საქმე №ას-1171-2020 2 აპრილი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ბ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "მ.ო.ქ.კ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „მ.ქ.კ–ის“ სარჩელი შ.მ–სა და ს.ბ–ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში, სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით (tbappeal@court.ge), 2020 წლის 22 მარტს, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ო.ს–მა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373.1-ე, 374.2-ე, 63-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.12.2019 წ. განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე. საფოსტო შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ განჩინების ასლი ჩაჰბარდა აპელანტის შვილს (სრულწლოვანი) ფ.ბ–ს 2020 წლის 7 მარტს, მიმღები პირის სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, ჩაბარების თარიღი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათებზე.
7. სსსკ-ის 61-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დროის 24 საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. განცხადება უშუალოდ სასამართლოში შესულია ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დარღვევით, 2020 წლის 22 მარტს.
8. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 8 მარტს და ამოიწურა 2020 წლის 16 მარტს. აპელანტის წარმომადგენელმა კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნა 2020 წლის 22 მარტს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
9. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით მიმართა.
10. გამცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხესა და ადვოკატს შორის საადვოკატო მომსახურების შესახებ შეთანხმება მოიცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მომსახურების გაწევას, სადაც ადვოკატმა მონაწილეობა მიიღო და გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა. ვინაიდან მოპასუხეს ადვოკატთან ხელშეკრულება არ გაუგრძელებია, იგი აღარ იყო უფლებამოსილი საქმე ეწარმოებინა, რის თაობაზეც, როგორც ახსოვს, სააპელაციო სასამართლოს აცნობა კიდეც. ამის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი, თავად აპელანტს გაუგზავნა, გზავნილი აპელანტის შვილს - ფ.ბ–ს, 2020 წლის 7 მარტს, ჩაჰბარდა. აპელანტს თავის შვილთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და მას არ ელაპარაკება. აპელანტის შვილმა დედას განჩინება არ გადასცა და სახლში კომოდზე „დააგდო“, ამასთან ოჯახის არც ერთმა წევრმა ქართული არ იცის. აპელანტმა განჩინება 2020 წლის 23 მარტს აღმოაჩინა, ვერ გაიგო, რას ეხებოდა იგი და დაუკავშირდა ადვოკატს. ადვოკატის განმარტებით, იგი იმ დროს დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, რის გამოც განჩინების ელექტრულად გაგზავნა სთხოვა აპელანტს, თუმცა აპელანტს ამისათვის რამდენიმე დღე დასჭირდა. მარნეულში გამოცხადებული იყო კარანტინი და მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს ემორჩილებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს სრულად იყო აკრძალული ყველა მიმართულებით გადაადგილება, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ადვოკატმა ახლობელს სთხოვა და მეორე დღეს ელექტრონულად გაგზავნა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა საადვოკატო მომსახურების თაობაზე ურთიერთობა ზეპირი შეთანხმებით გააგრძელეს.
11. განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტს არაერთი საპატიო მიზეზი აქვს, რამაც სახელმწიფო ბაჟის დაგვიანებით გადახდა გამოიწვია. მას გაუმართლებლად არ უნდა შეეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უნდა აღუდგეს გაცდენილი საპროცესო ვადა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 65-ე, 66-ე, 67-ე, 68-ე, 215.3-ე მუხლებზე დაყრდნობითა და საქართველოს პრეზიდენტის 21.03.2020წ. #1 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ დეკრეტზე მითითებით მიიჩნია, რომ აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა, რათა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში აღმოეფხვრა ხარვეზი, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის სრულწლოვან შვილს 2020 წლის 7 მარტს ჩაჰბარდა. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2020 წლის 27 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით, ხოლო ადვოკატის თხოვნის შესაბამისად, ვინაიდან იგი ვერ უკავშირდებოდა მარწმუნებელს, მოგვიანებით განჩინება გაეგზავნა აპელანტს მისსავე სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულიდან დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელი და შემდგომ უკვე აპელანტი ინფორმირებული იყვნენ დადგენილი ხარვეზის შესახებ და ჰქონდათ გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ სხვა გარემოებებს, (სახელმწიფო ენის არცოდნა, შვილთან კონფლიქტი და სხვა), საპატიო მიზეზად მიჩნევის შემთხვევაშიც, აღნიშნულის დასამტკიცებლად საქმეში რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ვერ გახდება საკმარისი მტკიცებულება გაშვებული ვადის აღსადგენად.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და განცხადებაში მითითებული საფუძვლებით (იხ. ამ განჩინების 10-11 პუნქტები) მისი გაუქმება მოითხოვა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე აპელანტის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას, მოცემულს ამ განჩინების მე-13 პუნქტში და დამატებით აღნიშნავს, რომ:
17.1. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
17.2. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ასლი 2020 წლის 7 მარტს ჩაჰბარდა აპელანტის სრულწლოვან შვილს - ფ.ბ–ს. ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე, 2020 წლის 22 მარტს, აპელანტის წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი წარადგინა.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ #ას-1397-2019, 21.11.19 წ.).
19. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 215.3-ე მუხლზე დაყრდნობით შეაფასებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს: 1) აპელანტი ცხოვრობდა იმ რეგიონში, სადაც სასამართლოს განჩინების ჩაბარების დროისათვის მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, პანდემიის გავრცელების გამო იქ მაცხოვრებლებს სახლიდან გამოსვლა აკრძალული ჰქონდათ; 2) აპელანტს პირადად არ ჩაჰბარებია გზავნილი, ხოლო შვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რომელმაც დედას გზავნილის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა; 3) აპელანტმა არ იცის ქართული წერა-კითხვა და ვერ გაიგო განჩინების შინაარსი.
19.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტის შვილს 2020 წლის 7 მარტს ჩაჰბარდა, ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 8 მარტს დაიწყო და 2020 წლის 16 მარტს (ორშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 60-61 მუხლები). ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 22 მარტს იქნა წარდგენილი ელექტრონული ფოსტით. იმის გამო, რომ განცხადება წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (სსსკ-ის 63-ე მუხლი);
19.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 23 მარტს დადგენილება მიიღო. ხსენებული დადგენილებით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადთ აიკრძალა ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე. მოხმობილი სამართლებრივი აქტის მიხედვით ნათელია, რომ მარნეულში შეზღუდვა 2020 წლის 23 მარტიან დაწესდა, აპელანტს კი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2020 წლის 16 მარტის ჩათვლით უნდა გამოესწორებინა. ამ საფუძვლით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების გამო საპროცესო ვადის გაშვების საპატიოობასთან დაკავშირებით;
19.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და საპატიოდ არ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ გზავნილი აპელანტს პირადად არ ჩაჰბარებია, შვილთან კი დაძაბული ურთიერთობა აქვს. სსსკ-ის 74.1-ე მუხლის თანახმად აპელანტის სრულწლოვანი შვილისათვის გზავნილის ჩაბარება აპელანტისათვის გზავნილის ჩაბარებად მიიჩნევა, რასაც გზავნილის მიმღები თავისი ხელმოწერით ადასტურებს. იგი ვალდებულია გზავნილი ადრესატს გადასცეს. ის გარემოება, რომ აპელანტს შვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რის გამოც შვილმა დედას გზავნილი დაუმალა არ ექცევა სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა ობიექტური გარემოების ფარგლებში, რადგან ერთ მისამართზე მცხოვრები ოჯახის წევრების ურთიერთობის ხასიათი გავლენას ვერ მოახდენს გზავნილის მიმღები პირის ვალდებულებაზე, გზავნილი ადრესატს გადასცეს. უფრო მეტიც, სსსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად უწყების მიმღები, მათ შორის ადრესატის ოჯახის წევრი, თუ უარს განაცხადებს უწყების მიღებაზე, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. საკანონმდებლო მოწესრიგება ცალსახად ადგენს, რომ მთავარია, ცხადი იყოს უწყების მიმღების ქმედუნარიანობა და ფაქტი, რომ ის ადრესატთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრია;
19.4. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ აპელანტმა ქართულად წერა-კითხვა არ იცის, რის გამოც განჩინების შინაარსი ვერ გაიგო, მაშინ როცა განჩინება აღმოაჩინა, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას მოიხმობს - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას − სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს (იხ. სუსგ-ები: №ას-682-648-2013, 10 მარტი, 2015 წელი; №ას-102-97-2013, 7 მაისი, 2013 წელი; №ას-933-898-2016, 5 იანვარი, 2017 წელი; №ას-522-522-2018, 29 ივნისი, 2018 წელი). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს სასამართლოს მიერ დავალებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ #ას-1959-2018, 19.04.2019 წ., #ას-112-2019, 03.05.2019 წ.).
19.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ბ–ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე