი, როგორც გამყიდველის სასარგებლოდ, შპს ,,ო.ჯ–ასათვის“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი ან კასატორი), მიწოდებული 41 830 ლარის ღირებულების საქონლის საფასურიდან გადაუხდელი ნაწილის - 6 830 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. გამყიდველმა საწარმომ საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის დადასტურების მიზნით სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო ზედნადებები და ამონაწერი საბუღალტრო პროგრამიდან.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მყიდველმა მის წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა წერილობით წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა და განმარტა, რომ გამყიდველის მიერ საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებით არ დასტურდებოდა მყიდველისათვის 41 830 ლარის საქონლის მიწოდების ფაქტი, ამასთან, ზედნადებები არ არის ხელმოწერილი მხარეთა მიერ, არ არის წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც დაადასტურებდა საქონლის მიწოდებისა და მიღების ფაქტს.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა და მყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ, 6 830 (ექვსი ათას რვაას ოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისრა.
4. მყიდველის სააპელაციო საჩივარი
4.1. მყიდველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4.2. აპელანტის განმარტებით სასაქონლო ზედნადები, როგორც გარიგება, არის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შექმნილი დოკუმენტი. მასში ციფრები და სხვა მახასიათებელი ინფორმაციის შეტანა ხდება ზედნადების გამომწერის მიერ და ამ პროცესზე წვდომა არ გააჩნია ზედნადების მიმღებს. ზედნადების მიმღები უფლებამოსილია, მხოლოდ უარყოს ან მიიღოს ზედნადები. წარმოდგენილი ზედნადებებიდან არ ირკვევა, რომ ისინი დადასტურებული არის. შესაბამისად, აპელანტი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდების ფაქტს.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მყიდველი საწარმოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
5.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს აქვთ.
5.3. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანს წარმოადგენდა მიაწოდა თუ არა გამყიდველმა საწარმომ მყიდველს 6 830 ლარის ღირებულების საქონელი.
5.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმაზე, რომ მოპასუხეს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა საქონელი, ხოლო გადაცემული საქონლის დასტურად სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო ელ-ზედნადებები.
5.5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც, საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში, დადგენილია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები, კერძოდ: სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა (12.06.2012. N6446). ამავე კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შედეგი, კერძოდ პირველი ნაწილით: „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ (28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან). მითითებული საჯარო-სამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელი ნორმების მიზანია ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების ხაზგასმა.
5.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება მყიდველის მიერ საქონლის მიღების თარიღი და დრო, რაც ადასტურებს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
5.7. მხარეებმა შესაძლოა ხელშეკრულებით არ განსაზღვრონ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის წესი და საშუალება, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მყიდველისა და გამყიდველის ქმედებების თანხვედრას, გამყიდველმა გადასცეს, ხოლო მყიდველმა მიიღოს ნივთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს დათქმა: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
5.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა იგი განმარტებულ უნდა იქნეს სსკ-ის 429-ე მუხლით განსაზღვრულ კონტექსტში. დასახელებული ნორმა, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი.
5.9. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან გადაიხადა ნასყიდობის საფასური, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მყიდველს, გამყიდველის სასარგებლოდ, მართებულად დააკისრა გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის - 6 830 ლარის გადახდა.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მყიდველმა საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით.
6.2. კასატორის მტკიცებით, ის არ არის ვალდებული დაადასტუროს, რომ საქონელი მიიღო, რადგან შეუძლებელია იმ ფაქტის დადასტურება, რომელიც არ მომხდარა, საქონლის მყიდველისათვის გადაცემის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკუთვნის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რამაც საქმის საბოლოო შედეგზე იქონია ზეგავლენა.
6.3. კასატორი მსჯელობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996-ე ბრძანებაზე, რომელიც გადასახადების ადმინისტრირებას ეხება და განმარტავს, რომ წინააღმდეგობრივია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ, ერთი მხრივ, სასაქონლო ზედნადების არსებობა ადასტურებს საქონლის მიწოდებას, ხოლო, მეორე მხრივ, უთითებს, რომ ზედნადები შეიძლება ტრანსპორტირების დაწყებისას გამოიწეროს, რაც თავისთავად ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ საქონელი ჯერ კიდევ არ არის მიწოდებული, თუმცა ზედნადები უკვე გამოწერილია. ეს ნიშნავს, რომ გადაზიდვა დაწყებულია, თუმცა, არ ადასტურებს, რომ საქონლის მიწოდება ჯეროვნად შესრულდა. ამგვარი ვარაუდის დაშვების შემთხვევაში მოხდება ისე, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ზედნადებს გამოწერს, გადაზიდვის დაწყებისას, იმთავითვე დაადასტურებს საქონლის მიწოდებას, რაც სამოქალაქო ბრუნვისათვის სახიფათოა. ზედნადები რომ კონკრეტულ მყიდველთან იგზავნება და მის დადასტურებაზე არ მიუწვდება ხელი მესამე პირს, გასაჩივრებულ განჩინებაშივეა მითითებული, თუმცა, დაუსაბუთებელია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ ზედნადები დადასტურებულად. ელ-სასაქონლო ზედნადების გამოწერას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს, ის შეიძლება უარყოს მეორე მხარემ და დაუდასტურებელი სახით მაინც იარსებებს ზედნადები.
6.4. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში არსადაა წარმოდგენილი მყიდველის მიერ გამყიდველი საწარმოსათვის თუნდაც 35 000 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება, რასაც საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე უთითებდა მოპასუხე, თუმცა, სასამართლომ იმგვარად წარმოაჩინა ეს გარემოება, თითქოს მყიდველი საწარმოს წარმომადგენელი არ უარყოფდა ამ თანხის გადარიცხვის ფაქტს და გადარიცხვის საფუძვლის მითითებისაგან იკავებდა თავს. ამ კონტექსტში მოსარჩელეს შეეძლო თვითონ წარედგინა სასამართლოსათვის მოპასუხისაგან გადარიცხული 35 000 ლარის მტკიცებულება, რაც მას არ გაუკეთებია (იხ. ტ.1, შესაგებელი- ს.ფ. 30-38, სააპელაციო საჩივარი- ს.ფ.91-101).
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხე საწარმოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიიღო არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, თუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს და რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს იგი მას.
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა, სსკ-ის 477.2-ე (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლიდან გამომდინარეობს.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის (მყიდველის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ მოსარჩელეს (გამყიდველს) მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტი არ დაუდასტურებია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გაუმართლებლად დააკისრეს მოპასუხეს მტკიცების ტვირთი, დაესტურებინა ნასყიდობის საგნის მიუღებლობის ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ის უარყოფს ფაქტს, მტკიცების ტვირთი ეკისრება არა მას, არამედ - მის მოწინააღმდეგე მხარეს, ვინც ადასტურებს ფაქტს. კასატორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ სასამართლოს გამყიდველის მიერ მისთვის გაგზავნილი ზედნადები დადასტურებულად არ უნდა ჩაეთვალა. მოპასუხე მიუთითებს, რომ მას შეეძლო ზედნადები არ დაედასტურებინა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც იარსებებდა დაუდასტურებელი სახით. კასატორი სადავოდ ხდის 35 000 ლარის გადახდის ფაქტსაც და აცხადებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარი საკვანძო საკითხია შეფასდეს მიწოდებულად ითვლება თუ არა მყიდველისათვის 6 830 ლარის ღირებულების საქონელი, რაზეც გამყიდველმა გასცა ელექტრონული ზედნადები.
14. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ზედნადები ივსება ელექტრონულად, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე. დასახელებულ ნორმათა ანალიზით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს. ამასთან, სასაქონლო ზედნადების სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს მყიდველი (მიმღები) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული არგუმენტით საქმეში არსებული სასაქონლო ზედნადებების მტკიცებულებითი ძალა ვერ ქარწყლდებოდა და ისინი საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებთან და მხარის აღიარებასთან (ზეპირი გარიგების ფარგლებში საქონლის მიწოდებასთან მიმართებით) ერთობლიობაში წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სადავო მიწოდების განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სსკ-ის 429-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით (იხ. სუსგ #ას-794-743-2017, 31.07.2017 წ.).
15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მოსარჩელის მიერ წარდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან მიმართებით, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა ეგზავნება უშუალოდ მყიდველს და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება მესამე პირს. შესაბამისად, თუ საწინააღმდეგოს ჰქონდა ადგილი (როგორც ამას მოპასუხე მიუთითებს), მაშინ ასეთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მისი დადგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შეუძლებელია (იხ. სუსგ# ას-389-373-2016, 28.06.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობა სინალაგმატურ ვალდებულებათა რიცხვს განეკუთვნება, რომლის ფარგლებშიც მხარეები გამოდიან, როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სინალაგმატური (ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობები) ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ #ას-373-347-2017, 27.10.2017 წ.).
17. მოხმობილი ნორმების, სასამართლო პრაქტიკისა და კასატორის პრეტენზიების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა შორის მართებულად გაანაწილეს მტკიცების ტვირთი. სსსკ-ის 102.1-ე მუხლის თანახმად მოსარჩელემ, რომელიც აცხადებდა, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი სრულად მიაწოდა, სასამართლოს წარუდგინა ელ. სასაქონლო ზედნადებები, ე.ი. მან წარადგინა მტკიცებულება, რომ საქონელი მიაწოდა მყიდველს. მყიდველი, რომელიც უარყოფს საქონლის მიღებას და არ ეთანხმება ზედნადებებში ასახულ ინფორმაციას, აცხადებს, რომ ელ. ზედნადების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მყიდველმა საქონელი მიიღო, ასევე, განმარტავს, რომ შესაძლოა მიმღებმა მხარემ ის უარყოს კიდეც. ვინაიდან მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, მტკიცების ტვირთი ისევ მოპასუხეს შეუბრუნდა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ზედნადებებში მითითებული ინფორმაციის მცდარობა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, იგი საკასაციო საჩივარშიც კი არ აცხადებს, არათუ ადასტურებს, რომ ელ. ზედნადები უარყო და არ დაადასტურა. მყიდველმა, როგორც მეწარმე სუბიექტმა, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობებში გარკვეულია, იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას და მიღებისთანავე სადავოდ არ ხდის ელ. ზედნადებში მითითებულ ინფორმაციას, რომელზედაც მესამე პირებს ხელმისაწვდომობა არ აქვთ, მარტოოდენ ზეპირი ახსნა-განმარტებით ვერ დასძლია და გააბათილა მოსარჩელის წერილობითი მტკიცებულება, ნასყიდობის საგნის სრულად მიღების შესახებ.
18. იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველმა ნასყიდობის საგანი სრულად მიიღო, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნასყიდობის საფასურის ნაწილის 6 830 ლარის გადახდა ვერ დაადასტურა, მოპასუხე ვალდებულია, სსკ-ის 477.2-ე მუხლის საფუძველზე, გამყიდველს მოთხოვნილი თანხა აუნაზღაუროს.
19. რაც შეეხება, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდას, რასაც გამყიდველი შიდა აღრიცხვის დოკუმენტით ადასტურებს და მყიდველი სადავოდ ხდის, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როცა 35 000 ლარს მოსარჩელე არ ითხოვს და აცხადებს, რომ მან ეს თანხა მიიღო, ამ მიმართებით უსაგნო და უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზიაზე მსჯელობა, მით უფრო მაშინ, როცა ნასყიდობის საგნის სრულად მიღების ფაქტი მყიდველმა ვერ გააქარწყლა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია იმ სამართლებრივი დასაბუთებით, რაც მითითებულია.
22. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ო.ჯ–ა"-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე